განჩინება

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
010100218700053246
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700053246

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№70აპ-18 ქ. თბილისი

ქ------–---–- გ-------, 70აპ-18 26 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ქ------–---–ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალი ედებოდა სამსახურებრივ გულგრილობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

გ------- ქ------–---–- 2009 წლის 30 ივნისიდან მუშაობდა რა ქ. თ---–---- მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსად, „საჯარო სამსახურის“ შესახებ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის თანახმად, წარმოადგენდა მოხელეს.

 

2014 წლის 5 მაისს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ თ---–---- მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს მიმართა და ითხოვა თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებული, ყოფილი ზ-------------------–--------------ის ტერიტორიაზე დაგეგმილი საგამოფენო მოედნის მოწყობის მიზნით, ტერიტორიაზე არსებული 200 ძირი წიწვოვანი და 100 ძირი ფოთლოვანი ნარგავის სხვა ტერიტორიაზე გადატანაზე ანდა მათ მოჭრაზე ნებართვის გაცემა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი ზ-------------------–--------------ი მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და თ---–---- მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა საკითხის გადაწყვეტაზე, გ------- ქ------–---–მა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, და 2014 წლის 15 მაისს გასცა თანხმობა 200 ძირი წიწვოვანი და 100 ფოთლოვანი ჯიშის ხის მოჭრაზე.

 

აღნიშნული თანხმობის საფუძველზე, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ორგანიზებით, 2014 წლის ივნისში მოიჭრა 271 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე, რითიც გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 185 640 ლარი შეადგინა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 მაისის განაჩენით გ------- ქ------–---–- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ და ითხოვა გ------- ქ------–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტი.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემული საქმის ფატობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ეჭვქვეშ დგება ქ------–---–-ს ქმედებით სახელმწიფოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მისთვის სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალად შერაცხვის სამართლებრივ შესაძლებლობას.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ ლაშა კოტრიკაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე