განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115001166863
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №226აპ-18 ქ. თბილისი
დ-------ე დ-----, 226აპ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გელა თებიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
ო--------- ბ-------ა და გ-- გ-------ეს ბრალი დაედოთ სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენისა და გაცემისათვის, ჩადენილი პირადი მოტივით;
დ----- დ-------ეს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის, ე.ი. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია; სამსახურებრივი სიყალბისათვის, ე.ი. მოხელის მიერ ყალბი დოკუმენტის შედგენისა და გაცემისათვის, ჩადენილი პირადი მოტივით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2011 წლის 26 ოქტომბერს ქ----ს მუნიციპალიტეტსა და შპს „გ---–---------.-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №124 ხელშეკრულება, დაბა ქ----–ი ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის მშენებლობის სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 84667 ლარი, ხოლო 786 კვ/მ ჩოგბურთის კორტის ბეტონის იატაკის 4-ჯერ სპეციალური საღებავით შეღებვისთვის (ზედნადების ხარჯების, გეგმური მოგებისა და დღგ-ს გარეშე) - 11397 ლარი (აღნიშნული ხარჯების ჩათვლით - 15385 ლარი), ხელშეკრულების შესრულების ვადად დადგინდა 2011 წლის 26 ოქტომბრიდან იმავე წლის 30 დეკემბრამდე პერიოდი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის №124 ხელშეკრულების 16.1 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1% (84,667 ლარი).
ქ----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 18 მაისის №01-19/131 ბრძანებით შეიქმნა ქ----ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისია, რომლის თავმჯდომარის მოადგილეს წარმოადგენდა ქ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი დ----- დ-------ე. სახელმწიფო შესყიდვის №124-ე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, მიმღებ კომისიას ობიექტი უნდა მიეღო და შესრულებული სამუშაო შეემოწმებინა ადგილზე.
2011 წლის 27 დეკემბერს შპს „გ---–---------.-მ“ წერილობითი განცხადებით მიმართა ქ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მიმღები კომისიის მივლინება ჩოგბურთის კორტისა და ფრენბურთის მოედნის დასრულებული ობიექტის მისაღებად, რის საფუძველზეც ქ----ს მუნიციპალიტეტს უნდა განეხორციელებინა შპს „გ---–---------.-სთვის“ საბოლოო ანგარიშსწორება. აღნიშნული წერილი იმავე დღეს შესამოწმებლად დაეწერა მშენებლობადამთავრებული (რემონტის, რეკონსტრუქციის) ობიექტების მიმღები კომისიის თავმჯდომარეს ო--------- ბ-------.
2011 წლის 27 დეკემბერს ქ----ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 18 მაისის №01-19/131 ბრძანებით შექმნილმა, ქ----ს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმღები კომისიის თავმჯდომარემ - ო--------- ბ------მ, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ - დ----- დ-------ემ, კომისიის წევრმა გ-- გ-------ემ და სხვებმა ჩოგბურთის კორტი შეამოწმეს ადგილზე და პირადი მოტივით, მათ შორის შპს „გ---–---------.-სათვის“ უპირატესობის მისანიჭებლად, კერძოდ, მშენებლობის დასრულებამდე ქ----ს მუნიციპალიტეტის კუთვნილი თანხების წინასწარ მისაღებად და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს არდასაკისრებლად, შეადგინეს და გასცეს მშენებლობადამთავრებული (რემონტის, რეკონსტრუქციის) ობიექტების მიღების ყალბი აქტი - სახელმწიფო შესყიდვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რომ თითქოსდა 2011 წლის 27 დეკემბერს დაბა ქ----–ი ჩოგბურთის კორტის სამშენებლო სამუშაოები იყო დასრულებული.
დ----- დ-------ემ, როგორც ქ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა, თავისივე მონაწილეობით შედგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე ქ----ს მუნიციპალიტეტის გამგებელ ი-----–- ბ------------ნ, როგორც საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელთან ერთად, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, შპს „გ---–---------.-სათვის“ გამორჩენისა და უპირატესობის მისაღებად და 2011 წლის 30 დეკემბერს შემსრულებელი კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა 24752,86 ლარი, მაშინ როცა 76 კვ/მ ჩოგბურთის კორტის ბეტონის იატაკის 4-ჯერ შეღებვის სამუშაოების ღირებულებით 13385 ლარი არ იყო შესრულებული.
დ----- დ-------ის, როგორც ქ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, მიმღები კომისიის სხვა წევრებისა და სხვათა აღნიშნულმა ქმედებებმა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და ქ----ს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის 8898,67 ლარის ზიანი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენით:
ო--------- ბ------, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
ო--------- ბ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ლ--- ბ------ს (პ/ნ 6-----------), ლ---- ბ------ს (პ/ნ 6----------) და მ----- ბ------ს (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე: ქ----ს რაიონში, სოფელ გ-----------–ი, ზონა - ქ---- 21, სექტორი - ც--------ი 08, კვარტალი - 31 სოფ. გ-----------ი, ნაკვეთი - 141, საკადასტრო კოდი №--.0-.3-.1--- - 1000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
დ----- დ-------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.
დ----- დ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, ბ---- დ-------ის (პ/ნ 6-----------, გ------ დ-------ის (პ/ნ 6----------), დ----- დ-------ის (პ/ნ 6----------), მ------ დ-------ის (პ/ნ 6----------) და შ------- კ--------ს (პ/ნ 6----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე: ქ----ს რაიონში, სოფელ გ---–--–ი (ჭ------ს ტერიტორია), ზონა - ქ---- 21, სექტორი - დაბა ქ---- 03, კვარტალი - 34, ნაკვეთი - 051, საკადასტრო კოდი №--.0-.3-.0--) - 1000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გ-- გ-------ე, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
გ-- გ-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 დეკემბრის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ტ------– გ-------ის (პ/ნ 6----------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (მდებარე: ქ----ს რაიონში, დაბა ქ----–ი, რ---------–-ს ქუჩა №-, ზონა - ქ---- 21, სექტორი - დაბა ქ---- 03, კვარტალი - 35, ნაკვეთი - 028, საკადასტრო კოდი №--.0-.3-.0--) - 1000 ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა უნდა მოიხსნას განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულებს - ო--------- ბ-------, გ-- გ-------ესა და დ----- დ-------ეს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დ----- დ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით, ხოლო გ-- გ-------ისა და ო--------- ბ------ს - სსკ-ის 341-ე მუხლით.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა გელა თებიძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: დ----- დ-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით, ხოლო გ-- გ-------ისა და ო--------- ბ------ს - სსკ-ის 341-ე მუხლით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანსა და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზიარა ისინი, რასაც პალატა სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს დ----- დ-------ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 341-ე მუხლით, ხოლო გ-- გ-------ისა და ო--------- ბ------ს ბრალეულობას - სსკ-ის 341-ე მუხლით, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში არსებობს საეჭვოდ მიჩნევის რაიმე საფუძველი (ECtHR, Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, Lavents v. Latvia, Melich and Beck v. the Czech Republic).
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გელა თებიძის საკასაციო საჩივრი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე