განჩინება

სისხლის სამართლის 31.07.2018
საქმის ნომერი
010141318700054472
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700054472

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№104აპ-18 ქ. თბილისი

ა-----ე გ-------, 104აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ------- ა-----ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 ივლისის განაჩენით:

 

გ------- ა-----ე, – დაბადებული 1----–-–-----------, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რეადქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

მ------ ა-----ე, – დაბადებული 1966 წლის 14 ივნისს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.

 

ციალა ა-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ---–--–ი, ც-------–ის ქუჩის N--, ავტოსადგომი N-, სართული 1, ს/კ 0------------------) დადებული ყადაღა გაუქმდა.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2015 წლის 18 აგვისტოს თ---–--–ი, ა-–- ყ------ის გამზირის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გ------- ა-----ემ ვ------- მ----------ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გ. ა-----ემ ხელები და ფეხები დაარტყა ვ. მ----------ს სხეულის სხვადასხვა ადგილას, რა დროსაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 

2015 წლის 18 აგვისტოს თ---–--–ი, ა-–- ყ------ის გამზირის N---ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მ------ ა-----ემ დააზიანა ვ------- მ----------ის კუთვნილი „მერსედეს-ბენცის“ მარკის, სახ. ნომრით V------, ა/მანქანის უკანა მაშუქები, რითაც ვ. მ----------ს მიადგა 440 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- ა-----ემ და ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და გ------- ა-----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. კასატორის მითითებით, ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანება არ ჰქონდა, ხოლო ყველა სხვა ჩივილი წარმოადგენს მის სუბიექტურ შეფასებას; სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა ერთი პირდაპირი და სამი ირიბი მოწმის ჩვენებებს, რომლებსაც ინფორმაცია თავად დაზარალებულისაგან გააჩნდათ; აღნიშნული ფაქტი მოხდა სადარბაზოში და მეზობლებს თავისუფლებად შეეძლოთ გაეგოთ ჩხუბის ხმა; ვინაიდან დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის არსებობდა დაპირისპირება, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო დაზარალებულის დაინტერესება საქმის შედეგისადმი; დაზარალებულის პირველად მიცემული ჩვენება განსხვავდება მეორედ მიცემული ჩვენებისაგან.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების - ქ------- ჯ--–----ისა და ვ-–-------- გ-------–-–---–ის ჩვენებები, სამედიცინო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში აღნიშნული ტკივილის შესახებ ჩივილებსა და დაზარალებულ ვ------- მ----------ის ჩვენებასთან ერთად ქმნის საკმარის საფუძველს პირის მსჯავრდებისათის. აღნიშნული მტკიცებულებები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა

 

8. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ------- ა-----ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

 

პ. სილაგაძე