განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053905
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№86აპ-18 ქ. თბილისი
ვ--–---- მ-----, 86აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ----- ვ--–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- მ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით მ----- ვ--–----, – დაბადებული 1--- წლის 8-----სს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე სსკ-ის 4--ე მუხლის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა საქმიანობის - ავტომობილის მართვის უფლება. მსჯავრდებული მ----- ვ--–---- სასამართლო სხდომის დარბაზში დააკავეს და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 სექტემბრიდან. გაუქმდა მსჯავრდებულ მ----- ვ--–----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2016 წლის 6 სექტემბერს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–----–-----–------ის საავტომობილო გზის 4--ე კმ-ზე, წ-----–-------დან რ-------ის მიმართულებით „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - V------, მ----- ვ--–---- მთვრალი მოძრაობდა. მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო სავალ ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ვაზ-2017-ის“ მარკის ავტომობილს (აზერბაიჯანის სახელმწიფო ნომრით: 1------), რომელსაც მართავდა ი-–---- ვ--–----. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლმა ი-–---- ვ--–---მა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო მისი მგზავრი - ს----- ე------- ადგილზე გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას. კასატორის მითითებით, მ. ვ--–---- გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; მან უდავოდ გახადა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები; მ. ვ--–---ს არ გააჩნია სასჯელის არცერთი დამამძიმებელი გარემოება; მის მიერ ჩადენილი ქმედება გაუფრთხილებელია; არის 59 წლის, ჰყავს, მეუღლე და ოთხი შვილი; მსჯავრდებულმა დაზარალებულს შესთავაზა 3000 აშშ დოლარის გადახდა, მაგრამ დაზარალებულმა კატეგორიულად 5000 აშშ დოლარი მოითხოვა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის მითითებას დანიშნული სასჯელის მთლიანად პირობითად ჩათვლის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ისე მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა როგორც მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების, დანაშაულის გულწრფელი მონანიებისა და ნასამართლობის არქონის ფაქტი, ისე დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი, კერძოდ, რომ ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო მეორემ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ----- ვ--–----ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- მ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე