განჩინება

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
010141318700057214
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057214

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№182აპ-18 ქ. თბილისი

შ-----–-ა ბ---, 182აპ-18 25 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ იმედა გუგუშვილის, ასევე მსჯავრდებულ ბ--- შ-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ბ-–--–---–-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 ივნისის განაჩენით ბ--- შ-----–-ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

 

2. ამავე განაჩენით ი---- ყ-----–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. მსჯავრდებულებს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოთ დაკავების დღიდან - 2016 წლის 3 ნოემბრიდან.

 

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

5. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ--- შ-----–-ას ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· ი---- ყ-----–---–ი თ---–--–ი, ბ-------------–----–----ს გამზირის №-----ში ცხოვრობდა დედ-მამასთან - ლ---- ყ-----–---–სა და ო---- ყ-----–---–თან ერთად. თანაცხოვრების პერიოდში დედა-შვილს შორის დაიძაბა ურთიერთობა, რაც მოგვიანებით მათ შორის კონფლიქტში გადაიზარდა. ლ---- ყ-----–---–ზე განაწყენებულმა ი---- ყ-----–---–მა განიზრახა, განსაკუთრებული ტკივილის მიყენებით მოეკლა იგი და მეგობრებთან - ბ--- შ-----–-ასა და არასრულწლოვან ნ--- ჩ-----------ნ ერთად დაგეგმა კიდეც ლ---- ყ-----–---–ის მკვლელობა.

 

· 2016 წლის 19 ოქტომბერს თ---–--–ი, რ---------–-ს გამზირის №------ის მდებარე სუპერმარკეტ „ს------–ი“, ბ--- შ-----–-ა, ი---- ყ-----–---–ი და ნ--- ჩ------ე შეთანხმებისამებრ შეხვდნენ ერთმანეთს და დააზუსტეს ლ---- ყ-----–---–ის მკვლელობის დეტალები, ამასთან, დანაშაულის მსხვერპლის სხეულის ნაწილების მოთავსების, გადამალვისა და გადაადგილების მიზნით შეიძინეს პოლიეთილენის პარკები. აღნიშნულის შემდეგ ისინი ავტომანქანით გაემართნენ ლ---- ყ-----–---–ის საცხოვრებელ მისამართზე. ლ---- ყ-----–---–მა, რომელიც ბინაში მარტო იმყოფებოდა, ზემოხსენებულ პირებს გაუღო კარი და ისინი სახლში შეუშვა. სახლში შესვლის შემდეგ ბ--- შ-----–-ამ ლ---- ყ-----–---–ს პირისა და ცხვირის არეში მაგრად მოუჭირა ხელი და შეეცადა მის მოგუდვას. ამავდროულად, ი---- ყ-----–---–მა და ნ--- ჩ------ემ მას გაუკავეს ხელ-ფეხი და არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ლ---- ყ-----–---–ი კვლავ აგრძელებდა წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც ბ--- შ-----–-ამ მას საფეთქლის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა დანა, რის შედეგადაც ის ძირს დაეცა.

 

· უგონო მდგომარეობაში მყოფ ლ---- ყ-----–---–ს ბ--- შ-----–-ამ, ი---- ყ-----–---–მა და ნ--- ჩ------ემ წებოვანი ლენტით შეუკრეს ხელ-ფეხი, მოათავსეს ჩანთაში და ავტომანქანით გადაიტანეს თ---–--–ი, ვ-----ს მე-4 გასასვლელის №--ში მდებარე ბ--- შ-----–-ას მიერ ნაქირავებ ბინაში, სადაც ბ--- შ-----–-ამ, ნ--- ჩ------ემ და ი---- ყ-----–---–მა ლ---- ყ-----–---–ის სხეული ხერხის გამოყენებით დაანაწევრეს - ჯერ მოაჭრეს თავი, ზედა კიდურების თითები, ზედა და ქვედა კიდურები, შემდეგ კი ბ--- შ-----–-ამ ამოაჭრა გული და ღვიძლი. დანაწევრებული სხეულის ნაწილები მათ მოათავსეს ჩანთასა და წინასწარ შეძენილ პოლიეთილენის პარკებში და ავტომანქანით გადაიტანეს თ---–---ს შემოვლითი გზის მე-13 კილომეტრზე, ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, სადაც ჩააგდეს ორმოში, დაასხეს ბენზინი და დაწვეს.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ--- შ-----–-ამ ჩაიდინა ლ---- ყ-----–---–ის განზრახ მკვლელობა ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით.

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

პროკურორი იმედა გუგუშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 21 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას და, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებთან ერთად, ბ--- შ-----–-ას დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითაც იმ მოტივით, რომ მას ლ---- ყ-----–---–ის მკვლელობამდე ჰქონდა განზრახული მისი ორგანოების შეჭმა.

 

8. მსჯავრდებული ბ--- შ-----–-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ--–- ბ-–--–---–- საკასაციო საჩივარში აღნიშნავენ, რომ ბ--- შ-----–-ას ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით უკანონოა, ვინაიდან ლ---- ყ-----–---–ის სხეული დაანაწევრეს მისი გარდაცვალების შემდეგ; მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული გამართლდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა ჩადენილი დანაშაული, სასამართლომ არ გაითვალისწინა აღნიშნული და მას მაინც უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ზემომითითებულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ ბ--- შ-----–-ას დამნაშავედ ცნობას მხოლოდ სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და სასჯელის ზომად მისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

 

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ბ--- შ-----–-ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითაც დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან, როგორც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით შეუძლებელია მაკვალიფიცირებელი ნიშნის - განზრახ მკვლელობა მსხვერპლის სხეულის ორგანოს სხვაგვარად გამოყენების მიზნით - დადგენა. ბ--- შ-----–-ას მკვლელობის ჩადენის მომენტში ამოძრავებდა ი---- ყ-----–---–ის „დახმარების“ სურვილი, ხოლო მსხვერპლის გულისა და ღვიძლის საჭმელად გამოყენების სურვილი არ არის ლ---- ყ-----–---–ის განზრახ მკვლელობის სუბიექტური ფაქტორი.

 

12. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ეს საჩივარიც უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ლ---- ყ-----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების ინტენსივობა, თავად პროცესის ხანგრძლივობა და ამ პერიოდში მის მიერ იმის გააზრება, რომ შვილად მიჩნეული ადამიანი, სიძულვილის გამო, მონაწილეობს მისი სიცოცხლის ხელყოფაში, სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ბოროტმოქმედთა ქმედება განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირდეს.

 

13. სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ბ--- შ-----–-ასათვის სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლიანია და იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ მან შეასრულა ყველაზე აქტიური და მთავარი როლი ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში, დანაშაული ჩაიდინა სასტიკი ხერხით და არასრულწლოვნის თანდასწრებით, მიუხედავად დანაშაულის აღიარებისა, არ არის მიზანშეწონილი მისთვის სასჯელის შემსუბუქება, რადგან ბ--- შ-----–-ას მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტი ვერ გადაწონის მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს და ვერ გახდება მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეცვლის საფუძველი.

 

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ იმედა გუგუშვილის, ასევე მსჯავრდებულ ბ--- შ-----–-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ--–- ბ-–--–---–-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე