განჩინება

სისხლის სამართლის 27.09.2018
საქმის ნომერი
130100117002240323
თარიღი
27.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 130100117002240323

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№209აპ-18 ქ. თბილისი

გ---–---- ე------, 209აპ-18 27 სექტემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ე------ გ---–----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ე------ გ---–----, – დ----------–-------–-–-----------ს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2017 წლის 3 ივლისიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ე------ გ---–---მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 2 ივლისს, დაახლოებით 17:30 საათზე, ქ-----–ის რაიონის სოფელ დ----ში მდებარე ნ----- ც--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოს შესასვლელ კართან, ე------ გ---–---მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა – ყოფილ მეუღლე ე-–--- კ-----ეს, რომელთანაც იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, უკბინა თავისა და ზურგის არეში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რამაც ე-–--- კ-----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ე------ გ---–---- ითხოვს გამართლებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, დაზარალებული კი არ ამბობს სიმართლეს და ცრუობს.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ დაზარალებულის ჩვენება არის სიცრუე და საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, შემდეგ გარემოებათა გამო: სსიპ ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 3 ივლისის №--------- დასკვნის თანახმად, ე-–--- კ-----ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (რკალოვან ზოლზე) ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევების სახით, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგება წინასწარ მონაცემებში მითითებულ თარიღს. ამ დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მალხაზ მაჭავარიანმა. გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი შეესაბამება დაზარალებულ ე-–--- კ-----ის ჩვენებას ე------ გ---–----ს მიერ მისთვის დაზიანებების მიყენების შესახებ არაერთჯერადი კბენით.

 

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სრულად და ობიექტურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და ისე მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ე------ გ---–----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე