განჩინება

სისხლის სამართლის 21.09.2018
საქმის ნომერი
200100116001306317
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100116001306317

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №233აპ-18 ქ. თბილისი

ძ------–---–- ვ--–------, 233აპ-18 20 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ--–------ ძ------–---–ს ბრალი დაედო ცივი იარაღის ტარებაში განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 აგვისტოს განაჩენით ვ--–------ ძ------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2016 წლის 6 მარტს ვ--–------ ძ------–---–- ქ. თ--–--–-, ა----------–-ს ქუჩაზე, ატარებდა ცივ იარაღს - დანას, რაც ამოუღეს პირადი ჩხრეკისას.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ვ--–------ ძ------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - გამართლდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და ვ--–------ ძ------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქეთევან ვაშაკიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს ვ--–------ ძ------–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ შეიკრიბა იმ საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ვ--–------ ძ------–---–-ს ბრალეულობას. საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება ფაქტი, რომ ვ--–------ ძ------–---–- ატარებდა ცივ იარაღს - დანას, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს. იმ პირობებში, როდესაც ბრალდებულის განმარტებით, დანას ატარებდა საკვების მიღების დროს მისი დანაწევრების მიზნით, ხოლო მოწმე ს---–------ ჟ-------–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ვ--–------ ძ------–---–- არის ფაქტობრივად უკბილო, არ აქვს საღეჭი აპარატი და მისთვის შეუძლებელია საკვების მიღება დანით დამუშავების გარეშე, საპირისპიროს მტკიცებისათვის ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნებოდა აღნიშნულის უარსაყოფად და ბრალდებულის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად წარმოიშვა გონივრული ეჭვი ვ--–------ ძ------–---–-ს ბრალეულობასთან მიმართებით, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქეთევან ვაშაკიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე