განჩინება

სისხლის სამართლის 11.09.2018
საქმის ნომერი
010141318700057114
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057114

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №184აპ-18 ქ. თბილისი

გ------–------ შ-----, 184აპ-18 12 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, შ----- გ------–-----ს ბრალი დაედო ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალიწინებული შედეგი; მუქარაში, ესე იგი სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 3 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, ნასვამი შ----- გ------–------ მივიდა თ---–--–-, ყოფილი მეუღლის - ს------- გ------–------ს დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე: მაჩაბლის ქუჩა №---ში, რა დროსაც ს------- გ------–-----ს ეჭვიანობის ნიადაგზე, ძალადობის გამოყენებით,სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სახისა და ტანის არეში ხელისა და ფეხის არაერთჯერადი დარტყმებით, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

იმავე დღეს, 2017 წლის 3 მარტს, დაახლოებით 10:00 საათზე, ყოფილი მეუღლის - ს------- გ------–------ს საცხოვრებელ სახლში, შ----- გ------–-----მა ს------- გ------–-----ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა, კერძოდ, ხელებისა და ფეხების არაერთჯერადი დარტყმით და საყოფაცხოვრებო დანის ყელზე მიბჯენით, ს------- გ------–-----ს მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანება. შ----- გ------–------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, ს------- გ------–-----მა ყოველი დარტყმისა და დანის ყელზე გასმის შედეგად, ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ს------- გ------–------ს დროებით საცხოვრებელ სახლში შ----- გ------–------ საყოფაცხოვრებო დანის ყელზე მიბჯენით ს------- გ------–-----ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური და საფუძვლიანი შიში.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის განაჩენით:

შ----- გ------–------ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

შ----- გ------–------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2017 წლის 3 მარტიდან იმავე წლის 19 ივლისის ჩათვლით), მოხდილი აქვს. გაუქმდა მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

 

განაჩენით მსჯავრდებულ შ----- გ------–------ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 3 მარტს, დაახლოებით 02:30 საათზე, ნასვამმა შ----- გ------–-----მა თ---–--–-, ს------- გ------–------ს დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე: მაჩაბლის ქუჩა №---ში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - ს------- გ------–-----ს, ძალადობის გამოყენებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში ხელისა და ფეხის არაერთჯერადი დარტყმებით, რამაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. იმავე დღეს, დაახლოებით 10:00 საათზე, ყოფილი მეუღლის - ს------- გ------–------ს საცხოვრებელ სახლში მყოფმა შ----- გ------–-----მა ს------- გ------–-----ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კიდევ ერთხელ მიაყენა, კერძოდ, ხელებისა და ფეხების არაერთჯერადი დარტყმებით, ს------- გ------–-----ს მიაყენა სხეულის მრავლობითი დაზიანება, რა დროსაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სხეულის მრავლობითი დაზიანება, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ შ----- გ------–-----ს მსჯავრი დაედოს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაშიც და განესაზღვროს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: შ----- გ------–------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა.

 

9. სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი, რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარე საჩივარში არ უთითებს.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

ვ. როინიშვილი