განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
820100117001910205
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100117001910205

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№148აპ-18 ქ. თბილისი

კ--–--- ნ----, 148აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით ნ---- კ--–---, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 125–ე მუხლის მე–2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 700 ლარი.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ---- კ--–---მ ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შგემდეგში:

 

2016 წლის 14 ნოემბერს, ხ--–--------ის რაიონის სოფელ ქ-------------ში, ნ---- კ--–---მ სხეულზე ხელით რამდენჯერმე დარტყმით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვიდი წლის ა---- ა-–-–----ეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი, რამაც გამოიწვია მისი სხეულის მსუბუქი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ---- კ--–---მ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია; სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ა---- ა-–-–----ემ მართალია განაცხადა, რომ მას თითქოს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა, აღნიშნული ჩვენება ბავშვმა სასამართლოს მიაწოდა ბრალდების მხარისა და მამის, დ----- ა-–-–----ის დარიგებით, თავად დ----- ა-–-–----ის ჩვენება კი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას. შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისთვის ბრალად შერაცხულ ცემის ფაქტს.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

 

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მისი უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან დაზარალებულ ა---- ა-–-–----ისა და მოწმეების - იამზე ქორიძის, უმიან თედორაძის, დ----- ა-–-–----ის ჩვენებები, ექსპერტ მამუკა მეტრეველის ჩვენება და მის მიერ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა უტყუარად მიუთითებენ ნ---- კ--–--ის მიერ არასრულწლოვან ა---- ა-–-–----ის ცემის ფაქტზე.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ნ---- კ--–--ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე