განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001477561
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№57აპ-18 ქ. თბილისი
ე------ი ა---, 57აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძისა და მსჯავრდებულ ა--- ე------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბ------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენით ა--- ე------ი, – დაბადებული 1970 წლის 20 მარტს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ა--- ე------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გამართლებულს განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
2. აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ა--- ე------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი); ა--- ე------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი) და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან.
მასვე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
გასაჩივრებული განაჩენი ა--- ე------ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ეპიზოდი) უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა--- ე------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0.384 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი,“ რომლის ნაწილი - 0.048 გრამი პოლიციის მუშაკებმა პირადი ჩხრეკის შედეგად 2016 წლის 10 აგვისტოს ბ------ში, შ------ ხ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე დისკოკლუბ „ა-------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ამოიღეს. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ დარჩენილი ნაწილი - 0.336 გრამი, იმავე დღეს ბ------ში, კ-----–--ის ქუჩის N3--ში მდებარე ა--- ე------ის დროებით საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს ამოიღეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას. კასატორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ სამოტივაციო ნაწილში გვერდი აუარა მოწმე ვ---- ხ------------ის ჩვენებას; პირადი ჩხრეკა არათუ თარჯიმნის გარეშე, არამედ საერთოდ არ ჩატარებულა; დაუდგენელია, თუ ვის ეკუთვნოდა კ-----–--ის ქუჩაზე არსებული ბინიდან ამოღებული ნარკოტიკები; დაცვის მხარის მოთხოვნით 2016 წლის 10 აგვისტოს ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, მისი ყალბი მონაცემების გამო, დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა--- ე------ის სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გამტყუნებასა (პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ეპიზოდები) და მის მიმართ მკაცრი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა. ე------ის მიერ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანაშაულის ჩადენის ფაქტს; 2016 წლის 10 აგვისტოს ხ------- თ------ის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გამომძიებლებმა 6 ბლესტერი სამედიცინო პრეპარატი ამოიღეს; ჩხრეკის ჩამტარებელმა პირებმა დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ჩატარების ფაქტი; ხ------- თ------ი გამოძიების დროს დაკითხვის ეტაპზე ადასტურებდა ჩხრეკის ოქმში მითითებულ გარემოებებს; ა. ე------მა განმარტა, რომ მან ორჯერ დაურეკა ვ. ხ------------ს და სთხოვა ეთქვა, რომ იგი დაკავებასა და ჩხრეკაში არ მონაწილეობდა და ხ------- თ------ის ბინაში გვიან მივიდა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №262აპ-17, №550აპ-15 გადაწყვეტილებები), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი და მხარეებმა ვერ მიუთითეს იმ გარემოებებზე, რომლებიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა.
10. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა--- ე------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირების შესახებ (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი). აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში (მათ შორის: ვ. ბურკენაძის, ი. არველაძისა და ი. ბერიძის ჩვენებები), გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ა--- ე------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაცვის მხარეს თარჯიმან ვ---- ხ------------ის ჩვენების შეფასების ნაწილში არგუმენტირებული პასუხი გასცა, რასაც საკასაციო პალატა იზიარებს (პირადი ჩხრეკის ეპიზოდი).
11. რაც შეეხება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ა--- ე------ის გამართლებას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და აღნიშნავს, რომ ჩხრეკის ჩატარებამდე ა--- ე------ის ბინაში ცხოვრების ფაქტი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება, კერძოდ, ხ------- თ------მა მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ ა--- ე------ს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებამდე სამი თვით ადრე აღნიშნულ ბინაში არ უცხოვრია.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის მოთხოვნა ა--- ე------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის დაუშვებლად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მიიღოს გადაწყვეტილება.
13. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის უფროსი პროკურორის - რამაზ შავაძისა და მსჯავრდებულ ა--- ე------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე