განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700053926
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№96აპ-18 ქ. თბილისი
ბ------–---–ი გ-------, 96აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ბ------–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განაჩენით გ------- ბ------–---–ი, – დაბადებული 1----–-–----------------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 თებერვლიდან. გ------- ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
2. აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ: გ------- ბ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 თებერვლიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 16:30 საათზე, გ----–ი, შ------ის გზატკეცილზე, N-- და N-- საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, გ. ბ------–---–მა თანნაქონი დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა გ--- მ------–-–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრებით დაცვის მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და გორის რაიონული სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვებას; კასატორის პოზიციით, გ. ბ------–---–ს გაცნობიერებული აქვს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და მისთვის უცნობია პროკურორის მითითების წყარო, თითქოსდა, მსჯავრდებული არ გამოთქვამს მზადყოფნასა და სურვილს, აანაზღაუროს მიყენებული ზიანი; გ. ბ------–---–მა აღიარა დანაშაული და სადავოდ არ გახადა მტკიცებულებები; სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია არის ზოგადი ხასიათის და არ ეყრდნობა სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და დაასაბუთა, თუ რატომ დაუმძიმა მსჯავრდებულ გ------- ბ------–---–ს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- ბ------–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე