განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 820100116001537425
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№103აპ-18 ქ. თბილისი
ნ-----–--ე ჯ----, 103აპ-18 31 ივლისი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ---- ნ-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ხ--–--------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განაჩენით ჯ---- ნ-----–--ე, – დაბადებული 1----–-–----------------–-, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა - 8 წლით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 8 სექტემბრიდან.
მასვე ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური საქმიანობის უფლება, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ჯ---- ნ-----–--ემ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0.15843 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და შეინახა საკუთრებაში არსებული „ოპელის“ მარკის, სახ. ნომრით G------, ავტომანქანაში, რაც 2016 წლის 8 სექტემბერს ხ--–--------ის რაიონის სოფელ ს-----ში ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 10 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლას. კასატორის მითითებით, ჯ---- ნ-----–--ემ გამოძიების სტადიიდანვე აღიარა, რომ უკანონოდ შეიძინა და შეინახა თავისი ავტომანქანიდან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება; მან მტკიცებულებები ცნო უდავოდ; ჯ---- ნ-----–--ე ნასამართლების არმქონეა, ხასიათდება დადებითად; ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, აგრეთვე - ასაკოვანი, ავადმყოფი მამა.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. დაცვის მხარის მითითებას ნაკლებად მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან ჯ. ნ-----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალურად შეაფასა მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, გაითვალისწინა დაცვის მხარის მიერ მითითებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მათ შორის - დანაშაულის აღიარება, მონანიება) და ისე დაუნიშნა მას სასჯელი. საკასაციო პალატა აგრეთვე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენების შეუძლებლობაზე (დანაშაულზე წასწრების მოტივით), ვინაიდან პოლიციის თანამშრომლებმა ჯ---- ნ-----–--ის დაკავებისას მისგან ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
9. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ჯ---- ნ-----–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- დ---–-–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე