განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700056176
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№159აპ-18 ქ. თბილისი
თ----------–--ე ა------, 159აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენზე მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით ა------ თ----------–--ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ა------ თ----------–--ე, – დაბადებული 1----–-–----------, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით; ა------ თ----------–--ეს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 28 აგვისტოდან იმავე წლის 11 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელის აღსრულება მას გადაუვადდა ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე; ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით - გასარკვევად იმისა, არის თუ არა ა. თ----------–--ე მძიმე ავადმყოფი, მსჯავრდებულმა შეხსენების გარეშე, მისივე ხარჯით წელიწადში ერთხელ უნდა ჩაიტაროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნა უნდა წარადგინოს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ყოველი მომდევნო წლის 1-ლ ივნისამდე; მასვე განემარტა, რომ თუ იგი მითითებული პერიოდულობით არ წარუდგენს სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნას, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად მსჯავრდებულ ა------ თ----------–--ის შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.
ა------ თ----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და მის შემტან პირს - ვასილ თ----------–--ეს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდა შეტანილი გირაოს თანხა - 3000 ლარი.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, 2015 წლის 9 აგვისტოს, დაახლოებით 18:30 საათზე, დ--–---ის რაიონის სოფელ ა-----------ში, გ------- პ--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ურთიერთშელაპრაკების ნიადაგზე ა------ თ----------–--ემ სცადა გ------- პ--------ის განზრახ მკვლელობა, რა დროსაც მან ხელთ არსებული დანა გ. პ--------ს გულმკერდის მარცხენა ნახევარში დაარტყა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ბრალდების მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 25 იანვრის განაჩენის გაუქმებას, ა------ თ----------–--ეს გამტყუნებას წარდგენილ ბრალდებაში და შესაბამისი სასჯელის (პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით) დანიშვნას. კასატორის მითითებით, ბრალდებულმა უარყო სუფრაზე მისი და გ------- პ--------ის გარდა სხვა პირის ყოფნის ფაქტი, მაშინ, როდესაც სანდრო გელიაშვილმა მოწმედ დაკითხვის დროს განმარტა, რომ სამივე ერთად სვამდა და სუფრიდან მაშინ ადგა და წავიდა, როდესაც ა. თ----------–--ემ და გ. პ--------მა ერთმანეთთან შელაპარაკება და შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს; ა. თ----------–--ეს აქვს მეხსიერების პრობლემები, რის გამოც სასამართლოს მისი ჩვენება არ უნდა გაეზიარებინა; ვინაიდან გ. პ--------მა შეაგინა ა. თ----------–--ეს, მან სწორედ შურისძიების მიზნით აიღო დანა და დაარტყა გულმკერდში გ. პ--------ს; ვინაიდან გამოძიების დროს ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, ა. თ----------–--ეს ნაკლებად მძიმე დაზიანება ჰქონდა მიყენებული, სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა არ უნდა გაეზიარებინა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგ. იხ. №227აპ-16 გადაწყვეტილება), ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა. თ----------–--ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიუთითა გარემოებებზე (მათ შორის - მსჯავრდებულისა და დაზარალებულის მრავალწლიანი მეგობრობის ფაქტსა და იმ გარემოებაზე, რომ ა. თ----------–--ემ დანა იქვე არსებული მაგიდიდან აიღო და სპეციალურად არ მიუტანია), რომლებიც გამორიცხავს ა. თ----------–--ის მხრიდან მკვლელობის განზრახვის არსებობას.
10. საკასაციო სასამართლო აგრეთვე ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებს საქართველოს სსსკ-ის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ა------ თ----------–--ისათვის დანიშნული სასჯელის აღსრულების გადავადების (ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე) ნაწილში.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნაზი მირიანაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე