ახლად გამოვლენილი განჩინება

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
010141318700057028
თარიღი
27.09.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057028

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №36აგ-18 თბილისი

ს------–---–- დ-----, 36აგ-18 28 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენით დ----- ს------–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 7 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო. დ----- ს------–---–ს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 3500 ლარი.

ამავე განაჩენით მ------ ხ-------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 10000 ლარი.

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ----- ს------–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.

4. 2015 წლის 20 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა დ----- ს------–---–მა, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და გამართლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ----- ს------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი გაუქმდა. დ----- ს------–---–- და მ------ ხ-------–---–- (სარევიზიო წესით) გამართლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ----- ს------–---–-სა და მ------ ხ-------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- ს------–---–-ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლომ მიუთითა, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს მოქმედი - 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმების მიხედვით, ხოლო დასაშვებობის ეტაპის გადალახვის შემთხვევაში საქმის განხილვა უნდა წარიმართოს იმ კოდექსით, რომლითაც კონკრეტული მსჯავრდებულის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება და მიღებულ იქნა გასაჩივრებული განაჩენი. ვინაიდან დ----- ს------–---–-ს საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარმართული იყო 1998 წლის 20 თებერვლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს საქმე უნდა განეხილა და განაჩენი გამოეტანა ამ კოდექსით დადგენილი წესით.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით დ----- ს------–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენი დ----- ს------–---–-ს მიმართ.

 

დ----- ს------–---–- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ასევე გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენი მ------ ხ-------–---–-ს მიმართ.

 

მ------ ხ-------–---–- გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულებს (დ. ს------–---–-ს შემთხვევაში - მის უფლებამონაცვლეს) უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით მუხიაშვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დ----- ს------–---–-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და სასამართლო განხილვა წარიმართა ძველი - საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დ----- ს------–---–-ს შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემდეგ სასამართლო საქმეს იხილავს ამავე კოდექსით დადგენილი წესით.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2018 წლის 7 მარტის განაჩენით საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დ----- ს------–---–- და მ------ ხ-------–---–- მართებულად ცნო უდანაშაულოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დ----- ს------–---–-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში, ხოლო მ------ ხ-------–---–- - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით შერაცხულ ბრალდებაში, ვინაიდან ამ მოცემულობით არ დასტურდება მათ მიერ სადავო განაჩენით დადგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.

 

4. საკასაციო პალატა ასევე სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 მაისის განაჩენით დადგენილია, რომ ის ქონება, რომლის თაღლითურად დაუფლებასაც ედავებოდნენ დ----- ს------–---–ს, წარმოადგენდა არა სხვის (ნ--- ს--–-----ს), არამედ - თავად დ----- ს------–---–-ს ქონებას. შესაბამისად, დაზარალებულ ნ--- ს--–-----ს (დაზარალებულად ცნობილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განაჩენით დ----- ს------–---–-ს მსჯავრდების საქმეში) ჩვენებაც, რომელიც მან მისცა სასამართლოს და მიუთითა, რომ წარმოადგენდა ზ----- ს------–---–-ს ანდერძისმიერ მემკვიდრეს, ანდერძის მსგავსად არ წარმოადგენდა უტყუარ მტკიცებულებას. გარდა ამისა, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში არ წარმოდგენილა სხვა მტკიცებულება, რომელიც განაპირობებდა 2013 წლის 30 მაისის განაჩენის გაუზიარებლობის საფუძველს. ყველა განაჩენს, იქნება ეს გამოტანილი საქმის არსებითი განხილვის გარეშე თუ არსებითი განხილვით, აქვს ერთნაირი ძალა და მნიშვნელობა. აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და სხვა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უსწორობაზე, სხდომაზე არ გამოკვლეულა.

 

5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის პოზიციას, რომ სააპელაციო პალატამ უგულებელყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 533-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მოთხოვნები, რადგან არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაზარალებულის გამოძახებისა და მისი დაკითხვის შესახებ და არც თავად დაკითხა იგი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. საქართველოს სსსკ-ის 533-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დაიშვება მხოლოდ სააპელაციო ინსტანციაში წარმოდგენილი საქმისათვის ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ყველა მტკიცებულება მიიჩნევა გამოკვლეულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მტკიცებულება გამოკვლეული იყო კანონის არსებითი დარღვევით და მხარე შუამდგომლობს ამგვარი მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას ან სასამართლო, თავისი ინიციატივით, საჭიროდ მიიჩნევს მტკიცებულების ხელმეორედ გამოკვლევას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის დამატებით დაკითხვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოწმე თვითონ შუამდგომლობს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენას, რასაც კონკრეტულად მიუთითებს შუამდგომლობაში. მოწმე დამატებით შეიძლება დაიკითხოს ასევე სასამართლოს ინიციატივით.

 

7. სასამართლო სხდომის ოქმით დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა დაზარალებულ ნ--- ს--–-----ს დაკითხვის შესახებ იმ საფუძვლით, რომ იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში უკვე დაკითხული იყო მოწმის სახით და მისი ჩვენების შინაარსი სასამართლომ იცოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომა გადადო და დაზარალებულ ნ--- ს--–-----ს, რომელიც არ გამოცხადდა სხდომაზე, კიდევ ერთხელ მისცა გამოცხადებისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა, თუმცა იგი არც ამ შემთხვევაში გამოცხადდა. წარმოდგენილი საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ დაზარალებულს არ მოუთხოვია მითითებულ საქმეზე მოწმის სახით დამატებით დაკითხვა და ამასთანავე, სასამართლო პროცესს ესწრებოდა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნინო ბოცვაძე.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის გაუქმების ან მსჯავრდებულების საუარესოდ შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (ამჟამად მოქმედი რედაქცია) 314-ე, 329-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) 552-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით მუხიაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ვ. როინიშვილი