განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020141318700051291
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №43აგ-18 თბილისი
ქ-------- ბ----, 43აგ-18 19 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ---- ქ--------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ბ---- ქ--------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (16,152 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარი.
ბ---- ქ--------ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 (ათი) წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების ხელმძღვანელობის ან წარმომადგენლობის უფლებები.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ განაჩენით დაკმაყოფილდა ბ---- ქ--------სა და მისი ადვოკატის შუამდგომლობა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებული ბ---- ქ-------- გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან, რომელიც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით (იგი გათავისუფლდა როგორც პირობითი მსჯავრის, ისე - გამოსაცდელი ვადისაგან). დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2018 წლის 18 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ბ---- ქ--------მ, რომელმაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრისა და 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებების საფუძველზე მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენის გაუქმება.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ბ---- ქ--------ს შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განაჩენებში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ ბ---- ქ--------ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-მუხლის მე-2 ნაწილზე და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ ამ კვალიფიკაციით.
5. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ---- ქ--------მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენას, ვინაიდან იგი მუშაობდა მძღოლად, რაც არის მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ბ---- ქ--------ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. წარმოდგენილი საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ---- ქ--------ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო - 16,152 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ შეძენა-შენახვისათვის. მისი ქმედება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ მითითებული კვალიფიკაციით, სასჯელის დაუნიშნავად.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჩამორთმეული უფლებების აღდგენა გათვალისწინებულია „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, იგი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს არ წარმოადგენს. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელთა შესახებაც ბ---- ქ--------მ მიუთითა შუამდგომლობაში, არ ეხება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებების ჩამორთმევის კონსტიტუციურობის საკითხს.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ბ---- ქ--------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
გ. შავლიაშვილი