განჩინება

სისხლის სამართლის 26.09.2018
საქმის ნომერი
010141318700057719
თარიღი
26.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057719

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№220აპ-18 ქ. თბილისი

ს--–---–ი გ-------, 220აპ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის პროკურორ გ------- ო----სა და მსჯავრდებულ გ------- ს--–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ს------–---–ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------- ს--–---–ს, – დ----------–-------–-–------------–ს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში; ასევე – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში; ასევე – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 სექტემბრის განაჩენით გ------- ს--–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლ, მე-3 და მე-5 ნაწილებზე და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 31 მარტიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

· 2017 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ---–--–ი, დ--------------–---–-------------------ს მიმდებარედ, ერთმანეთს შეეჯახნენ ავტომობილები – „NISSAN SKYLINE“, სახელმწიფო ნომრით F--------, რომელსაც მართავდა გ------- ს--–---–ი და „ჰონდა ფიტი“, სახ. ნომრით S--------, რომელსაც მართავდა თ----–- მ------–-----–---. შეჯახების შემდეგ ავტომობილი „NISSAN SKYLINE“ გადაადგილდა და შეეჯახა გაჩერებულ ავტომანქანებს – „მერსედეს ბენცს“, სახ. ნომრით M-------- და „შკოდას“, სახ. ნომრით M------. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის დაზიანებით ავტომობილ „ჰონდა ფიტის“ მძღოლი თ----–- მ------–-----–--- და მისი მგზავრი ნ--- გ------–--- გადაიყვანეს შპს „თ------------–-------------------- კლინიკაში“, ხოლო ავტომობილ „NISSAN SKYLINE-ში“ მჯდარი გ--- ც---–---- – შპს „№----–-------- საავადმყოფოში“. საგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომანქანა „NISSAN SKYLINE-ს“ მძღოლმა გ------- ს--–---–მა თავისი მოქმედებით, კერძოდ: შუქნიშნით რეგულირებულ გზაჯვარედინზე მოძრაობის ამკრძალავ წითელი ფერის სიგნალზე შესვლითა და გზაჯვარედინზე მოძრაობის გაგრძელებით საფრთხე შეუქმნა და შეეჯახა მისგან მარცხნივ, მოძრაობის ნებადამრთველ შუქნიშნის მწვანე ფერის სიგნალზე მოძრავ ავტომობილ „ჰონდა ფიტს“, რითაც უგულებელყო „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნები (წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას), რომელთა დაცვის დროსაც კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მოხდებოდა. მძღოლ გ. ს--–---–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მიღებული დაზიანებების შედეგად ნ--- გ------–--- 2017 წლის 1 მარტს გარდაიცვალა. თ----–- მ------–-----–---ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ხოლო გ--- ც---–----ს – სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით თბილისის პროკურატურის პროკურორი გიორგი ოსაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ------- ს--–---–ის ქმედების დაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-6 ნაწილებით იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ------- ს--–---–მა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესი დაარღვია სიმთვრალეში.

 

7. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ გ------- ს--–---–ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ------- ს------–---–ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ------- ს--–---–ისათვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას და პირობითად ჩათვლას იმ მოტივით, რომ მან ჩაიდინა გაუფთხილებელი დანაშაული, რასაც აღიარებს და ინანიებს; ითანამშრომლა გამოძიებასთან; არ არის ნასამართლევი; ხასიათდება, როგორც პატიოსანი და წესიერი ახალგაზრდა; მზადაა, აანაზღაუროს ზარალი; არის ოჯახის მარჩენალი; მტკიცებულებათა უმეტესობა ცნო უდავოდ.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

9. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა გ------- ს--–---–მა დანაშაული ჩაიდინა მთვრალ მდგომარეობაში, კერძოდ – მსჯავრდებულმა გ------- ს--–---–მა განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, საექსპერტო კვლევამდე 2 საათით ადრე, დალია ორი პატარა ჭიქა არაყი. სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 17 თებერვლის №--------- დასკვნით, გ------- ს--–---–ს აღენიშნებოდა ალკოჰოლის სუსტი სუნი, თუმცა დაუდგინდა სიფხიზლე. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე----- გ--–------მ. სხვა უტყუარი მტკიცებულება, რომ შემთხვევის დროს გ------- ს--–---–ი იმყოფებოდა მთვრალ მდგომარეობაში, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

11. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარს, მსჯავრდებულ გ------- ს--–---–ის ადვოკატი გ------- ს------–---–ი ასაჩივრებს მხოლოდ შეფარდებული სასჯელის ზომას და სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულისათვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მსჯავრდებულ გ------- ს--–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

 

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ გ------- ო----სა და მსჯავრდებულ გ------- ს--–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ------- ს------–---–ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე