დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 20.07.2018
საქმის ნომერი
010141318700056178
თარიღი
20.07.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700056178

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №163აპ-18 ქ. თბილისი

ქ-----–---–- ი----, 163აპ-18 23 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენით ი---- ქ-----–---–-, - დაბადებული 1--- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლითა და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ი---- ქ-----–---–- დააკავეს სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 4 მაისიდან.

 

ი---- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 24 იანვრიდან 2016 წლის 28 იანვრის ჩათვლით.

 

2. აღნიშნული განაჩენით ი---- ქ-----–---–ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 01:10 საათზე, ი---- ქ-----–---–მა სცადა ძალაყინის გამოყენებით, უკანონოდ შეეღწია ქალაქ დ--------–--–------–-, ჰ-------ს ქუჩა #---–- მდებარე კაფე „კაპუჩინოში“ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ი----- მ------–---–-ს კუთვნილ ნივთებს, რა დროსაც იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი---- ქ-----–---–-ს ადვოკატმა თ----- გუ---–---–მა, რომელმაც ითხოვა: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით - იმ შემთხვევაში, თუ პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევდა ი---- ქ-----–---–-ს უდანაშაულობის ფაქტს, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახედ შინაპატიმრობის გამოყენება.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის ალტერნატიული მოთხოვნა დაკმაყოფილდა. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განაჩენის სასჯელის ნაწილში ი---- ქ-----–---–-ს მიმართ შევიდა შემდეგი ცვლილება:

 

ი---- ქ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით შინაპატიმრობა.

 

ი---- ქ-----–---–- პატიმრობიდან გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ი---- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 24 იანვრიდან 2016 წლის 28 იანვრის და 2017 წლის 4 მაისიდან 2018 წლის 15 იანვრამდე პერიოდების ჩათვლით.

 

ცნობად იქნა მიღებული, რომ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მსჯავრდებულ ი---- ქ-----–---–ს მოხდილი აქვს შინაპატიმრობის 522 დღე, ესე იგი, 1 წელი, 5 თვე და 7 დღე.

 

მსჯავრდებულს განემარტა, რომ თუ იგი განზრახ თავს აარიდებს შინაპატიმრობას, ეს სასჯელი შეეცვლება თავისუფლების აღკვეთით – განაჩენით დანიშნული შინაპატიმრობის ვადით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებული იხდიდა ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შინაპატიმრობის ერთი დღე – თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.

 

შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულს აეკრძალა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

 

განაჩენის აღსრულება სასჯელის ნაწილში დაევალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

 

გაუქმდა ი---- ქ-----–---–-ს მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 26 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი გირაოს თანხა - 1 000 (ათასი) ლარი განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდა გირაოს შემტან პირს - ი----- ქ-----–---–ს (პირადი №-----------).

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით აღმოიფხვრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

 

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში მიეთითა, რომ „მსჯავრდებულ ი---- ქ-----–---–ს საქართველოს სსკ-ის 471-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავის საცხოვრებელ ადგილას ყოფნის ვალდებულება ეკისრება საღამოს 22:00 საათიდან - დილის 07:00 საათამდე პერიოდში“.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განაჩენი 2018 წლის 5 თებერვალს გაასაჩივრა სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ჯანყარაშვილმა, ხოლო იმავე წლის 21 თებერვალს პროკურორმა წარმოადგინა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი. კასატორი საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას და ი---- ქ-----–---–-სათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმებას.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას უსამართლო სასჯელის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის მცდელობა, რასაც არ გამოუწვევია მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, აგრეთვე მას საპატიმროში უკვე მოხდილი ჰქონდა 8 თვე და 15 დღე, წარსულში არ არის ნასამართლევი, ი---- ქ-----–---–-ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არის მიზანშეწონილი მისი დამძიმება.

 

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ გოჩა ჯანყარაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

გ. შავლიაშვილი