განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100117002186787
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№139აპ-18 ქ. თბილისი
მ-------- ა---------–, 139აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ა---------– მ--------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 1261–ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება სასჯელის ნაწილში, კერძოდ:
ა---------– მ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 (ორას ორმოცდაათი) საათით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ა---------– მ--------ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო – 2017 წლის 7 ოქტომბრიდან 2017 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 5 საათი და საბოლოოდ, ა---------– მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 125 (ას ოცდახუთი) საათით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა---------– მ--------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ–ის 117–ე, 118–ე, 120–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით 17.00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ა---------– მ-------- მივიდა ქალაქ ს-----------ში, ნ-----–--–---–ის ქუჩის №---–ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში და ფინანსური პრობლემებით გაღიზიანებულმა დაიწყო ლანძღვა–გინება, რა დროსაც ხელით უბიძგა შვილიშვილს, 4 წლის ა-–---------- გ-------–-ას, მომხდარს შეესწრო და შვილიშვილს გამოესარჩლა ა---------– მ--------ს მეუღლე ფ------ გ--------, რის გამოც მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი. აღნიშნულით განაწყენებულმა ა---------– მ--------მ ფ------ გ--------ს არასრულწლოვანი შვილიშვილების, 3 წლის გ--------- გ-------–-ასა და 4 წლის ა-–---------- გ-------–-ას თანდასწრებით თავის არეში დაარტყა ხელი. ა---------– მ--------ს დარტყმის შედეგად ფ------ გ--------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ირაკლი შვანგირაძემ და ითხოვა მსჯავრდებულ ა---------– მ--------სთვის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და საშიშროების გათვალისწინებით, უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას სასჯელის გამკაცრების თაობაზე, ვინაიდან, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აქვს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს უმუშევარი მეუღლე, მოხუცი დედა და ორი მცირეწლოვანი, ობოლი შვილიშვილი და შერიგებულია დაზარალებულთან, მიზანშეუწონლად მიაჩნია სასჯელის დამძიმება.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირაკლი შვანგირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე