დაუშვებლობის შესახებ განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056099
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №155აპ-18 ქ. თბილისი
მ----–--- გ-------, 155აპ-18 1 აგვისტო, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორების - ჯარჯი წიკლაურის, ვლადიმერ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის, მსჯავრდებულ გ------- მ----–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-----– რ---–---–-ს, მ-- ზ-----ს, გ------- ფ--–---–---ს, პ----- მ-----–---–-ს, ს---–--- კ--------სა და თ----- ა---–----ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- მ----–---ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის მომზადებაში ანგარებით; ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის ნოემბრიდან გ------- მ----–--- მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მუშაობისას უარყოფითი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შ------- თ--------–---–თან და, მისი წარმოდგენით, ამ უკანასკნელთან ასოცირებულ პირებთან. 2016 წლის 4 იანვარს გ------- მ----–--- გაათავისუფლეს საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შ------- თ--------–---–-ს ინტერესებს დაუკავშირა, თუმცა იმავდროულად დაინიშნა ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილისა და შპს ,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.
მიუხედავად საქართველოს საპატრიარქოს სამსახურში დაკავებული მაღალი, ხელმძღვანელობითი თანამდებობისა, გ------- მ----–---ს მიაჩნდა, რომ აღნიშნული სამსახურებრივი პოზიციები მის პიროვნულ თვისებებთან შეუსაბამოდ დაბალი იყო. გ------- მ----–--- კარიერულ წინსვლად განიხილავდა უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოში მაღალი თანამდებობის დაკავებას, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემდა, საპატრიარქოს სტრუქტურაში არსებულ სამოქალაქო თანამდებობაზე დაენიშნა მასთან დაკავშირებული პირები და საკუთარი ზეგავლენა გაეზარდა. ამასთან, გ------- მ----–--- კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა შ------- თ--------–---–ს და მიაჩნდა, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა შეუსაბამოდ მაღალი გავლენა, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა გ------- მ----–---ს გათავისუფლებას შპს ,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, გ------- მ----–---მ ანგარებით, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, განიზრახა შ------- თ--------–---–-ს მკვლელობა.
2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შ------- თ--------–---–სა და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გ------- მ----–---მ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეინიღბებოდა მისი განზრახვა, იმავდროულად მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა. გ------- მ----–---მ უმოკლეს ვადაში შეიძინა შ------- თ--------–---–-ს მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.
2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გ------- მ----–--- დააკავეს, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“.
გარდა ამისა, გ------- მ----–---მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,WALTHER-PP” მსგავსად კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - 9x18 მმ კალიბრიან უნომრო პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას - ხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილ 9 მმ კალიბრიან 6 ცალ ვაზნას, რაც 2017 წლის 10 თებერვალს თ---–--–-, ბ-------ს ქ. N--–- მდებარე გ------- მ----–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენით:
გ------- მ----–---ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 18,108-ე მუხლზე.
გ------- მ----–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. მ----–---ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 10 თებერვლიდან.
განაჩენით გ------- მ----–---ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის ნოემბრიდან გ------- მ----–--- მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსად. მუშაობისას მას უარყოფითი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შ------- თ--------–---–თან და, მისი წარმოდგენით, ამ უკანასკნელთან ასოცირებულ პირებთან. 2016 წლის 4 იანვარს გ------- მ----–--- გაათავისუფლეს საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, რაც მან შ------- თ--------–---–-ს ინტერესებს დაუკავშირა, თუმცა იმავდროულად დაინიშნა ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილისა და შპს ,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. გ------- მ----–---ს მიაჩნდა, რომ შ------- თ--------–---–ს ჰქონდა შეუსაბამოდ მაღალი ზეგავლენა, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა მის გათავისუფლებას შპს ,,საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდანაც. აღნიშნული ფაქტების გამო განაწყენებულმა გ------- მ----–---მ შურისძიების მოტივით, ძლიერმოქმედი მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით, განიზრახა შ------- თ--------–---–-ს მკვლელობა.
2017 წლის 2 თებერვალს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შ------- თ--------–---–სა და სხვა პირებთან ერთად სამკურნალოდ გაემგზავრა გერმანიაში. გ------- მ----–---მ აღნიშნული ფაქტი მიიჩნია ხელსაყრელ ვითარებად, ვინაიდან, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეინიღბებოდა მისი განზრახვა, იმავდროულად, მომწამლავი ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული სიკვდილის მიზეზისა და დანაშაულის ჩამდენი პირის დადგენა საგრძნობლად გართულდებოდა. გ------- მ----–---მ უმოკლეს ვადაში შეიძინა შ------- თ--------–---–-ს მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი 0,8740 გრამი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდის“ შემცველი ფხვნილი.
2017 წლის 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გ------- მ----–--- დააკავეს, ხოლო მისი ბარგის დათვალიერებისას ამოიღეს ფარულად შენახული, მკვლელობის ჩასადენად განკუთვნილი მომწამლავი ნივთიერება ,,ნატრიუმის ციანიდი“.
გარდა ამისა, გ------- მ----–---მ გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ,,WALTHER-PP” მსგავსად კუსტარული წესით დამზადებულ ცეცხლსასროლ იარაღს - 9x18 მმ კალიბრიან უნომრო პისტოლეტსა და საბრძოლო მასალას - ხსენებული პისტოლეტისთვის განკუთვნილ 9 მმ კალიბრიან 6 ცალ ვაზნას, რაც 2017 წლის 10 თებერვალს თ---–--–-, ბ-------ს ქ. N--–- მდებარე გ------- მ----–---ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.
3. აპელანტების მოთხოვნები:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
ü ბრალდების მხარე ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ------- მ----–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, შემდეგი საფუძვლებით:
- გ------- მ----–---ს შ------- თ--------–---–-ს მიმართ გააჩნდა მტრული დამოკიდებულება და განსაკუთრებული სიძულვილი, თუმცა ამოძრავებდა არა მხოლოდ შურისძიების მოტივი, არამედ - ანგარება.
- გ------- მ----–--- კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შ------- თ--------–---–ს და მიაჩნდა, რომ მას ჰქონდა შეუსაბამოდ მაღალი ზეგავლენა, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა მის გათავისუფლებას შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
- გ------- მ----–--- შ------- თ--------–---–ს განიხილავდა არსებული მატერიალური მდგომარეობის შენარჩუნების, ასევე არსებითად გაუმჯობესების ერთადერთ საშუალებად, ასევე მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებად. გ------- მ----–---ს ჰქონდა უფრო მეტი ამბიცია საპატრიარქოში თავის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რაც დასტურდება ფარული საგამოძიებო მოქმედებებით.
ü დაცვის მხარე ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში გ. მ----–---ს გამართლებას, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლას, შემდეგი საფუძვლებით:
- განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. განაჩენი არ ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------- მ----–---ს ბრალეულობას მკვლელობის მომზადების ნაწილში.
- ციანიდით დაინტერესების ფაქტი სადავოდ არ გახადა დაცვის მხარემაც, რადგან აღნიშნული ნივთიერების შეძენა გ------- მ----–---ს სთხოვა სწორედ შ------- თ--------–---–მა. აქედან გამომდინარეობდა მსჯავრდებულის ინტერესიც და ინტერნეტის საშუალებით ცდილობდა დაედგინა, თუ რაში გამოიყენებოდა ეს ნივთიერება. ინტერნეტში კი არის ინფორმაცია როგორც მრეწველობაში გამოყენებასთან, ისე მის მომწამვლელ თვისებებთან დაკავშირებით.
- ბუნებრივია, გ------- მ----–---ს აინტერესებდა, რომ ნივთიერება არ ყოფილიყო ფალსიფიცირებული ან ვადაგასული და იმ საქმისთვის ყოფილიყო ვარგისი, რისთვისაც სთხოვა შ------- თ--------–---–მა (ოქროს დამუშავება).
- სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შ------- თ--------–---–სა და გ------- მ----–---ს შორის არსებულ მტრულ დამოკიდებულებაზე, რაც არ წარმოადგენდა ჭეშმარიტებას, რადგან ს----- ო----–---–-ს ჩვენებით, შ-------ს და გ------- მ----–---ს ისეთი კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ დასცინოდა კიდეც გ------- მ----–---ს. სწორედ ამიტომაც ვერ უთხრა უარი ციანიდის შოვნაში დახმარებაზე.
- მოსამართლის ფანტაზიის ნაყოფია, რომ თითქოს, გ------- მ----–--- შ------- თ--------–---–ს განიხილავდა დიდი გავლენის მქონე პირად და მას უკავშირებდა მის თანამდებობრივ დაქვეითებას.
- გ------- მ----–--- თანხას ეძებდა გერმანიაში პატრიარქის თანმხლები პირების უზრუნველსაყოფად, რაც დასტურდება როგორც ს----- ე-–--------–---–-ს ჩვენებით, ისე ი-----–- მ----–---ს ჩვენებითა და ფარული ჩანაწერების ამსახველი მასალებით.
- გ------- მ----–---ს ციანიდი არ ჰქონია, ის ჩაუდეს. სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით უნდა დაედასტურებინა, რომ ციანიდის ამოღება ვერ უძლებს მტკიცებულებათა უტყუარობის საკმარის სტანდარტს. 2017 წლის 2 თებერვლიდან გ------- მ----–---ს მიმართ ოფიციალურად ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა გ------- მ----–---ს გერმანიაში გამგზავრების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო დადგენილი, შეიძინა თუ არა მან ციანიდი, გადაწყდა მისი აეროპორტში დაკავება. გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან არ არსებობდა მოსამართლის განჩინება პირის დაკავების თაობაზე. გ------- მ----–---ს ბარგის ამოღება მოხდა მისი დასწრების გარეშე, ხოლო დათვალიერება განხორციელდა რამდენიმე საათის შემდეგ, დაუსაბუთებელი საფუძვლით. ამოღებულ ნივთიერებაზე არ ჩატარებულა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზები.
- დაცვის მხარე უთითებს, რომ სიტყვები „შობელძაღლი“, „დასაბრედია“, „მარილზეა გასაშვები“ და ა.შ., გამოყენებულია ჩვეულებრივ სალანძღავ და პრივატულ სალაპარაკო სიტყვებად და არ შეიძლება აღნიშნულით უტყუარად ყოფილიყო დადგენილი შ------- თ--------–---–-ს მკვლელობის სურვილი.
- დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე შ------- თ--------–---–მა კატეგორიულად განაცხადა, რომ ტკბილს მიირთმევს, შესაბამისად, უსუსურია სასამართლოს მცდელობა, გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინოს აღნიშნულზე აპელირებით. მითუფრო, აშკარად ჩანს, რომ გ------- მ----–---ს პასუხების მიზანი იყო მომაბეზრებელი ინტერესის გამო ი-----–- მ----–---ს როგორმე მოშორება.
- სასამართლოს საქმე უნდა განეხილა, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე ემსჯელა და ქმედება სამართლებრივად შეეფასებინა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში.
- სასამართლოს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა შეეფასებინა ქმედების შემადგენლობის ყველა ელემენტი. უტყუარად უნდა დაედგინა, რომ მომზადება იყო დასრულებული და ყველა პირობა იყო შექმნილი დანაშაულის მცდელობის დასაწყებად. ასევე, უტყუარად უნდა დადგენილიყო ამ დანაშაულის ჩამდენი სუბიექტი, რაც სასამართლოს არ შეუსრულებია.
- სასამართლოს რომც დაედასტურებინა ციანიდის ამოღების ფაქტი, გ------- მ----–---ზე, როგორც თანამონაწილეზე, ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან სხვა ამსრულებელი საქმეში არ ფიგურირებდა და თუნდაც დახმარების არსებობის შემთხვევაში, დამხმარეს ვერ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამსრულებლის დაუდგენლობის პირობებში.
- ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა მისთვის სასურველი ნაწილის გამოქვეყნებით გავლენა იქონია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, რომლის წევრია ასევე სასამართლოც. დაცვის მხარის ნებისმიერი ქმედება მტკიცებულებათა მოპოვების, მოწმეთა დაკითხვის მიზნით მოითხოვდა მტკიცებულებათა გამჟღავნებას, რაც პოტენციურად ეზღუდებოდა დაცვის მხარეს, ამდენად, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი დაირღვა ჯერ კიდევ გამოძიების მიმდინარეობის დროს (ვრცლად იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
ვის უნდოდა ციანიდი
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, გამორიცხა ის ფაქტი, რომ შ------- თ--------–---–მა თავდაპირველად გველის შხამი, ხოლო შემდეგ ციანიდის შოვნა გ------- მ----–---ს დაავალა ან სთხოვა, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გ------- მ----–---სა და შ------- თ--------–---–-ს ურთიერთობაზე და არ გაიზიარა გ------- მ----–---ს განმარტება და მოწმე ი----- ო----–---–-ს პოზიცია, რომ მათ თითქოსდა, ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება.
მოწმეთა ჩვენებების გარდა, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ ვიდეოჩანაწერებზეც, რომლებიც საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებებად, საიდანაც ჩანს გ------- მ----–---ს არაჯანსაღი დამოკიდებულება შ------- თ--------–---–-ს მიმართ, რაც გამორიცხავს მათ შორის ნორმალური ურთიერთობის არსებობას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ვიდეოჩანაწერის რამდენიმე ამონარიდზე, კერძოდ: გ------- მ----–--- ი-----–- მ----–---სთან საუბარში ამბობს: „იბრძვიან ისევ ამ კლინიკაზე და არიან“, ხოლო კითხვაზე: „ვინ იბრძვის, ვინ ჯანდაბა?“, პასუხობს: „შ-------“. ი-----–- მ----–---ს განმარტებაზე: „ეს შ------- მაინც ჩაძვრა იქა“, გ------- მ----–--- პასუხობს: „არა, შ------- მაინც ჩაძვრებოდა. ვაიმე, რა დასაბრედია მაგ შობელძაღლი“. ასევე, დედა თ-----თან დაკავშირებით ამბობს, რომ „მაგან იცის შ-------ზე და თ---------ზე ბევრი ინფორმაცია“. „მე წავალ ან შ-------ს ადგილზე, ან მამა დ------ს ადგილზე, უფრო მამა დ------ს ადგილზე“. ი-----–- მ----–---ს კითხვაზე: „შ-------ს სად უშვებთ?“, გ------- მ----–--- პასუხობს: „შ-------ს მარილზე“... აღნიშნულ ამონარიდებთან დაკავშირებით, დაცვის მხარის არგუმენტი, რომ საუბრის სრულ შინაარსს არ შეიცავს, ზოგ შემთხვევაში გ------- მ----–---მ ი-----–- მ----–---ს პასუხი გასცა მისი თავიდან მოშორების მიზნით და ა.შ., არ იქნა გაზიარებული და გ------- მ----–---სა და შ------- თ--------–---–ს შორის ისეთი მეგობრული ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, გ------- მ----–--- ასრულებდა შ------- თ--------–---–-ს თხოვნას და ამ თხოვნის შესრულების ფარგლებში არ მოერიდა კალიუმის ციანიდის ნატრიუმის ციანიდით შეცვლას, ფასის სხვაობის მიუხედავად საკუთარი ხარჯით თანხის დაფარვას და ა.შ..
სააპელაციო პალატისთვის ასევე გაურკვეველია, თუ ციანიდის მოძიება გ------- მ----–---ს შ------- თ--------–---–-სთვის გადაწყვეტილი ჰქონდა წმინდა მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, ოქრომჭედლობაში გამოსაყენებლად, რატომ ატარებდა ეს ყველაფერი კონსპირაციულ ხასიათს. აღნიშნული დადასტურდა არა მხოლოდ მოწმე ი-----–- მ----–---ს ჩვენებით, რომელმაც მიუთითა საუბრისას ტელეფონების მოშორებაზე, არამედ საქმეში წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზის დასკვნებით, კერძოდ:
2017 წლის 3 თებერვლის დათვალიერების ოქმით, ი-----–- მ----–---მ ნებაყოფლობით წარადგინა პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 1 ცალი ვარდისფერი ფურცლით და მასზე ლურჯი ფერის მელნით შესრულებული წარწერით „კალიუმ ციანიდი“, რომელიც დაწერა სწორედ გ------- მ----–---მ, რაც დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით, რაც, თავის მხრივ, ასევე ვერ უარყო გ------- მ----–---მ.
სააპელაციო პალატამ ასევე არადამაჯერებლად მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ შ------- თ--------–---–მა მართლაც სთხოვა გ------- მ----–---ს ციანიდის შოვნა, როგორ არ შეატყობინა გ------- მ----–---მ ამის შესახებ მის იმ მეგობრებს, რომლებსაც შ------- თ--------–---–-ს მიმართ ასევე არ გააჩნდათ კარგი დამოკიდებულება და საუბრობდნენ კიდეც მიეგზავნათ მისთვის ვინმე პირი მაკომპრომეტირებელი მასალის შესაქმნელად. ასევე იმ პირობებში, როდესაც გ------- მ----–--- ვინმე დედა თ-----თანაც კი აგზავნიდა ი-----–- მ----–---ს შ------- თ--------–---–ზე ინფორმაციის მისაღებად, ეუბნებოდა, რომ ფულის სანაცვლოდ დედა თ-----ი ყველაფერს იტყოდა და თუ უღირდათ ინფორმაცია, თანხაც შეეთავაზებინათ, გაუგებარია დაცვის მხარის მტკიცება გ------- მ----–---ს დამოუკიდებლად მოქმედებასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა პროვოკაციის მოწყობასა და ი-----–- მ----–---ზე, როგორც აგენტ-პროვოკატორზე, რასთან დაკავშირებითაც მოწმის სახით დაკითხა მოწმე ი-----–- ფ---–---–---. მისი ჩვენებით, ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის პერიოდში მისთვის ცნობილი იყო, რომ ი-----–- მ----–--- იყო საიდუმლო თანამშრომელი.
სააპელაციო პალატამ საერთოდ გაურკვევლად მიიჩნია მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს ჩვენების მნიშვნელობა მოცემული საქმისთვის და მისი მოსაზრებების მტკიცებულებად მიღება. დანაშაულის პროვოცირების საკითხთან მიმართებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება და მიუთითა შემდეგი: გ------- მ----–---სა და მოწმე ი-----–- მ----–---ს ურთიერთობაზე, მათ შორის არსებულ ნდობაზე, სხვადასხვა სახის დახმარების გაწევაზე ისაუბრა როგორც მოწმემ, ისე ბრალდებულმა. საგულისხმოა, რომ ი-----–- მ----–--- თავისი ინიციატივით არ მისულა გ------- მ----–---სთან და არც ციანიდის ყიდვა შეუთავაზებია მისთვის. გ------- მ----–--- თავად განმარტავს, რომ შ------- თ--------–---–მა სთხოვა ციანიდი, ერთ-ერთ საუბარს შეესწრო ი-----–- მ----–---ც, რომელსაც უთხრა, რომ მგონი შ------- „უჩალიჩებდა“. ი-----–- მ----–---მ ახსნა, თუ რატომ მივიდა სამართალდამცავ ორგანოებში 2017 წლის 2 თებერვალს, სადაც მისვლისგან თავდაპირველად თავს იკავებდა. მას არ წაუქეზებია გ------- მ----–---, ეთხოვა ციანიდი, შემდეგ არაერთგზის დაერეკა, შეხვედროდა, ესაუბრა, გერმანიაში წასვლამდე ეთხოვა მომწამვლელი ნივთიერება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მისთვის მტკიცებულებას არ წარმოადგენს მოწმე ი-----–- ფ---–---–---ს შთაბეჭდილებები ფარული ჩანაწერის ნახვისას. საგულისხმოა, რომ სწორედ ი-----–- მ----–---ს მიერ განცხადების შეტანის შემდეგ, გარკვეული სახის საგამოძიებო, ფარული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შედეგად დააკავეს გ------- მ----–---, რითაც თავიდან იქნა აცილებული ციანიდის გამოყენება და მძიმე შედეგი.
სააპელაციო პალატამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელად მიიჩნია, განსაკუთრებით შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
§ გ------- მ----–--- საუბრობს შ------- თ--------–---–თან ნორმალური და კარგი ურთიერთობის შესახებ, რასაც ადასტურებს მოწმე ი----- ო----–---–-, თუმცა ამ დროს სიძულვილის ენით საუბრობს მასზე;
§ გ------- მ----–---ს კარგი ურთიერთობა აქვს შ------- თ--------–---–თან, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ცდილობს მასზე მაკომპრომეტირებელი მასალის გამოქვეყნებას და მოძიებას;
§ გ------- მ----–--- საუბრობს პროვოკაციაზე და ამ დროს საუბრობს ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენების შესახებ;
§ გ------- მ----–--- ასრულებს შ------- თ--------–---–-ს თხოვნას ციანიდის შოვნასთან დაკავშირებით და ამასთან, მის მეგობრებსაც კი (მაგალითად, ტ----- შ--–-–---–ს, ი----- ო----–---–ს) არაფერს ეუბნება აღნიშნულის შესახებ;
§ გ------- მ----–--- ასრულებს შ------- თ--------–---–-ს თხოვნას კალიუმის ციანიდის შოვნასთან დაკავშირებით, ამასთან, თავისი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას ნატრიუმის ციანიდის შეძენის თაობაზე;
§ გ------- მ----–--- ასრულებს შ------- თ--------–---–-ს თხოვნას ციანიდის შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა ასევე თავისი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას - 500 აშშ დოლარის ნაცვლად, ოთხმაგი და უფრო მეტი ოდენობის გადახდაზეც კი;
§ გ------- მ----–--- ეჭვობს, რომ შ------- თ--------–---–- „უჩალიჩებს“, თუმცა მაინც ცდილობს ციანიდის მოძიებას და თან გერმანიაში წასვლამდე, რომ შეატყობინოს აღნიშნული ფაქტი შ------- თ--------–---–ს;
§ გ------- მ----–---მ იცის, რომ ციანიდი არ წარმოადგენს თავისუფალ ბრუნვაში არსებულ ნივთიერებას და მის შოვნას ავალებს მისი ნდობით აღჭურვილ პირს - ი-----–- მ----–---ს;
§ გ------- მ----–---მ იცის, რომ შ------- თ--------–---–ს ციანიდი სჭირდება ოქრომჭედლობაში გამოსაყენებლად და მიუხედავად ამისა, ინტერნეტით ეცნობა ინფორმაციას ციანიდის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ;
§ გ------- მ----–--- ინტერნეტით ეცნობა ციანიდის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების საფუძვლებს და მიუხედავად „ეჭვისა“, არ ატყობინებს აღნიშნულს სამართალდამცავ ორგანოებს;
§ გ------- მ----–--- საუბრობს პროვოკაციაზე და ამ დროს თავად ცდილობს შ------- თ--------–---–-სთვის ციანიდის გადაცემის ფაქტი „ჩაწეროს“ ვითომდა ი-----–- მ----–---ს მიერ დაპირებული ჩამწერი მოწყობილობით და ა.შ..
წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ შეუძლია დაცვის მხარის არგუმენტების დადასტურება. გ------- მ----–---ს ჩვენება გველის შხამსა და ციანიდის შ------- თ--------–---–-ს დავალებასთან დაკავშირებით, არ გამომდინარეობს მტკიცებულებებიდან. გველის შხამის შოვნაში დახმარება თუ ი----- ო----–---–ს სასაცილოდ არ ეყო, რატომ ეძებდა თვეების მანძილზე გ------- მ----–--- და ამასთან, ხან რადიკულიტის სამკურნალოდ და ხან ანტიდოტის შესაქმნელად, პალატისთვის გაურკვეველია. სააპელაციო პალატას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პოზიცია ციანიდის ოქრომჭედლობაში გამოყენების ნაწილში, მოფიქრებულია გ------- მ----–---სთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით. ყოველგვარ დამაჯერებლობასაა მოკლებული, რომ გ------- მ----–---სა და შ------- თ--------–---–ს შორის არსებული ურთიერთობის პირობებში, გ------- მ----–--- გულმოდგინედ ეძებდა მომწამვლელ ნივთიერებას და აღნიშნული არ შეატყობინა არც ტ----- შ--–-–---–ს და არც ი----- ო----–---–ს, რომ არაფერი ითქვას სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებაზე, რითაც ადვილად მოიშორებდნენ „ეკლესიის მტერს“ და „სიმსივნეს“ საპატრიარქოდან. ამასთან, თავად შ------- თ--------–---–- უკვე ეჭვობდა, რომ მის წინააღმდეგ მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია გ------- მ----–---მ გამოაქვეყნა. აღნიშნულ საკითხზე საუბარმა მათ შორის გამოიწვია კამათი. ამ ფონზე დაუჯერებელია, შ------- თ--------–---–ს ისეთი ნდობა ჰქონოდა გ------- მ----–---ს მიმართ, რომ უსაფრთხოდ ეგრძნო თავი.
რისთვის სჭირდებოდა გ------- მ----–---ს ციანიდი
სააპელაციო პალატამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ საუბრებს, რაც არათუ კიდევ ერთხელ გამორიცხავს შ------- თ--------–---–-ს თხოვნის ფაქტს, არამედ ადასტურებს არა ოქრომჭედლობაში, არა სხვა დანიშნულებით, არამედ უშუალოდ ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ გამოყენების საჭიროებას.
სააპელაციო პალატამ, გარდა მოწმეების - ი-----–- მ----–---ს, ი---- ჭ-------სა და ლ--–- გ--–-–---–-ს ჩვენებებისა, ყურადღება გაამახვილა დათვალიერების ოქმებზე, ვიდეოჩანაწერებსა და კონკრეტულ დიალოგებზე, კერძოდ:
ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით გაიშიფრა ვიდეოჩანაწერებზე არსებული საუბრები, რომელთაგან სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგზე: (პირველ კონვერტში მოთავსებული R-------- ჩანაწერების ამონარიდები): გ------- მ----–--- კითხულობს „რეაქცია რო არ ქონდეს?“ ი-----–- მ----–--- პასუხობს, რომ რეაქცია უეჭველი ექნება, უთხრეს, რომ თავის შედეგს აყენებს და ნატრიუმი წყალში უნდა გაიხსნას, ხოლო გ------- მ----–---ს კითხვაზე, კალიუმთან დაკავშირებით პასუხობს, რომ „ეს საჭმელზე. იმაზე, რა ვიცი, რაზეც იქნება იმაზე რა. რა ვიცი რაზეც არის ყველაფერზე. ჰოდა კი მიხვდა, ეს ჰო ხვდები. ანუ მეთქი ძაან, უცხოეთისთვის მინდა მეთქი ეხლა უთხარი მაინც, გაიგე რო რამე არ დაეჭვებულიყო. ეხლა მკითხა იასნა ეხა ვენახის შესაწამლად რო არ გინდაო, კი ვიციო. არა, მე უთხარი უცხოეთში უნდათ მეთქი და აი რაღაცა ძაან შინაურულად და რამე მეთქი და ახლა ჩემი ნაცნობია, ძაან ახლობელი არი, ხვდები? ანუ ისეთი, რო ვენდობი“. გ------- მ----–--- განმარტავს: „არა, ჩვენ ვფიქრობთ იმაში, რაშიც გვინდა, ხუთი ათასიც არაა პრობლემა. უბრალოთ ამ წუთას არ არის ხუთი ათასი, გესმის?“. გ------- მ----–--- ასევე ინტერესდება „რამდენ ხანში მოიტანს?“, „მოხმარების წესი რაფერაა ნეტა?“. ნატრიუმის ციანიდზე საუბრისას, გ------- მ----–--- თავდაპირველად ამბობს, რომ ნატრიუმის ციანიდი არ არსებობს. ამის შემდეგ ი-----–- მ----–--- ეუბნება დაგუგლოს, რის შემდეგაც გ------- მ----–--- ამბობს „იყოს ნატრი“ და კითხოს ი-----–- მ----–---მ იმ პირს, თუ რამდენად მოუტანს. ჩანაწერებზე (მეორე კონვერტში მოთავსებული R--------) არსებული საუბრების ტექსტიდან ამონარიდები: „სამი ათასი უნდა ესე იგი“... „ჰოდა მაშინ გამოვაგზავნინებ მაგ ფულს“. ი-----–- მ----–---ს კითხვაზე, სხვა რამე ხომ არ კითხოს, გ------- მ----–--- ეუბნება, რომ „პროსტა გარანტია მინდა, რომ მოქმედი იქნება რა“. გ------- მ----–---ს თხოვნაზე ი-----–- მ----–---მ კითხოს თავის ქიმიკოს მეგობარს როგორ გამოიყენოს, ი-----–- მ----–--- პასუხობს: „ეგეც თუ არ იცი, მე რას იმას შვები, ვერ გავიგე მე“, გ.მ----–---ს პასუხია: „იმათ უნდათ და რა ვქნა ახლა მე?“... „მე კი არ ვიყენებ მაგას, იმათზე ვი..., ღმერთმა დამიფაროს მე გამოვიყენო“. ამის შემდეგ ი-----–- მ----–--- ეუბნება, რომ მთავარია, ტკბილით არ განეიტრალდეს, რაზეც გ------- მ----–--- ამბობს, რომ იცის, რომ შაქრით ნეიტრალდება, „ეგრე ის, ვინც არის, მე მგონი, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება მაქსიმალურად“. ი-----–- მ----–--- სთხოვს უთხრას, თუ ვისთვის უნდა, რაზეც გ------- მ----–--- ამბობს, რომ „მოსკოვში ელოდებიან“, რაზეც ი-----–- მ----–--- ეუბნება: „მოსკოვში არა იმაში, მოსკოვი მე ვახსენე ახლა და მოსკოვში იმას ქნა. რა სისულელეა“. ამის შემდეგ ი-----–- მ----–--- იწყებს საუბარს რჩება თუ არა ორგანიზმში, რაზეც გ------- მ----–--- ამბობს, რომ დარჩეს მერე, ვინ დაადგენს, ხოლო ი-----–- მ----–---ს კითხვის შემდეგ დაეჭვებით ამბობს „ექსპერტიზა ვითომ?“.
ი-----–- მ----–---ს ნათქვამზე „რანაირი დედაოა ეგ კიდე? რა გჭირთ ხალხო, რა არი, ვერ გავიგე, რა გჭირთ, რა?!“, გ------- მ----–--- პასუხობს: „ჩემი ხელი ჭირდებათ მაგათ, იკა“, ... „დედა უნდა უტირო, პროსტა ასაკი არ მიწყობს ხელს, თვარა“, ... „მე ბევრ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია მანდ. ჯერ თავს ვიკავებ“,... „შენ კარგ ადგილს დაიკავებ“, „მე ეხლა გეტყვი პირდაპირ, აი ესენი იბრძვიან, რო მე მოვხვდე იქ“, „შიგნით იქ, აი რაღაც თანამდებობაზე“. კითხვაზე: ქონებაში ხომ არის, გ------- მ----–--- პასუხობს: „ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ეს ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რო იქ შევსულიყავი“, „მე წავალ ბ----------–-ს ადგილზე“, „ან შ-------ს ადგილზე, ან მამა დ------ს ადგილზე, უფრო პირველ ეტაპზე მამა დ------ს ადგილზე“. ჩანაწერებზე (S-------) არსებული საუბრების შინაარსი: კითხვაზე „ეს სამი ვინ არიან?“, გ------- მ----–--- პასუხობს: არა, სამი არავინ არ არი. უბრალოდ ჩვენ სხვა რაღაცისთვის გვინდა რა. მთლად მასე ხელაღებულები არ ვართ“. ჩანაწერებზე (S-------) არსებული საუბრების შინაარსი: გ------- მ----–--- ეუბნება ი-----–- მ----–---ს „შენ მაგი გამიკეთე, რასაც გეუბნები... ბრილიანტები მერე ნახე“.
ჩანაწერებზე (S-------) არსებული საუბრების შინაარსი: ი-----–- მ----–--- ეკითხება გ------- მ----–---ს, ურეკავდა თუ არა, რაზეც დადებითაც პასუხობს. მოკითხვის შემდეგ კი გ------- მ----–--- ამბობს, რომ „იმ საკითხზე“ ურეკავს და აინტერესებს, რამდენ ხანში მიაწვდის? ი-----–- მ----–---ს პასუხზე, რომ ჰკითხავს, ამბობს, „კითხე რა. ხო და რა კითხე იცი? რამდენად შესაძლებელია ვთქვათ, ეხლა რო ავიღოთ. ჰო და ერთ თვეში რო მივცეთ“, „თუ კია შესაძლებელი, სასწრაფოდ მჭირდება რა ეგა“. „პროსტო მე ეხლა იმაში მივდივარ, რა ქვია, იქ უნდა წავიდე, მარა მანამდე მჭირდება რა“. კითხვაზე, თუ სად მიდის, გ------- მ----–--- პასუხობს, რომ უწმინდესი წაიყვანეს და უნდა ჩავიდეს და ისე, რომ ამ საკითხზე საუბარი არაა, აგრძელებს: „მამიდა რო გვყავს ჩვენ, მამიდა, ხო იცი იმაში?“, „მაგის წინააღმდეგ შეუძლია ბევრი საინტერესო ინფორმაცია იცი, ვინ მოგაწოდოს?“ „დედა თ-----ია ესეთი რა ჯვრის მამაში“. ი.მ----–---ს დამაზუსტებელ კითხვაზე გ------- მ----–--- კვლავ უდასტურებს, რომ წასვლამდე სჭირდება.
ჩანაწერებზე (c--------------------------------) არსებული საუბრების შინაარსი (ვ-------ს და გ------- მ----–---ს შორის): გ------- მ----–--- ეუბნება: სანამ შ-------- ეგდება იქა, ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს და შ------- და რა უყო? თავს ზემოთ ძალა არაა ვ------- და ცოტაც, ცოტაც და ყველაფერი დალაგდება“. თითოეული ტექსტი შეესაბამება საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილ ჩანაწერებს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ი-----–- მ----–--- გ------- მ----–---ს უსვამდა პროვოკაციულ შეკითხვებს, რამაც განაპირობა გ------- მ----–---ს გარკვეული პასუხები. ჩანაწერების გაანალიზების შედეგად, ცხადია, რომ გ------- მ----–---ს ციანიდის მოქმედებისთვის სჭირდება გარანტია, ამასთან, სჭირდება გერმანიაში წასვლამდე, ეუბნება, რომ ის, ვინც არის, მე მგონი, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება მაქსიმალურად და თითქოს თავს იმართლებს „ღმერთმა დამიფაროს მე გამოვიყენო“, „მთლად მასე ხელაღებულები არ ვართ“. დაცვის მხარის პოზიციით, ამ ეტაპზე, მართალია, გ------- მ----–---ს ეჭვი აქვს, რომ შ------- „უჩალიჩებს“, მაგრამ მათი კეთილგანწყობილი ურთიერთობებიდან გამომდინარე, მაინც სურს გერმანიაში ჩასვლისას უთხრას მას, რომ უშოვა. გარდა იმისა, რომ დაცვის მხარის არგუმენტი არადამაჯერებელია, ასევე არ შეესაბამება წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბრიდან გ------- მ----–--- აქტიურად იწყებს ინფორმაციის მოძიებას მომწამვლელი ნივთიერება - კალიუმ ციანიდის, მისი ნიშან-თვისებების, გამოყენების წესისა და ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შესახებ, რაც დასტურდება 2017 წლის 7 მარტის დათვალიერების ოქმით, კერძოდ:
ბრალდებული ათვალიერებდა სტატიას სათაურით „კალიუმ ციანიდის ზემოქმედება ადამიანზე და მოწამვლის სიმპტომები“, მათ შორის იგი ეცნობოდა ინფორმაციას რუსულენოვან საიტზე otrovlenya.net, სადაც მოცემულია ინფორმაცია კალიუმის ციანიდის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერმოქმედი შხამის, ტოქსიკურობასა და ადამიანის ორგანიზმზე მომწამვლელ ეფექტზე. 2017 წლის 19 იანვარს ბრალდებული ვებგვერდზე www.forum.ge ეცნობა ინფორმაციას თუ სად შეიძლება შეიძინოს კალიუმ ციანიდი. ვებგვერდზე www.ambebi.ge ბრალდებული ეცნობა სტატიას, სადაც საუბარია, რომ ბოლნისის რაიონში ოქროსმომპოვებელი კომპანია საქმიანობისას იყენებს ციანიდს. 2017 წლის 4 თებერვალს ბრალდებული თავისი ტელეფონით ეცნობა ინფორმაციას ნატრიუმის ციანიდზე, სადაც საუბარია, რომ ნატრიუმის ციანიდს გააჩნია ანალოგიური ტოქსიკური ეფექტი, როგორც კალიუმ ციანიდს და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს სისხლში ჟანგბადის ნაკლებობას და ადამიანის სიკვდილს. გარდა ამისა, ბრალდებული ეცნობა სტატიას სათაურით „ნატრიუმის ციანიდის საშიშროება ადამიანისთვის“.
აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ გ------- მ----–--- ეძებს ციანიდს სწორედ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის და დაუსაბუთებელია ყოველგვარი სხვა არგუმენტი.
ვისი სიცოცხლის ხელყოფა იგეგმებოდა ციანიდის გამოყენებით
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოტივები, რომ შ------- თ--------–---–- არანაირ საშიშორებას არ წარმოადგენდა გ------- მ----–---სთვის და მათ ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილი ფაქტია, რომ საქართველოს საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის შექმნის შემდეგ მის უფროსად დაინიშნა გ------- მ----–---, რომელსაც მიეცა საქართველოს საპატრიარქოს სახელით ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმოწერის უფლება. აღნიშნული უფლება კი წარმოადგენდა მისი სასულიერო სტატუსისა და თანამდებობისთვის შეუსაბამოდ მაღალ უფლებამოსილებას, რის თაობაზეც გარკვეულმა პირებმა, მათ შორის შ------- თ--------–---–მა, მოახსენეს პატრიარქს. აღნიშნულს მოჰყვა კიდეც გ------- მ----–---ს თანამდებობიდან გათავისუფლება. ამასთან, შ------- თ--------–---–მა განმარტა, რომ გ------- მ----–---ს ქონების მართვის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ მ----–---ს სურდა თანმდებობაზე დარჩენა და სწორედ შ-------ს სთხოვა, პატრიარქთან გაერკვია მისი საკითხი, რაზეც მიიღო უარი. მართალია, მოგვიანებით, გ------- მ----–--- აღნიშნული სამსახურის უფროსის მოადგილედაც დაინიშნა, თუმცა, მტკიცებულებები მიუთითებენ შ------- თ--------–---–თან დამოკიდებულების გაუარესებაზე.
საგულისხმოა, რომ გ------- მ----–---ს სწორედ იმ პირების მიმართ გააჩნდა განსაკუთრებული აგრესია, რომლებმაც პატრიარქს მოახსენეს გ------- მ----–---ს თანამდებობაზე ყოფნით მისი სასულიერო სტატუსისა და თანამდებობისთვის შეუსაბამოდ მაღალი უფლებამოსილების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სტატიებზე, რომლებიც, მართალია, იბეჭდებოდა ინფორმატორის მითითების გარეშე, მაგრამ შ------- თ--------–---–- მაინც დაეჭვდა და ჰკითხა კიდეც გ------- მ----–---ს, რაიმე კავშირი ხომ არ ჰქონდა მათ გამოქვეყნებასთან, რამაც მისი გაღიზიანება გამოიწვია და კიდევ უფრო დაძაბა მათ შორის ურთიერთობა.
მოწმე ი-----–- მ----–---მ განმარტა, რომ გ------- მ----–---მ დაქვეითების შემდეგ დაიწყო მასთან ინტენსიურად რეკვა, ხოლო შეხვედრის შემდეგ სთხოვა დახმარება. ასევე ჩვენებითაა დადგენილი, რომ გ------- მ----–---ს განმარტებით, „შ------- თ--------–---–- იყო ყველაფერი საპატრიარქოში“, არაფრის საშუალებას არ აძლევდა და მისი დაქვეითებაც მისი მოწყობილი იყო. დაცვის მხარე რატომღაც უთითებს, რომ გ------- მ----–---ს კარგი ურთიერთობა ჰქონდა შ------- თ--------–---–თან, თუმცა სააპელაციო სასამართლოში ვერ დაასაბუთეს, თუ რას გულისხმობდნენ ამ ურთიერთობაში. მაშინ, როდესაც გ------- მ----–--- სთხოვდა ი-----–- მ----–---ს ქონების მითვისებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიებში შ------- თ--------–---–-ს სახელი და გვარი როგორმე მიეთითებინა, მაშინ, როდესაც სხვა პირებთან ერთად საუბრობენ შ-------ზე, როგორც სიმსივნეზე, მის ამოკვეთაზე, შ-------ს ბრძოლაზე კლინიკისთვის, რომ „შ------- მაინც ჩაძვრებოდა. ვაიმე, რა დასაბრედია, მაგ შობელძაღლი!“, რომ წავა „შ-------ს ადგილზე, ან მამა დ------ს ადგილზე, უფრო პირველ ეტაპზე მამა დ------ს ადგილზე“, რომ დედა თ-----მა იცის შ-------ზე ბევრი ინფორმაცია, რომ შ-------ს გაუშვებს „მარილზე“ და ამავდროულად მზერას აღაპყრობს ზეცისკენ, გაურკვეველია, რაში გამოიხატებოდა მათ შორის თბილი ურთიერთობის არსებობა, მითუფრო მაშინ, როდესაც თავად შ------- თ--------–---–მა გამორიცხა ასეთი ურთიერთობა.
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სიტყვები: „შობელძაღლი“, „დასაბრედია“, „მარილზეა გასაშვები“ და ა.შ. გამოყენებულია ჩვეულებრივ სალანძღავ და პრივატულ სალაპარაკო სიტყვებად და არ შეიძლება, აღნიშნულით უტყუარად დადგენილიყო შ------- თ--------–---–-ს მკვლელობის სურვილი. დაცვის მხარის განმარტებით, ალბათ, ისიც ჩვეულებრივია, როდესაც გ------- მ----–--- უთითებს, რომ „სანამ შ-------- ეგდება იქა, ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს და შ------- და რა უყო? თავს ზემოთ ძალა არაა ვ------- და ცოტაც, ცოტაც და ყველაფერი დალაგდება“. დაცვის მხარის განმარტებით, ალბათ, ისიც ჩვეულებრივია, როდესაც ი-----–- მ----–---სთან ერთად საუბრობს ციანიდის ტკბილით განეიტრალებაზე და ამბობს, რომ „ეგრე ის, ვინც არის, მე მგონი, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება მაქსიმალურად“.
მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ შ------- თ--------–---–- ტკბილს ერიდება. რ----- შარაბიძემ განმარტა, რომ შ-------, ზოგადად, ძალიან ცოტა საკვებს იღებს, მას მიდრეკილება არა აქვს ტკბილის ჭამისკენ და არასოდეს არ სმენია შ-------ს ტკბილეულის სიყვარულის თაობაზე. მოწმე მირანდა ავლახაშვილმა განმარტა, რომ შ------- თ--------–---–- არ არის ტკბილის მოყვარული, ხან მიირთმევს ტკბილეულს და არის პერიოდები, როდესაც საერთოდ არ მიირთმევს. მოწმე ნატო ასათიანმა განმარტა, რომ შ------- თ--------–---–- არის მისი უახლოესი მეგობარი, პრაქტიკულად ცხოვრობენ ერთად. მისი განმარტებით, შ------- იკვებება ცუდად, მას ტკბილი, ზოგადად, არ უყვარს, ძალიან იშვიათად, უიშვიათესად მიირთმევდა ტკბილეულს. მოწმე ია ლათიბაშვილის განმარტებით, შ-------ს რაიმე აკრძალვა ტკბილის მიღებასთან დაკავშირებით ავადმყოფობის გამო არ აქვს, მაგრამ იგი უფრო ერიდება ტკბილის მიღებას. მოწმე თ----- ჯიქიძის განმარტებით, შ------- თ--------–---–- ხშირ შემთხვევაში ერიდება ტკბილს, ხოლო მარხვის პერიოდში კი თითქმის არ იღებს ტკბილეულს.
შესაბამისად, საპატრიარქოში საიდუმლო არ ყოფილა, რომ შ------- ტკბილეულის დიდად მოყვარული არაა. ამ მხრივ ასევე უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თითქოს, თავად შ------- თ--------–---–მა დაცვის მხარის კითხვაზე კატეგორიულად განაცხადა, რომ ტკბილს მიირთმევს. დაცვის მხარის კითხვაზე, შ------- თ--------–---–მა განმარტა, რომ ტკბილეულს ზოგადად მიირთმევს და ჯანმრთელობის პრობლემა და დიაბეტი არ აქვს, თუმცა დიდი მოყვარული არაა, ხან ჭამს ხან არა. სწორედ აღნიშნული გარემოება ემთხვევა ჩანაწერში გ------- მ----–---ს მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, რომ ის, ვინც არის, მე მგონი, ის საერთოდ არ ჭამს ტკბილს, ერიდება მაქსიმალურად.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარის არგუმენტი, რომ თითქოს აშკარად ჩანს, რომ გ------- მ----–---ს პასუხების მიზანი იყო მომაბეზრებელი ინტერესის გამო ი-----–- მ----–---ს როგორმე მოშორება, უმართებულოა და იმდენად დაუსაბუთებელი, რომ მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია: 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ შ------- თ--------–---–-ს პიროვნება, ბრალდებულის თანამდებობიდან დაქვეითება და შ------- თ--------–---–-ს უარი, მისი თანამდებობაზე აღდგენა ეთხოვა პატრიარქისთვის, გახდა გ------- მ----–---ს განსაკუთრებული სიძულვილის მიზეზი შ------- თ--------–---–-ს მიმართ, რასაც ნათლად ადასტურებს გ------- მ----–---ს შემდეგი ქმედებები. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ნათელია, რომ გ------- მ----–--- თანამდებობიდან დაქვეითებას უკავშირებდა შ------- თ--------–---–ს, ხოლო კლინიკისთვის მებრძოლ პირად ასევე მას ასახელებდა. ამასთან, გასაკვირია დაცვის პოზიცია, რომლითაც თითქოს გ------- მ----–---ს საერთოდ არ სურდა თანამდებობა და აპირებდა ბათუმში დაბრუნებას, მაშინ, როდესაც ჩანაწერებში კარგად ჩანს მისი ამბიციები.
მიჰქონდა თუ არა გ------- მ----–---ს ციანიდი
სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2017 წლის 10 თებერვალს გ------- მ----–--- მიემგზავრებოდა გერმანიაში. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების წარმომადგენლობის დირექტორის წერილის თანახმად, გ------- მ----–---მ 9 თებერვალს შეიძინა ავიაბილეთი უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების ვებგვერდზე თბილისი-კიევი-ბერლინის მიმართულებით დამატებითი ბარგით. თბილისი-კიევი - 10 თებერვალის 06:45 საათი, კიევი-ბერლინი 10 თებერვლის 13:05 საათი.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, გ------- მ----–--- დააკავეს 2017 წლის 10 თებერვალს, 06:36 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გასასვლელში. ოქმი შედგენილია საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელ გ------- გ-----------–---–-ს მიერ. პირადი ჩხრეკის შედეგად, გ------- მ----–---სგან ამოიღეს ფულადი თანხა (3 ცალი 20 - ლარიანი, 1 ცალი 10 - ლარიანი, 66 ცალი 50 - ევროიანი, 12 ცალი 100 - ევროიანი, 5 ცალი აშშ 100 - დოლარიანი კუპიურა და მონეტა), მობილური ტელეფონი, პორტატული კომპიუტერი და სხვა პირადი ნივთები.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების ჩატარების შესახებ დადგენილების საფუძველზე, 2017 წლის 10 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს გმს გამომძიებელ ჯ--- ქ-------ს მიერ, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საბარგო განყოფილებიდან, კ------- ხ----–--–---სა და ამავე აეროპორტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორ გ------- გ--–---–---–თან ერთად, ამოღებულ იქნა: გ------- გ--–---–---–-ს განმარტებით, თბილისი-კიევი-ბერლინის მგზავრის - გ. მ----–---ს მიერ ჩაბარებული ბარგი, კერძოდ: შავი ფერის პლასტმასის ელვაშესაკრავიანი გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩანთა, მასზე დაკრული მგზავრის მაიდენტიფიცირებელი სტიკერით (შტრიხკოდით 0-------------), ასევე მეორე ბარგი, პოლიეთილენის პარკით შეფუთული ოთხკუთხედი ფორმის მოვერცხლისფრო და შავი ფერის ყუთი, რომელზეც დაკრულია მგზავრის მაიდენტიფიცირებელი სტიკერი (შ-----------------------------).
2017 წლის 11 თებერვლის სასამართლოს განჩინებებით კანონიერად იქნა ცნობილი გ------- მ----–---ს პირადი ჩხრეკა და საბარგო განყოფილებაში ჩაბარებული ბარგის ამოღება.
ოქმის თანახმად, გ------- გ--–---–---–- საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა 2017 წლის 10 თებერვლის 13:05 საათზე.
ოქმის თანახმად, გ------- მ----–---მ დათვალიერებაში მისაღებად ითხოვა ადვოკატი. გამომძიებელმა ტ----- შ--–-–---–ს (ამ უკანასკნელთან დამყარდა კომუნიკაცია) განუმარტა, რომ გ------- მ----–---ს ადვოკატის წარმოსადგენად საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეძლეოდა გონივრული ვადა - 1 საათი, 14:31 საათამდე. წარმოდგენილი ორდერის თანახმად, საქმეში ჩაერთო ადვოკატი რ----- ფ-----------.
დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება მიმდინარეობდა 2017 წლის 10 თებერვალს, 16:00 საათიდან 19:25 საათამდე პერიოდში. დათვალიერება ჩატარდა გ------- მ----–---ს თანხმობით. დათვალიერდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული ბრალდებულ გ------- მ----–---ს მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დარეგისტრირებული ბარგი, რომელშიც, გ------- მ----–---ს განმარტებით, მოთავსებული იყო 2 ყუთი ღვინო. ბარგი დალუქული იყო საქართველოს პროკურატურის 0------ ლუქით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე აღინიშნებოდა რამდენიმე ხელმოწერა და თარიღი. ლუქი და შავი ფერის პოლიეთილენის პარკი გახსნილ იქნა დათვალიერებაში მონაწილე პირების თანდასწრებით, რის შემდეგაც მასში აღმოჩნდა 2 შეფუთული ყუთი. ყუთებში აღმოჩნდა ღვინოები. გ------- მ----–---ს განმარტებით, აღნიშნული ღვინოები მას გერმანიაში წასაღებად გადასცა კათოლიკოს-პატრიარქის დაცვის წევრმა ტ----- შ--–-–---–მა. ასევე დათვალიერდა ჩემოდანი. ბარგი დალუქული იყო საქართველოს პროკურატურის 0------ ლუქით. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო და მასზე აღინიშნებოდა რამდენიმე ხელმოწერა და თარიღი. ლუქი და შავი ფერის პოლიეთილენის პარკი გახსნილ იქნა დათვალიერებაში მონაწილე პირების თანდასწრებით, რის შემდეგაც მასში აღმოჩნდა შავი ფერის ჩემოდანი. სტიკერზე აღნიშნული იყო მგზავრის ვინაობა, დანიშნულების ადგილი და ბარგის საიდენტიფიკაციო კოდი. ჩემოდანი ჩაკეტილი იყო სპეციალური კოდით, რაც გახსნა გ------- მ----–---მ. ბრალდებულმა ჩემოდნიდან ამოიღო ტანსაცმლის საწმენდი პლასტმასის წითელი ტარით, ამის შემდეგ ფეხსაცმლის საწმენდი ბალონი თავსახურით (Tarrago). თავსახურის მოხდის შედეგად, აღნიშნულ თავსახურში აღმოჩნდა მრგვალი ფორმის, ბრტყელი, გამჭვირვალე პლასტმასის კოლოფი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება. ჩემოდანში მოთავსებული იყო ასევე სხვადასხვა ნივთი. დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა. ოქმზე გ------- მ----–---ს მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ფეხსაცმლის საწმენდის თავსახურში აღმოჩენილი, მრგვალი ფორმის, გამჭვირვალე პლასტმასის კოლოფისა და მასში მოთავსებული ფხვიერი ნივთიერების წარმომავლობა მისთვის უცნობია, არ იცის, საიდან გაჩნდა და მას არ ეკუთვნის. სხვა შენიშვნა ოქმზე გამოთქმული არ არის და დადასტურებულია მასში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. ოქმზე თანდართული ფოტომასალა შეესაბამება ოქმში მითითებულ გარემოებებს.
საგამოძიებო მოქმედების დეტალებზე ვრცლად ისაუბრა გამომძიებელმა ჯ--- ქ-------მ, რომლის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სრულად დაადასტურეს აეროპორტის საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლებმა - გ------- გ--–---–---–მა და ლ---- ხ-------მა, რომელთაც კატეგორიულად გამორიცხეს გ------- მ----–---ს ბარგთან გარეშე პირების წვდომა და მისი აეროპორტში გახსნის ალბათობა.
გამომძიებლების - გ------- გ-----------–---–-სა და დ----- ბ----------–---–-ს ჩვენებები სრულად შეესაბამება წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და ბარგის დათვალიერების ოქმს.
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ -თანამშრომელმა დ--–- ძ---–---–მა, ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის ინჟინერმა თ---------- გ------–---–მა და ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარ - სპეციალისტმა ა------- ა---–----- დაადასტურეს მათ მიერ 2017 წლის 15 მარტს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება შეიცავს 90-96%-ის ფარგლებში ნატრიუმის ციანიდს - NaCN და 4-10%-ის ფარგლებში სხვა მინარევს.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით - 0,8740 გრ. წარმოადგენს ნატრიუმის ციანიდის შემცველ ფხვნილს. გამოსაკვლევად წარდგენილი თეთრი ფერის ფხვიერ ნივთიერებაში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები (მორფი, კოდეინი, ჰეროინი, დეზომორფინი), ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი. მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი, ჯვჰ (JWH)-018, ჯვჰ (JWH)-073, ჯვჰ (JWH)-081, ჯვჰ (JWH)-122, ჯვჰ (JWH)-200, ჯვჰ (JWH)-250, ჯვჰ (JWH)-398, ჰუ (HU)-210, ცპ (CP)-48, 497; ბარბიტურის მჟავა, ბენზოდიაზეპინების ნაწარმი ნივთიერებები და ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - მ--- კ------–---–მა და მ--–---- ჯ------მ. ამავე დასკვნის თანახმად, ნატრიუმის ციანიდი მიეკუთვნება 1 კლასს - განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები. ნივთიერებათა უსაფრთხოების მონაცემების ტოქსიკოლოგიური მონაცემების თანახმად, ნატრიუმის ციანიდმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს, რადგან დადასტურებულია, რომ ციანიდის მინიმალური ორალური, სასიკვდილო დოზა არის 2,85 მილიგრამი კილოგრამზე, სასიკვდილო შედეგს აღნიშნული ნივთიერება აყენებს მიღებიდან 3-5 წუთში, რა დროსაც ადამიანის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ნატრიუმის ციანიდი ადამიანის სხეულზე არ ტოვებს გარეგნულად შესამჩნევ ვიზუალურ კვალს და გვამზე იგივე სურათი მიიღება, რაც ასფიქსიური გარდაცვალების შემთხვევაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ციანიდით მკვლელობის შემთხვევაში გვამის გაკვეთა და გამოკვლევა უნდა მოხდეს პროზექტურაში შეყვანიდან უახლოეს პერიოდში, რადგან დროის გასვლა ამცირებს ორგანიზმში ციანიდის აღმოჩენის შესაძლებლობას. ექსპერტების განმარტებით - 0,8740 გრამი ნატრიუმის ციანიდი საკმარისია რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. მაშინ, როდესაც სირთულე არ იქნებოდა მისი გამოყენება და როდესაც განეიტრალება ვერ მოხდებოდა შაქრით, სასიკვდილო შედეგი იქნებოდა გარდაუვალი.
დაცვის მხარის მოსაზრებით, გ------- მ----–---ს ციანიდი ჩაუდეს, რადგან საგამოძიებო მოქმედება - ამოღების ჩატარება ვერ უძლებს მტკიცებულებათა უტყუარობის საკმარის სტანდარტს, რომ 2017 წლის 2 თებერვლიდან გ------- მ----–---ს მიმართ ოფიციალურად ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, ხელბარგი დათვალიერდა რამდენიმე საათის შემდეგ, ხოლო ამოღებულ ნივთიერებაზე არ ჩატარდა დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზები და სხვა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება და აღნიშნა, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და კანონი არსებითად არ დარღვეულა, რაც მათ დაუშვებლად ცნობას განაპირობებდა. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეებმა დაკითხვისას დეტალურად განმარტეს აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და ამ მხრივ დაცვის მხარის არგუმენტები ჩვენებების წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, არის უსაფუძვლო. აღსანიშნავია, რომ გ------- მ----–---ს დაკავებისას პირადი ჩხრეკით ვერ ამოიღებდნენ მის ბარგს, ვინაიდან ბარგი უკვე ჩაბარებული იყო საბარგო განყოფილებაში. რაც შეეხება იმ არგუმენტს, თუ რატომ არ დააკავეს გ------- მ----–--- აეროპორტში მისვლამდე და პირადი ჩხრეკის შედეგად არ ამოიღეს ბარგი, პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ მიუთითებს სამართალდამცავ ორგანოებს, თუ როდის რა საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩაეტარებინათ, რა სტრატეგია უნდა ჰქონოდათ და ა.შ..
სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამოღებული ბარგი დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. დათვალიერების ოქმში არ ყოფილა ლუქის მთლიანობის დარღვევაზე მითითება. გ------- გ--–---–---–მა, რომლის დაგვიანებით გამოცხადების გამო (ადვოკატის გარდა) დაიწყო დათვალიერება, ცალსახად განაცხადა, თუ რა პირობებში, როდის და როგორ განხორციელდა ბარგის ამოღება. დათვალიერების ოქმის შენიშვნაში მითითებულია მხოლოდ გ------- მ----–---ს განმარტება, რომ ამოღებული ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა. რაც შეეხება ლუქის მთლიანობის დარღვევას, ასეთი რამ ოქმის მიხედვით არ დასტურდება. აღნიშნული დადასტურებულია დათვალიერების ოქმით, მათზე თანდართული ფოტოსურათებითა და მოწმეთა ჩვენებებით.
დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სხვა საექსპერტო კვლევები, რასაც შესაძლოა, გაემყარებინა საგამოძიებო მოქმედების ნამდვილობა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.
მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი მოეპოვებინა მტკიცებულება, როგორც ბრალდების მხარე. ბუნებრივია, მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილია კანონის დაცვით შედგენილი ოქმი, არსებობს როგორც პროკურატურის თანამშრომელთა, ისე აეროპორტის თანამშრომელთა ჩვენებები, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია დაცვის მხარის არგუმენტი მხოლოდ იმიტომ, რომ ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები. დაუსაბუთებელია მოსაზრება, რომ ეს ვითარება განსხვავდება, მაგალითად, ნარკოტიკის შემთხვევისგან, თუმცა სასამართლომ ვერავითარი საფუძვლიანი არგუმენტი ვერ აღმოაჩინა გ------- მ----–---ს საქმეში ამის გასაზიარებლად. ის გარემოება, რომ არ ჩატარდა დაქტილოსკოპიური ან გენეტიკური ექსპერტიზა, არ ნიშნავს, რომ ციანიდი გ------- მ----–---ს არ ეკუთვნოდა ან, მითუმეტეს, მას არ შეუძენია, ანუ „ჩაუდეს“. ასეთი სტანდარტის დაწესება ნიშნავს იმას, რომ უმრავლეს დანაშაულზე, რომელიც რაიმე საშუალებით ხორციელდება, ვერასდროს დადგინდება დანაშაულის ჩამდენი პირი, მიუხედავად სხვა მტკიცებულებებისა, მაგალითად, მკვლელობისას - იარაღზე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისას - ასეთ იარაღზე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებისას - ნარკოტიკულ საშუალებაზე და ა.შ.. დაუსრულებლად შეიძლება ამ სიის გაგრძელება. ამ ლოგიკით, ყველა ასეთ საქმეზე, ან მათ აბსოლუტურ უმრავლესობაზე გამამართლებელი განაჩენები უნდა დადგენილიყო ან უნდა დადგინდეს, რაც მტკიცების ტვირთის იმაზე უფრო მეტად დაკისრებაა ბრალდების მხარისათვის, ვიდრე ეს გონივრულად საჭირო და აუცილებელი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი მასალა ყოველთვის არ რჩება კონტაქტისას ან შემდეგ იშლება (ქრება). სააპელაციო პალატის შეფასებით, ამგვარი ექსპერტიზების ჩაუტარებლობამ გონივრული ეჭვი ვერ წარმოშვა ციანიდის გ------- მ----–---სადმი კუთვნილების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ექსპერტიზების ჩატარების და მათზე გ------- მ----–---ს ხელის ან ბიოლოგიური მასალის კვალის აღმოჩენის პირობებში, დაცვის მხარე დაიწყებდა მტკიცებას, რომ გ------- მ----–---ს ხელი ჰქონდა მოკიდებული ამ შეფუთვაზე ბარგიდან ამოღების დროს (აღნიშნული პოზიცია ჰქონდა დაფიქსირებული გ------- მ----–---ს).
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ასევე არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მოწმეთა ჩვენებებში, დაკავების, ამოღების ოქმისა და დათვალიერების ოქმების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან. დაუდასტურებელია, რომ შ------- თ--------–---–-ს როლი სამართალდამცავი ორგანოებისთვის წარმოადგენდეს ისეთ მნიშვნელოვანს, რომ მისი მითითებისამებრ შეესრულებინათ ყველა დავალება. ამასთან, გაურკვეველია, თუ რატომ უნდა ემოქმედათ შეთანხმებისამებრ საპატრიარქოს და პროკურატურის წარმომადგენლებს. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია და ერთმანეთთან სრულად არის თანხვდენილი ბრალდებულის ადგილსამყოფლის, ჩხრეკის, ამოღების, დაკავებისა და დათვალიერების მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით. სხდომაზე არ წარმოდგენილა აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველს გაუჩენდა.
დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. რენდგენის აპარატზე. განმარტეს, რომ შეუძლებელი იყო, შემოწმება გაევლო ბარგში მოთავსებულ ციანიდს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ბარგში ციანიდი ჩადეს გარეშე პირებმა. ამ მიზნით, დაცვის მხარემ ი-----–- ფ---–---–---ს, როგორც ამ საკითხებში გამოცდილი პირის დაკითხვაც კი მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თავდაპირველად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა გ------- გ--–---–---–-სა და ლ---- ხ-------ის ჩვენებებზე, რომლებმაც განმარტეს, თუ რა შეიძლება დაინახოს აპარატმა და როგორ. მიუხედავად მოწმეთა ჩვენებებისა, აღსანიშნავია, რომ სასამართლო პრაქტიკაში არსებობს არაერთი კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც არათუ მცირე ოდენობის, არამედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ზოგ შემთხვევაში კილოგრამობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა მომხდარა აეროპორტის გავლით. შესაბამისად, უსაფუძვლოა დაცვის მხარის არგუმენტები, რომ თითქოს, ბარგი მასში ციანიდით მოთავსების შემთხვევაში ვერ გაივლიდა კონტროლს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, თუ რა დაინტერესება უნდა ჰქონოდათ პროკურატურისა და აეროპორტის თანამშრომლებს. მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და ვერ გახდება მათი ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტები, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ არსებობდა მოსამართლის განჩინების გარეშე გ------- მ----–---ს დაკავების საფუძველი. გ------- მ----–---ს გერმანიაში გამგზავრების შესახებ საგამოძიებო ორგანოსთვის დაზუსტებით ცნობილი გახდა 9 თებერვალს გ------- მ----–---ს მობილურ ტელეფონზე განხორციელებული ფარული მოსმენა-მიყურადების შედეგად, კერძოდ, გ------- მ----–---სა და ტ----- შ--–-–---–ს შორის 2017 წლის 9 თებერვალს, 17:39 საათზე, განხორციელებული სატელეფონო საუბრისას დადგინდა, რომ გ------- მ----–--- 2017 წლის 10 თებერვალს, დილის საათებში, თბილისის საერთაშორიო აეროპორტიდან აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას (ე.წ. კრებსი №---, ფონოგრამა №----------). სამგზავრო ბილეთი ბრალდებულმა შეიძინა ასევე 9 თებერვალს. შესაბამისად, ობიექტურად შეუძლებელი იყო სასამართლოს განჩინების მიღება.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით არადამაჯერებელია ასევე გ------- მ----–---ს გერმანიაში წასვლის საფუძველი - თითქოსდა, დაცვის წევრებისთვის სახარჯო ფულის წაღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად მსჯავრდებულისა და დაცვის წევრების ჩვენებებისა, დადგენილია, რომ დელეგაციის წევრები, მათ შორის დაცვის წევრებიც, ყოველთვის იყვნენ საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფილი.
ის ფაქტი, რომ გ------- მ----–--- დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით, კიდევ უფრო სანდოს ხდის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულების გ------- მ----–---სადმი კუთვნილების ფაქტს და მასში ეჭვის შეტანის რისკი ფაქტობრივად გაქარწყლებულია. სასამართლომ განმარტა, რომ გონივრული ეჭვი, უფრო მეტია, ვიდრე ვერსიის წარმოჩენა კონკრეტული საკითხისადმი, გონივრული ეჭვი მიემართება მტკიცებულებათა დამარწმუნებლობის ხარისხს, გარკვეულ ლოგიკას ან გამოცდილებას, აგრეთვე - სხვა საკითხებს, რაც, მოცემული ფაქტის დადგენის თვალსაზრისით, პალატას არ გასჩენია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ უტყუარად დადასტურებულია გ------- მ----–---ს მიერ მომწამვლელი ნივთიერების - ციანიდის ფლობის ფაქტი. ფლობის ფაქტიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის გარემოებაც, რომ გ------- მ----–---მ შეიძინა აღნიშნული ნივთიერება, ხოლო ის ფაქტი, რომ მოცემული ეტაპისთვის დადგენილი არაა პირი, ვინც გადასცა ციანიდი გ------- მ----–---ს, პასუხისმგებლობის გამომრიცხველ საფუძველს არ წარმოადგენს.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ რაიმე გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენდეს გ------- მ----–---ს მიერ ციანიდის შეძენის გარემოებების დაუდგენლობა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მასზე ფარული მეთვალყურეობა ხორციელდებოდა. პირველ რიგში, ცალსახად აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარისათვის იმ დონის მტკიცების სტანდარტის დაწესება, რომელიც ყველა დანაშაულზე ვიდეო ან სხვაგვარი მეთვალყურეობის დაწესებას გულისხმობს, წარმოუდგენელი და განუხორციელებელია.
დანაშაულის მომზადება
დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სასამართლოს უტყუარად უნდა დაედგინა, რომ მომზადება იყო დასრულებული და ყველა პირობა იყო შექმნილი დანაშაულის მცდელობის დასაწყებად. მოცემულ შემთხვევაში კი დაუსრულებელი მომზადებიდან გამომდინარე, ქმედება არ უნდა ჩათვლილიყო დანაშაულად. აღნიშნული არგუმენტი მოყვანილი აქვს ასევე სასამართლოს მეგობარს თავის მოსაზრებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა.
მოცემულ შემთხვევაში გ------- მ----–---მ მოიძია ინფორმაცია ციანიდის თვისებებსა და ადამიანზე მისი ზემოქმედების შესახებ, მოიძია ასევე ინფორმაცია მისი მოპოვების შესახებ, კერძოდ 2017 წლის 19 იანვარს ვებგვერდზე www.ambebi.ge გაეცნო სტატიას, სადაც საუბარია, რომ ბოლნისის რაიონში ოქროსმომპოვებელი კომპანია საქმიანობისას იყენებს ციანიდს (2017 წლის 7 მარტის დათვალიერების ოქმი). აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა თავის ახლობელ ი-----–- მ----–---ს, რომელიც იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „საყდრისის დაცვის კომიტეტის“ წევრი, ხშირად უწევდა ყოფნა ბოლნისის რაიონში და აქტიურად გამოდიოდა საჯაროდ შპს „არემჯი გოლდის“ საქმიანობის თაობაზე. 2017 წლის 23 იანვარს გ------- მ----–--- შეხვდა ი-----–- მ----–---ს და სთხოვა დახმარება ციანიდის შეძენაში, რა მიზნითაც მათ შორის, ბრალდებულისვე ინიციატივით, შემდეგაც შედგა არაერთი შეხვედრა და სატელეფონო კომუნიკაცია. 2017 წლის 2 თებერვალს, შ------- თ--------–---–-ს გერმანიაში გამგზავრების შემდეგ, გ------- მ----–--- აქტიურად ცდილობს დანაშაულის იარაღის ნატრიუმის ციანიდის შესაძენად და დანაშაულის ადგილზე - გერმანიაში გასამგზავრებლად თანხების მობილიზებას. შეიძინა გერმანიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი, ხოლო დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ნატრიუმის ციანიდი და სასაზღვრო პუნქტის შეუფერხებლად გავლის მიზნით, ფარულად მოათავსა იგი ფეხსაცმლის საწმენდი დეზოდორანტის თავსახურში შიდა მხრიდან, რაც ჩადო ჩემოდანში, სადაც ტანსაცმელთან ერთად მოთავსებული იყო პირადი ჰიგიენის სხვადასხვა ნივთი. 2017 წლის 10 თებერვალს ბრალდებული მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბარგი, რომელშიც ფარულად მოთავსებული იყო ნატრიუმის ციანიდი, ჩააბარა საბარგო განყოფილებაში, თავად გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემართა თვითმფრინავში ჩასაჯდომად, რა დროსაც დააკავეს საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებმა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 1-ლი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტები სრულად არის თანხვდენილი მტკიცებულებებთან. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველ ეტაპზე არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი გ------- მ----–---ს მიერ საზღვარგარეთ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რაც, თავის მხრივ, უკავშირდება გარკვეულ პროცედურებს და თვითმფრინავით გამგზავრებას. მხოლოდ აეროპორტში მ----–---ს შესვლით მისი გამგზავრების შესაძლებლობა არ იყო დადასტურებული, ხოლო, როდესაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და ჩააბარა ბარგი, რომლითაც გამოირიცხა მისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამგზავრების დამაბრკოლებელი გარემოებები, ანუ დადასტურდა, რომ ყველა პირობა სახეზე იყო მისი გამგზავრებისთვის, დანაშაულის მომზადებამ უფრო მეტ დამარწმუნებელ ზღვარს მიაღწია. სააპელაციო პალატამ წარმოუდგენლად მიიჩნია ის მოსაზრება, რომ თუ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა იციან, რომ პირი გეგმავს საზღვარგარეთ დანაშაულის ჩადენას, რომლის მომზადებისთვისაც ამ უკანასკნელმა ყველა მოქმედება შეასრულა, არ უნდა მოხდეს პირის დაკავება, ხოლო ამ ვერსიის გაგრძელების სხვა ვარიაციებზე პალატა აღარ შეჩერდა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები საზღვარგარეთ ჩასვლისას და ა.შ.. როდესაც გამოკვეთილია დანაშაულის მომზადება, მისი სისხლის სამართლის კოდექსით კრიმინალიზაცია იმაზე მიანიშნებს, რომ სამართალდამცავებს შეუძლიათ მისი აღკვეთა სწორედ მომზადების სტადიაზე და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რათა ეს უმთავრესი სიკეთე ოდნავადაც არ დადგეს რისკის ქვეშ. ამიტომ სააპელაციო პალატამ სრულიად გამართლებულად მიიჩნია გ------- მ----–---ს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისა და დანაშაულის საგნის ამოღების მომენტი, რაც ასევე ვერავითარ ეჭვს ვერ აღძრავს მტკიცების თვალსაზრისით, რაც ბრალდების მხარის ტვირთია და არა - დაცვის.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ გ------- მ----–---ს მიერ განხორციელებულ ქმედებას, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ნაწილშიც. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, მოწმეების: მ------- ბ------------ს, დ----- ა-----------–---–-ს, ა-–---------- ი-–---–-ს, ზ------ უ----–---ს, ჯ----– ქ--------ს, ო----- მ-----ს, ა-–---------- ფ-----------ს, გ------- ნ-------ს, ნ-----–---- დ-----–---–-ს, გ------- კ-------ს, ლ--–- ბ----–---–-ს ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით სრულად დადასტურდა გ------- მ----–---ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ასევე აღსანიშნავია, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ფაქტი არ უარყო თავად გ------- მ----–---მაც, მიუხედავად იმისა, რომ იარაღის შესანახად მიბარება დაუკავშირა ი-----–- მ----–---ს (რაც უარყო ამ უკანასკნელმა) და რაზეც სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში შეეხება სასჯელის შემსუბუქებას. რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, პალატამ მიიჩნია სამართლიანად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით, არ დასტურდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით (რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე) განხილვის ფაქტი. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ ისინი შეზღუდულები იყვნენ მტკიცებულებათა მოპოვებაში, ვერ იქნა სათანადოდ დასაბუთებული. 2017 წლის 5 სექტემბრის განაჩენში სასამართლომ მიუთითა ყველა იმ არგუმენტსა და მტკიცებულებაზე, რომლებიც ადასტურებდა გ------- მ----–---ს მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას და ასევე პასუხი გასცა ყველა ძირითად მითითებას, რაც სააპელაციო საჩივრებში დაცვის მხარეს ჰქონდა დასახელებული.
რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედებას, როგორც შემაჯამებელი გადაწყვეტილების ნაწილს, რომლის განხორციელებაც ყველა ინსტანციის სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. აღნიშნულზე მიუთითებს როგორც კანონი, ისე სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლი, რომლის მომზადებაც ჰქონდა წარდგენილი გ------- მ----–---ს (სპეციალური მოტივი - ანგარება), წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის განზრახ მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებებს. სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, რაც უკავშირდება იმ ნიშნებს, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალი კვალიფიკაციით დაადგინა გ------- მ----–---ს ბრალეულობა და მიუთითა, რომ ამ მიმართებით სასამართლოს არაფერი დაუმატებია იმ ფაქტებისათვის (ან მსჯავრდებულის ქმედებებისთვის), რაც ბრალდების დადგენილებაში იყო მითითებული. ის ფაქტი, რომ გ------- მ----–--- ამზადებდა მკვლელობას, ანგარებითი მოტივის დაუდგენლობის გამო, შურისძიების მოტივის გამოკვეთით, მიეკუთვნება საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და შესაძლებელია, მიჩნეული იყოს ზოგად ნორმად მკვლელობის მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან მიმართებით.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა:
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მიუთითა, რომ გ------- მ----–---ს ქმედებაში ანგარებითი მოტივი არ იკვეთება. პალატამ განმარტა შემდეგი: თავად ბრალდების მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ გ------- მ----–---ს გააჩნდა შურისძიების მოტივიც, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ შ------- თ--------–---–ს გ------- მ----–--- კარიერული წინსვლის დამაბრკოლებლად აღიქვამდა და მიაჩნდა, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა შეუსაბამოდ მაღალი ზეგავლენა, რომლის გამოყენებითაც ცდილობდა მის გათავისუფლებას შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან.
სხდომაზე დაკითხვისას არაერთმა მოწმემ ისაუბრა შ------- თ--------–---–-ს დიდ უფლებამოსილებაზე და ცხადია, რომ საპატრიარქოს არაერთი სასულიერო თუ საერო წარმომადგენელი ცდილობდა მისი უფლებამოსილებების შეკვეცას.
ანგარებაში იგულისხმება მატერიალური გამორჩენის მიღება, გამდიდრებისკენ მისწრაფება და ა.შ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გ------- მ----–---ს ჰქონდა ამბიციები კარიერასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ადასტურებს ჩანაწერები, სადაც გ------- მ----–--- ი-----–- მ----–---ს ეუბნება, რომ „ჩემი ხელი ჭირდებათ მაგათ, იკა“, ... „დედა უნდა უტირო, პროსტა ასაკი არ მიწყობს ხელს, თვარა“, ... „მე ბევრ რაღაცაზე მაქვს პრეტენზია მანდ. ჯერ თავს ვიკავებ“,... „შენ კარგ ადგილს დაიკავებ“, „მე ეხლა გეტყვი პირდაპირ, აი ესენი იბრძვიან, რო მე მოვხვდე იქ“, „შიგნით იქ, აი რაღაც თანამდებობაზე“. კითხვაზე: ქონებაში ხომ არის, გ------ მ----–--- პასუხობს: „ჩვენ ქონება არ გვაწყობს. ქონება ეს ისეთი თემა არაა. ეს იყო იმისთვის, რო იქ შევსულიყავი“, „მე წავალ ბ----------–-ს ადგილზე“, „ან შ-------ს ადგილზე, ან მამა დ------ს ადგილზე, უფრო პირველ ეტაპზე მამა დ------ს ადგილზე“. თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ შექმნილა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, რაც დაადასტურებდა სწორედ ანგარებით მკვლელობის მომზადებას. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მიუთითებს შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაზე.
6. კასატორების მოთხოვნები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორები - ჯარჯი წიკლაური, ვლადიმერ ვექილიანი და ზვიად გუბელაძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: გ------- მ----–---ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
მსჯავრდებული გ------- მ----–--- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - მ-----– რ---–---–-, მ-- ზ-----, გ------- ფ--–---–---, პ----- მ-----–---–-, ს---–--- კ-------- და თ----- ა---–---- საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში გ. მ----–---ს გამართლებას, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირებასა და პირობით ჩათვლას, იმავე საფუძვლებით, რაზეც უთითებდნენ სააპელაციო საჩივარში.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. დაცვის მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორების მოსაზრებას, რომ მსჯავრდებული გ------- მ----–--- არის უდანაშაულო და უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და კასატორებს არ მიუთითებიათ გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით ნათლად არის დასაბუთებული ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ საქმეში წარმოდგენილი, ერთმანეთთან თანხვდენილი, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- მ----–---მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 18,108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები. ამასთან, განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულმა გ------- მ----–---მ დანაშაულის ჩასადენად განზრახ შექმნა ყველა პირობა, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს დანაშაულის დაუმთავრებელ მომზადებად, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალების მიხედვით უტყუარად არის დადგენილი, რომ გ------- მ----–---მ მოიძია ინფორმაცია ციანიდის თვისებებსა და ადამიანზე მისი ზემოქმედების, ასევე მისი მოპოვების შესახებ; დაუკავშირდა თავის ახლობელს - ი-----–- მ----–---ს, რომელსაც სთხოვა დახმარება ციანიდის შეძენაში, რა მიზნითაც მათ შორის, ბრალდებულისავე ინიციატივით შედგა არაერთი შეხვედრა და სატელეფონო კომუნიკაცია; შ------- თ--------–---–-ს გერმანიაში გამგზავრების შემდეგ აქტიურად მოქმედებდა დანაშაულის იარაღის - ნატრიუმის ციანიდის შეძენისა და დანაშაულის ჩადენის ადგილზე, გერმანიაში გასამგზავრებლად თანხების მობილიზების მიზნით; შეიძინა გერმანიაში გასამგზავრებელი ავიაბილეთი; დაუდგენელ ვითარებაში შეიძინა ნატრიუმის ციანიდი, რომელიც სასაზღვრო პუნქტის შეუფერხებლად გავლის მიზნით, ფარულად მოათავსა ფეხსაცმლის საწმენდი დეზოდორანტის თავსახურში, შიდა მხრიდან, რაც შეინახა ჩემოდანში, სადაც ტანსაცმელთან ერთად ეწყო პირადი ჰიგიენის სხვადასხვა ნივთი; შემდეგ მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ბარგი, რომელშიც ფარულად მოთავსებული იყო ნატრიუმის ციანიდი, ჩააბარა საბარგო განყოფილებაში; გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემართა თვითმფრინავში ჩასაჯდომად, რა დროსაც დააკავეს გამომძიებლებმა. შესაბამისად, მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურებულია, რომ გ------- მ----–--- ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემზადებოდა და შექმნა ყველა პირობა დანაშაულის ჩასადენად.
12. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ გ------- მ----–---ს ქმედებაში გამოკვეთილია პირდაპირი განზრახვა, რა დროსაც მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა ამ ქმედების შესაძლო შედეგს - დაზარალებულის სიკვდილს, სურდა ეს შედეგი და ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. საკასაციო პალატა ამავდროულად აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ------- მ----–---ს ჰქონდა სრული შესაძლებლობა ყველა კანონიერი მეთოდით თავი დაეცვა მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებებისგან.
13. რაც შეეხება დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ ციანიდი მსჯავრდებულს „ჩაუდეს“ და საგამოძიებო მოქმედებები - გ------- მ----–---ს პირადი ჩხრეკა და ბარგის ამოღება ჩატარდა კანონდარღვევით, აღნიშნული არ დასტურდება საქმის მასალებით და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დადგენილი პრეცედენტული სამართლით, დასაშვებად მიიჩნევს კონვენციის მე-8 მუხლით (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) გათვალისწინებულ უფლებებში აუცილებელ ჩარევას „დანაშაულის პრევენციის“ ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ კონვენციით განსაზღვრულ უფლებებში ჩარევა უნდა იყოს „კანონით გათვალისწინებული“, ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზნებს და „აუცილებელი იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში“. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „აუცილებლობის“ ცნება გულისხმობს, რომ ჩარევა შეესაბამება მწვავე სოციალურ საჭიროებას, კერძოდ, იგი პროპორციულია დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან. ხოლო, იმის განსასაზღვრავად, იყო თუ არა ჩარევა „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“, ევროსასამართლო ითვალისწინებს წევრი სახელმწიფოების შეფასების გარკვეულ ზღვარს (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: მასტეპანი რუსეთის წინააღმდეგ (Mastepan v. Russia), N3708/03, §§ 39-46, ECtHR, 14.04.2010; ჯანიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ (Janiashvili v. Georgia), N35887/05, §91, ECtHR, 27.02.2013). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში მსჯავრდებულ გ------- მ----–---ს მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები შეესაბამება როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
14. ამასთანავე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რის დასტურადაც ისინი აპელირებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე და უთითებენ, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება (სასამართლოს ხელმისაწვდომობა და მიუკერძოებლობა, დამოუკიდებელი სასამართლო, მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება, უკანონოდ ან კონვენციის მოთხოვნების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებების გამოყენება, დანაშაულის წაქეზება და პროვოცირება, ღია სხდომაზე სასამართლო განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთი).
15. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ------- მ----–---ს მიმართ არ დარღვეულა ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და, შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ------- მ----–---ს მიმართ არის კანონიერი. გასაჩივრებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილში დეტალურად და ამომწურავადაა მითითებული საქმის ყველა ძირითად ასპექტებსა და მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც გ------- მ----–---ს დაედო მსჯავრი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს.
16. გარდა ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ მტკიცების სტანდარტსა და სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთებულობის ხარისხზე, კერძოდ, საქმის გარემოებების დასადგენად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ, (El-Masri v. The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], განაცხადი N39630/09, §151, ECtHR, 13.12.2012, ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], განაცხადი N 29750/09, §48, ECtHR, 16.09.2014.). სასამართლოს აღნიშნული მიდგომით, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების დონეზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადი N 10590/83, §68, ECtHR, 06.12.1988). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მისი ფუნქცია არ არის, გამოთქვას მოსაზრება მტკიცებულების რელევანტურობის თაობაზე, ასევე პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის შესახებ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: პოპოვი რუსეთის წინააღმდეგ (Popov v. Russia) განაცხადი N 26853/04, §188, ECtHR, 11.12.2006). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, რომ სასამართლო ვალდებულია, მხარეს დეტალური პასუხი გასცეს ყველა არგუმენტთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ვან დერ ჰურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Van de Hurk v. the Netherlands) განაცხადი N16034/90 , §61, ECtHR, 19.04.1994; ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (Jgarkava v. Georgia ), განაცხადი N7932/03, §71, ECtHR, 24.05.2009). გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს სასამართლოს მოსაზრებები საქმის გადამწყვეტ ასპექტებთან დაკავშირებით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ბოლდეა რუმინეთის წინააღმდეგ (Boldea v. Romania), განაცხადი N19997/02 , §30, ECtHR, 15.02.2007). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დაცულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი მიდგომები მტკიცების წესზე, მტკიცებულებების შეფასებასა და განაჩენის დასაბუთების სტანდარტებთან დაკავშირებით.
17. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და ისე განუსაზღვრეს მსჯავრდებულ გ------- მ----–---ს სამართლიანი სასჯელი.
18. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულის ქმედების საქართველოს სსკ-ის 18,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ანგარებით) დაკვალიფიცირების შესახებ და მოცემულ ნაწილშიც სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ გ------- მ----–---ს ქმედებაში ანგარებითი მოტივი არ იკვეთება.
19. აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ, (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; §30; ECtHR; 25.12.2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ (No. 2), (Gorou v. Greece (No. 2)), განაცხადი N 12686/03; §37, §41; ECtHR; 20.03.2009).
20. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა დაცვისა და ბრალდების მხარეების იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
21. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორების - ჯარჯი წიკლაურის, ვლადიმერ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის, მსჯავრდებულ გ------- მ----–---სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ-----– რ---–---–-ს, მ-- ზ-----ს, გ------- ფ--–---–---ს, პ----- მ-----–---–-ს, ს---–--- კ--------სა და თ----- ა---–----ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი