დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010141318700055296
თარიღი
26.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700055296

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №132აპ-18 ქ. თბილისი

ხ------–---–- ა-------, 132აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა------- ხ------–---–ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის პირველ იანვარს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქალაქ გ----–-, ს----–---–-ს ქ.№--–- არსებულ სარიტუალო დარბაზ „თ---–--------“ უკან მდებარე ტერიტორიაზე, ა------- ხ------–---–მა შურისძიების მოტივით, მის ხელთ არსებული დანის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დ---- მ--–--------ს სხეულზე მიაყენა ექვსი ჭრილობა, მათ შორის ერთი - შემავალი გულმკერდის არეში, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ა------- ხ------–---–მა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან იგი გააშველეს ადგილზე მყოფმა პირებმა, ხოლო დ---- მ--–--------ი გადაიყვანეს ქალაქ გორის საავადმყოფოში, სადაც სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად მას შეუნარჩუნდა სიცოცხლე.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენით ა------- ხ------–---–-, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ა------- ხ------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ამ მუხლის სანქციის ფარგლებში მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განაჩენი გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას, ა------- ხ------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით და ამ მუხლის სანქციის ფარგლებში მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, სისხლის სამართლის საქმე და მიაჩნია, რომ იგი არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. ა------- ხ------–---–-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების დაუშვებლობასთან მიმართებით არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ.№14აპ-15). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

9. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლომ რეალურად დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ბრალდების მხარის უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ ყოველი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით (მაშასადამე, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ დავით ხ------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია.

10. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი