განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700055586
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№133აპ-18 ქ. თბილისი
ს------–---–- შ--–--, 133აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, შ--–-- ს------–---–ს, - დაბადებულს 1--- წელს, პ----- ხ------–---–ს, - დაბადებულს 1--- წელს და ლ---- ქ------–--ეს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი დაედოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გ----ის რაიონის სოფელ ბ---–-----ის საგუშაგოზე მივლინებულმა წვევამდელებმა – გ------- გ-------–---–მა, ზ---- ნ-------ემ და ა-–---- თ------ემ 2014 წლის ივლისში ოცეულის მეთაურ შ--–-- ს------–---–-სთვის ათი კოლოფი სიგარეტის მისატანად თვითნებურად დროებით დატოვეს საგუშაგო. საგუშაგოს უნებართვოდ დატოვებისათვის, მათი დაშინებისა და დასჯის მიზნით, შ--–-- ს------–---–მა, ათეულის მეთაურმა პ----- ხ------–---–მა და ათეულის სერჟანტმა ლ---- ქ------–--ემ გ------- გ-------–---–ი, ზ---- ნ-------ე და ა-–---- თ------ე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიყვანეს ყაზარმის სარდაფში, სადაც ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა – სცემეს ხელებითა და ფეხებით, დააყენეს მუხლებზე, რა დროსაც შ. ს------–---–მა საქამრიდან ამოიღო მასზე განპირობებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და დაემუქრა მათ სიცოცხლის მოსპობით. წვევამდელების ცემა, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა გრძელდებოდა დაახლოებით 30 წუთს. აღნიშნულის შემდეგ, კვლავ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შ--–-- ს------–---–მა, პ----- ხ------–---–მა და ლ---- ქ------–--ემ, დადგენილი წესის უგულებელყოფით, ზ---- ნ-------ე, გ------- გ-------–---–ი და ა-–---- თ------ე აიძულეს, ჯარისკაცის სრული აღჭურვილობით დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეუცვლელად მდგარიყვნენ საგუშაგოზე. ზ---- ნ-------ემ და გ------- გ-------–---–მა ვერ გაუძლეს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას, რის შედეგადაც კვლავ თვითნებურად დატოვეს საგუშაგოს ტერიტორია.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენით პ----- ხ------–---–ი, ლ---- ქ------–--ე და შ--–-- ს------–---–- ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა დავით გუმბერიძემ და ითხოვა პ----- ხ------–---–ის, ლ---- ქ------–--ისა და შ--–-- ს------–---–-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით, იმ მოტივით, რომ დაზარალებულთა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტებისა და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ პ----- ხ------–---–მა, ლ---- ქ------–--ემ და შ--–-- ს------–---–მა ისარგებლეს სამსახურებრივი მდგომარეობით და მათზე თანამდებობრივად დამოკიდებულ პირებზე გასცეს კანონით აკრძალული ბრძანება, რის საფუძველზეც შელახეს მათი კანონით დადგენილი უფლება, რასაც მოჰყვა ძლიერი ფიზიკური ტკივილის განცდა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.
8. პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი პ----- ხ------–---–ის, ლ---- ქ------–--ისა და შ--–-- ს------–---–-ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულების სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს და უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის პროკურატურის პროკურორ დავით გუმბერიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე