განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100116001392519
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№97აპ-18 ქ. თბილისი
ჟ------- დ-----, 97აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენზე მესტიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ ხურციას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დ----- ჟ-------, – დ----------–-------–-–------------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; დ----- ჟ-------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ალექსანდრე ჟ-------ს კუთვნილ უძრავ ქონებას (მდებარე: ო----------ის რაიონის სოფელ გ----------ში (ს/კ: 26.06.06.1--)) მოეხსნა ყადაღა. გამართლებულს განემარტა, რომ მას აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღურება.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2014 წლის 28 აპრილს დაბა მ------ში, ბ. კ-----ის ქუჩის N---ში არსებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მ------ ჭ--–-ს სანაპიროზე, დ----- ჟ------მა ტ------– ნ----ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ, მარცხენა თვალის, შუბლის, ცხვირისა და საფეთქლების არეში, რამაც გამოიწვია პარაჰიპოკამპული ზონების დაზიანება მარცხენა, საფეთქლის ქიცვაზე კორტიკალური შრის ხაზოვანი რღვევა. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: ტ------– ნ----ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა; თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ტ------– ნ----ს არ შეუძლია, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ტ------– ნ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 იანვრის განაჩენის გაუქმებას, დ----- ჟ-------ს გამტყუნებას წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მითითებით, სასამართლო-სამედიცინო დასკვნით დადასტურებულია ტ------– ნ----ის სახეულზე არსებული დაზიანებების ფაქტი; დაზიანებები განვითარებულია საგნების არაერთჯერადი ზემოქმედებით; ხოლო სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა; ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ აშლილობა გამოიწვია თავის ტვინის დაზიანებამ და დისფუნქციამ, რაც ფიზიკური ზემოქმედების თანმდევი მოვლენაა, მითუმეტეს, რომ ტ. ნ----ს ამ ფაქტამდე არანაირი სახის ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არასრულფასოვნად შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ დ----- ჟ-------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით.
9. მტკიცებულებები, რომლებიც დ----- ჟ-------ს ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის - ე-----–- ნ----ის, მ--–---- რ-------სა და გ---–----- ს----–---ის ჩვენებები), ვერ ქმნის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ------– ნ----ის ფსიქიკური მდგომარეობა გამოიწვია თუ არა 2014 წლის 28 აპრილს დ----- ჟ-------ს მიერ ცემამ, კატეგორიული პასუხის გაცემა შეუძლებელია. ამდენად, სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება.
10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მესტიის რაიონული პროკურატურის პროკურორ რამაზ ხურციას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე