განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.09.2018
საქმის ნომერი
080210016001435860
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 080210016001435860

საქმე №ას-825-825-2018 20 სექტემბერი, 2018 წელი

№ას-825-825-2018 ლ---–--ა ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ------ ლ---–--ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ც------ ს--–----ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ც------ ს--–----ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ------ ლ---–--ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 17150 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 7000 აშშ დოლარი, სარგებელი კი – 10150 აშშ დოლარი.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 15 თებერვალს მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 7000 აშშ დოლარი ყოველთვირად 5% სარგებლის დარიცხვის პირობით, თუმცა მოვალეს არც ძირითადი თანხა და არც პროცენტი არ გადაუხდია.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი 4600 აშშ დოლარის ნაწილში ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე მას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ რეალურად მოსარჩელისაგან სესხი აიღო მოპასუხის მეუღლემ და თანხის გადახდა მას არ უნდა დაეკისროს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 7000 აშშ დოლარისა და სარგებლის – 10150 აშშ დოლარს გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 15 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი თვეში 5% სარგებლის (350 აშშ დოლარის) დარიცხვის პირობით.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება სესხის თუნდაც ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე ან იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სესხი უშუალოდ მოპასუხეს არ აუღია.

8. სესხის გაცემის დროიდან – 2014 წლის 15 თებერვლიდან სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე (2016 წლის 18 ივლისი) გასულია 29 თვე. ამ პერიოდზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 10 150 აშშ დოლარს (29 X 350=10150).

9. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 623-624-ე მუხლები, სსსკ-ის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები და აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, რომლის სამართლებრივი განმარტება მოცემულია სსკ-ის 623-624-ე მუხლებში.

10. განსახილველ შემთხვევაში სადავოა 17150 აშშ დოლარის დავალიანებიდან ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების მოცულობა. კერძოდ, აპელანტის მითითებით, მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, გადასახდელად დარჩილია 5800 აშშ დოლარი, თუმცა თანხის გადახდაზე, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

11. სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე, მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით.

12. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის, სსკ-ის 427-ე მუხლის, 429-ე მუხლის პირველი ნაწილის, 430-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება არ არის საკმარისი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ 2014 წლის 15 თებერვლის სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების ნაწილი მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს და გადასახდელად დარჩენილია 5800 აშშ დოლარი.

13. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

14. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) არ დაეთანხმა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას თანხის ნაწილის გადახდასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ სსკ-ის 427-ე, 429.1-ე, 430-ე მუხლებისა და სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება სესხის ნაწილის გადახდისა და 17150 აშშ დოლარიდან მხოლოდ 5800 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობის თაობაზე, სასამართლოსათვის სარწმუნო და საკმარისი არ არის და გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე დასაბუთებულია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა სსსკ-ის 394-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან საქმე განიხილა შემადგენლობამ სამი მოსამართლის მონაწილეობით, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას ხელს აწერს ერთი მოსამართლე. შესაბამისად, გაურკვეველია სხვა მოსამართლეების პოზიცია დავის მიმართ.

17. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მის მიმართ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება. მოპასუხეს შეეზღუდა სსსკ-ის 219-ე, 380-ე და 382-ე მუხლებით გარანტირებული მტკიცებულებათა წარდგენისა და ფაქტების მითითების უფლება. მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიერ შედგენილი ხელწერილი, რომლითაც დადასტურებულია, რომ მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 2550 აშშ დოლარი. მოსარჩელეს მის მიერ აღნიშნული დოკუმენტის შედგენა სადავოდ არ გაუხდია, მან მიუთითა, რომ დასახელებული მტკიცებულების წარდგენით სასამართლო გადაიტვირთებოდა. სააპელაციო პალატამ არასწორად მიუთითა განჩინებაში, რომ ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების შესახებ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ასახა გარემოებები. მას უნდა მიეთითებინა, რომ მხარემ წარადგინა მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ საქმეს არ დაურთო.

18. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო დაინტერესებული უნდა იყოს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით და არა მხოლოდ იმის მტკიცებით, რომ კონკრეტული მტკიცებულების წარმოდგენა მხარეს შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული მტკიცებულების საქმეზე დართვა არსებითად შეცვლიდა დავის ბედს. შესაბამისად, კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის 2018 წლის 14 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება და სასურველი ხელწერილი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვის დავალება.

19. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით მას უკვე გადახდილი თანხის ხელახლა გადახდა არ უნდა დაეკისროს. მხარის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 15 თებერვალს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 7000 აშშ დოლარი თვეში 5% სარგებლის (350 აშშ დოლარის) დარიცხვის პირობით.

23. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია მტკიცებულება სესხის თუნდაც ნაწილობრივ დაფარვის თაობაზე ან იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სესხი უშუალოდ მოპასუხეს არ აუღია.

24. სესხის გაცემის დროიდან – 2014 წლის 15 თებერვლიდან სასამართლოში სარჩელის შემოტანამდე (2016 წლის 18 ივლისი) გასულია 29 თვე. ამ პერიოდზე დარიცხული სარგებელი შეადგენს 10 150 აშშ დოლარს (29 X 350=10150).

25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ სადავოდ გახადა სააპელაციო პალატის საოქმო განჩინება მის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საქმეზე დართვაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულება უნდა მიეღო, რაც მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების საფუძველი გახდებოდა.

26. ამავდროულად, კასატორმა აღნიშნა, რომ მოცემული საქმე განიხილა სასამართლომ სამი მოსამართლის შემადგენლობით, გასაჩივრებული განჩინება კი ხელმოწერილია ერთი მოსამართლის მიერ.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

29. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მხარეთა მიერ მათი მოთხოვნების დასასაბუთებლად და მითითებული ფაქტების დასამტკიცებლად საჭირო მტკიცებულებების წარდგენის საკმაოდ მკაცრად გაწერილ პროცედურას, რომლის შესაბამისად მხარეებს მტკიცებულებათა წარდგენა შეუძლიათ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას შესაბამისი წესების დაცვით. გამონაკლის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წინაპირობების არსებობისას, დასაშვებია ახალი მტკიცებულების წარდგენა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოშიც (სსკ-ის 380-ე მუხლი), თუმცა სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.

31. ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობა უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედ მტკიცების სტანდარტს, კერძოდ, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შესაბამისად, იმისათვის, რომ სააპელაციო პალატას მიეღო მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ამ უკანასკნელს სარწმუნოდ უნდა დაესაბუთებინა, რომ არსებობდა ობიექტურად ხელშემშლელი გარემოება, რომლის გამოც მხარემ დროულად მტკიცებულება სასამართლოს ვერ გადასცა.

32. საქმეში წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 78) მოპასუხემ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულება ვერ წარადგინა, რადგან მისთვის არ იყო ცნობილი საქმის განხილვის თარიღი, ხოლო მისმა წარმომადგენელმა მტკიცებულება არ გადასცა სასამართლო კოლეგიას მისთვის გაუგებარი მიზეზით.

33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის ზემოთ მოყვანილ გარემოებას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს შეეძლო მითითებული მტკიცებულება საქალაქო სასამართლოში წარედგინა იმავე გზით, როგორც შეიტანა თავისი შესაგებელი. ამავდროულად, მხარე უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი წარმომადგენლის მიერ ამა თუ იმ საპროცესო ქმედების სამართლებრივ შედეგებზე თავადაა პასუხისმგებელი და აპელირება, რომ რწმუნებულმა რაიმე მოქმედება არ განახორციელა, მარწმუნებელს ამ ქმედების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგებისაგან არ ათავისუფლებს.

34. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის 2018 წლის 14 მარტის საოქმო განჩინების დასაბუთებას, რომ მოპასუხემ სადავო მტკიცებულების დროულად წარუდგენლობის საპატიო მიზეზად ვერ მიიჩნევა მხარის ზეპირი განმარტება მის სახლში არსებული რემონტის გამო მტკიცებულების დაგვიანებით მოძიების თაობაზე. ამასთან, ამგვარ გარემოებზე მხარეს წერილობით სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია.

35. ამდენად, კასატორის ზემოაღნიშნული არგუმენტი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება.

36. მხარეს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია არც იმ ნაწილში, რომ საქმე განიხილა სასამართლომ სამი მოსამართლის შემადგენლობით, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებას ხელს აწერს მხოლოდ ერთი მოსამართლე.

37. კასატორის აღნიშნული არგუმენტი ეფუძნება საკასაციო საჩივარზე დართულ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლს. დამკვიდრებული პრაქტიკის ძალით, სააპელაციო პალატის განჩინებების ასლებს გასცემს სააპელაციო პალატის კანცელარია და მოსამართლეთა ხელმოწერების ნაცვლად ხელს აწერს სასამართლოს უფლებამოსილი მოხელე, რაც დასტურდება სასამართლო ბეჭდით. იგივე ბეჭედი განჩინების ასლს ესმება ყველა გვერდზე რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული საპროცესო დოკუმენტის ასლი დედანთან სწორია. სწორედ ამგვარი ასლი გადაეცა კასატორსაც. რაც შეეხება სააპელაციო პალატის 2-18 წლის 11 აპრილის განჩინების დედანს, იგი წარმოდგენილია საქმეში დავის განმხილველი სამივე მოსამართლის ხელმოწერით. შესაბამისად, სააპელაციო პალატას კანონის მოთხოვნა არ დაურღვევია.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ----- ბ------ისა და ზ------ ლ---–--ას მიერ 2018 წლის 21 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 1386 ლარის 70% – 970,2 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ------ ლ---–--ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ზ------ ლ---–--ას (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით დ----- ბ------ისა და ზ------ ლ---–--ას მიერ 2018 წლის 21 მაისს №- საგადახდო დავალებით გადახდილი 1386 ლარის 70% – 970,2 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

პ. ქათამაძე