განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.09.2018
საქმის ნომერი
330210016001262026
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება, სამოქალქო
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001262026

საქმე №ას-932-2018 21 სექტემბერი, 2018 წელი

№ას-932-2018 ფ---–--ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ვ------- ფ---–--ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „------- ბ---ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. სს „------- ბ---მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ------- ფ---–--ის (შემდგომში – მოპასუხე, მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს დაეკისროს 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 7118,28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 4180.49 ლარი, პროცენტი – 1872.21 ლარი, შემცირებული ჯარიმა – 1000 ლარი, დაზღვევის თანხა – 65.58 ლარი, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.22 ლარს, 2012 წლის 13 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 391.74 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 370.68 ლარი, პროცენტი – 13.16 ლარი, ხოლო ჯარიმა – 7.90 ლარი, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან), 2012 წლის 13 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 391.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.12 ლარს.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 29 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურებისა და საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება და მოპასუხემ მიიღო კრედიტი 5000 ლარის ოდენობით ყოველთვიურად სარგებლის – 17%-ის დარიცხვით 2015 წლის 12 ივნისამდე.

3. მოპასუხემ თანხის დაბრუნების გრაფიკი დაარღვია და ფულადი ვალდებულება სრულად არ შეასრულა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის – 4180.49 ლარის და პირგასამტეხლოს – 500 ლარის ნაწილში, ასევე, 391.74 ლარის და 2016 წლის 3 თებერვლიდან ამავე თანხაზე წლიური 36% სარგებლის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია, ხოლო პროცენტის – 1872.21 ლარის, დაზღვევის – 65.58 ლარისა და 2016 წლის 3 თებერვლიდან ძირ თანხაზე – 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6618.28 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა – 4180.49 ლარი, პროცენტი – 1872.21, ჯარიმა – 500 ლარი, დაზღვევა – 65.58 ლარი, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 59.22 ლარს, ასევე, 2012 წლის 13 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების 391.74 ლარის გადახდა, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 13 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არსებულ ვალდებულებაზე – 391.74 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 11.12 ლარს, სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს – 500 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. მხარეთა შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის გადახდის ვადა იყო 1078 დღე, 2015 წლის 12 ივნისამდე. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

8. ამავე ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანიაში.

9. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 28 384.61 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა – 4180.49 ლარი, პროცენტი – 1872.21 ლარი, პირგასამატეხლო – 22266.33 ლარი, დაზღვევის მიზნით გადასახდელი თანხა კი შეადგენს 65.58 ლარს.

10. 2012 წლის 13 ივნისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

11. 2015 წლის 29 დეკემბრის შემდგომ მოპასუხეს თანხა არ დაუფარავს. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 391.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა – 370.68 ლარი, პროცენტი – 13.16 ლარი, პირგასამტეხლო – 7.90 ლარი.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 317-ე, 867-ე მუხლების, 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 873-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობაზე და განსაზღვრეს მათი უფლება-მოვალეობები.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-3, 131-ე მუხლების, 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება, ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

14. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო.

15. სსკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარგებლის – 1872.21 ლარის გადახდა.

16. საქმეში არსებული მასალებიდან ასევე დგინდება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, რომლის ღირებულება მოსარჩელის მიმართ გადახდის გზით მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ არც აღნიშნული ვალდებულება შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩლო მოთხოვნა აპელანტისთვის დაზღვევის თანხის – 65.58 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილშიც დასაბუთებულია, რის გამოც, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

17. სსკ-ის 411-ე, 412-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.

18. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით დადგენილ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საკრედიტო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორინტირებული. ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს, მით უფრო, როდესაც საკითხი ეხება საკრედიტო დაწესებულებას, რომლის საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს თანხის შემდგომი კრედიტის სახით გაცემის გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2016 წლის 3 თებერვლიდან) 2012 წლის 29 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე – 4180.49 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 17% სარგებლის გადახდა, ყოველთვიურად შეადგენს 59.22 ლარის ოდენობით, სამართლიანი და დასაბუთებულია.

20. სააპელაციო პალატა სრულად დაეთანხმა მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს.

21. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით მხარეთა შორის წარმოიშვა სსკ-ით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულებები, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.

 

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა ხელშეკრულების შეწყვეტისთვის სსკ-ის 873-ე მუხლით დადგენილი წესი და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ, მოსარჩელის განმარტებით, სესხის ხელშეკრულება დაირღვა 2015 წლის 4 აპრილს, თუმცა სარჩელი წარდგენილ იქნა 2016 წლის 25 თებერვალს. მოსარჩელემ განზრახ წარადგინა სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტიდან გაცილებით გვიან, რის გამოც წლიური სარგებლის გადახდა მომავალი დროისათვის სასამართლოს მოპასუხისათვის არ უნდა დაეკისრებინა.

24. კასატორის მითითებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა სარგებლის სახით 2948 ლარის დაკისრების ნაწილში.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17%-ით, კრედიტის გადახდის ვადა იყო 1078 დღე, 2015 წლის 12 ივნისამდე. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

28. ამავე ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანიაში.

29. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2015 წლის 4 აპრილის შემდეგ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება აღარ შეუსრულებია. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება.

30. 2012 წლის 13 ივნისს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000-ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულებით, ასევე, გათვალისწინებული იყო ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

31. 2015 წლის 29 დეკემბრის შემდგომ მოპასუხეს თანხა არ დაუფარავს. 2016 წლის 3 თებერვლის მდგომარეობით მისი დავალიანება შეადგენს 391.74 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა – 370.68 ლარი, პროცენტი – 13.16 ლარი, პირგასამტეხლო – 7.90 ლარი.

32. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად დააკისრა მოპასუხეს წლიური სარგებლის გადახდა მომავალი დროისათვის, ვინაიდან მოსარჩელემ განზრახ წარადგინა სარჩელი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაგვიანებით. კასატორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა სარგებლის სახით 2948 ლარის დაკისრების ნაწილშიც.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

35. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

37. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

38. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორს დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მოპასუხეს გააჩნდა ფულადი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, რომელიც მას არ შეუსრულებია. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხის დავალიანებას შეადგენს ძირითადი თანხა, სარგებელი, ჯარიმა, სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება. ასევე, მასვე დაეკისრა იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევით მიადგა.

39. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხარის მითითება სსკ-ის 873-ე მუხლთან დაკავშირებითაც.

40. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების აპელირებას, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის გამო, მოსარჩელეს დაუყოვნებლივ ცალმხრივად უნდა შეეწყვიტა ხელშეკრულება. პალატა აღნიშნავს, რომ მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა კრედიტორის უფლებაა და არა მოვალეობა (სუსგ 12.06.2018წ. საქმე №ას-440-440-2018 ).

41. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

43. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

44. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

46. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 13 ივნისის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ------- ფ---–--ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ვ------- ფ---–--ეს (პირადი №-----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბ---ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2018 წლის 13 ივნისის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

 

ე. გასიტაშვილი