დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055833
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №141აპ-18 ქ. თბილისი
შ-------- გ-------, 141აპ-18 25 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- შ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- ც--–---ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენით გ------- შ--------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 9 ოქტომბრიდან.
განაჩენით გ------- შ--------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 9 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათსა და 30 წუთზე, ნასვამმა გ------- შ--------მ ქალაქ გ----–-, მ–--------ს გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული დანით ვ----– თ----–--–---–ს მიაყენა სამი ჭრილობა, რის შედეგადაც ვ----– თ----–--–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა გ. შ--------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა გ. შ--------ს ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლზე.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომ გ------- შ--------ს არ ჩაუდენია განზრახ მკვლელობის მცდელობა და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით) და მიიჩნია, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება და არც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ გ------- შ--------ს ქმედება იყო თავდაცვითი ხასიათის და მისი განზრახვა - თავდამსხმელისათვის ხელზე მიეყენებინა დაზიანება - იყო აბსოლუტურად ადეკვატური მოსალოდნელ საფრთხესთან მიმართებით, რა დროსაც აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა. სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილია, რომ ფიზიკურ ძალადობას იყენებდნენ როგორც დაზარალებული, აგრეთვე - გ------- შ--------ც და ჩხუბის დამთავრებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ გ------- შ--------მ სრულიად გაცნობიერებულად იმოქმედა: მან თავდაპირველად მომხდარი ჩხუბის შემდეგ სახლიდან გამოიტანა და წინასწარ მოიმარჯვა დანა, რითაც ვ----– თ----–--–---–ს სხეულზე მიაყენა დაზიანებები, მათ შორის - სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სააპელაციო პალატამ ამ მიმართებით ყურადღება გაამახვილა ზ---- ყ-------–---–-ს ჩვენებაზე, რომელიც აღნიშნავს, რომ პირველი ჩხუბის დროს მან გააშველა მოჩხუბრები და გ------- შ-------- წაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ნახავდა ვ----– თ----–--–---–ს, კერძოდ კი უთხრა - ,,როგორ დამარტყა ხელი, უნდა ვნახოო“. ასევე აღსანიშნავია მოწმე მ------ გ-----–----ს ჩვენება, სადაც ის მიუთითებს, რომ მოჩხუბრები - გ------- შ-------- და ვ----– თ----–--–---–ი გააშველა ზ---- ყ-------–---–მა და მან ჯერ წაიყვანა გ------- შ--------, შემდეგ კი ვ----– თ----–--–---–ი შეიყვანა ოფისის შენობაში, სადაც იგი (მ------ გ-----–----) იმყოფებოდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ ვ----– თ----–--–---–მა წამოიძახა: „მოდის ისევო”, გავიდა შენობიდან და ქუჩის მოპირდაპირე მხარეს დაეჭიდა გ------- შ--------ს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს გ------- შ--------ს მიზანმიმართულ მოქმედებაზე, რომელიც სიტუაციის განმუხტვის შემდეგ, ისევ დაბრუნდა პირველი შემთხვევის ადგილზე. შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ასევე მოწმე ნ-----–---- ა---–---ს ჩვენების ის ნაწილი, სადაც ის მიუთითებს, რომ პირველი ინციდენტის შემდეგ, დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ, დაბრუნდა ოფისთან და დაინახა, რომ გ------- შ-------- და ვ----– თ----–--–---–ი ერთმანეთს ეჩხუბობოდნენ და მან მოახერხა მათი გაშველება, რაც აგრეთვე გამორიცხავს გ------- შ--------ს მოქმედებას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რა დროსაც მან აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადააცილა. აღნიშნულზე მეტყველებს ასევე, დაზარალებულისათვის მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ჭრილობები მიყენებულია მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით და, ერთად აღებული, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. კერძოდ, გულმკერდის მარცხენა ნახევარში არსებული ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო მუცლისა და მენჯის მიდამოებში მიყენებული ჭრილობები, ცალ-ცალკე და ერთად აღებულიც, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------- შ--------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ------- ც--–---მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ. შ--------ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლზე და მისთვის მინიმალური სასჯელის დანიშვნას სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისათვის იხ. №986აპ-10, №293აპ-14), ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეების - ტ------– ო---–---–-ს, ლ---- ბ----------ს, გ--–- ყ---–---ს, კ------------- ქ------–---ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის 2016 წლის 12 აგვისტოს №--------- დასკვნით, ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 10 თებერვლის №--------- დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2016 წლის 19 აგვისტოს №--------- დასკვნითა და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გ------- შ--------მ ჩაიდინა ვ----– თ----–--–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა გ------- შ--------ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის მე-19,108-ე მუხლით დადგენილი სიცოცხლის განზრახ მოსპობის ელემენტების არსებობა, კერძოდ: მის მიერ მიყენებული დაზიანებების რაოდენობა და ლოკალიზაცია, დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, დამნაშავის ქცევა ქმედების ჩადენამდე და ჩადენის შემდეგ, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, საქმეზე მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად, მიუთითებენ სწორედ მსჯავრდებულის განზრახვაზე - მოეკლა ვ----– თ----–--–---–ი.
10. უსაფუძვლოა საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მსჯავრდებულის განზრახვა - მოეკლა დაზარალებული და ის მოქმედებდა ვ----– თ----–--–---–ის სხეულის დაზიანების განზრახვით; აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- შ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ------- ც--–---ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი