განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100117002139643
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№214აპ-18 ქ. თბილისი
ჭ-------ა ა-----–---, 214აპ-18 26 სექტემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ა-----–--- ჭ-------ა, – დ----------–-------–-–--------------ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 11 სექტემბრიდან.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ა-----–--- ჭ-------ას 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით შეიცვალა: ა-----–--- ჭ-------ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----–--- ჭ-------ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2017 წლის 11 სექტემბერს ა-----–--- ჭ-------ამ უკანონოდ შეიძინა და ქურთუკის მარჯვენა და მარცხენა გარეთა ჯიბეებში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 20,36 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილს), რომელიც მისგან ამოიღეს 2017 წლის 11 სექტემბერს ფოთში, 8 მარტის ქუჩაზე ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ა-----–--- ჭ-------ამ და მისმა ადვოკატმა ე-- ლ-------ამ. მათ ითხოვეს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ა-----–--- ჭ-------ასათვის სასჯელის შემსუბუქება და მისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა იმ მოტივით, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; არ არის ნასამართლევი; აქვს შეულახავი წარსული, მძიმე სოციალური და ოჯახური პირობები – ჰყავს მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელთაგან ერთი პირველი ჯგუფის ინვალიდია და არის შშ სტატუსის მქონე, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება; ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ცხოვრობს ნაქირავებ ფართში; არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული; თვითონ ნარკოტიკის მომხმარებელია და აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სჭირდებოდა პირადად ხანგრძლივი მოხმარებისათვის.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით – ა-----–--- ჭ-------ას პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 11 სექტემბრის №50101106 და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის 2017 წლის 12 სექტემბრის №264/სქ დასკვნებით, მოწმეების – გიორგი შენგელიას, მედეა თოლორაიას, მალხაზ ლაშქარავას, დავით კაკულიას, ირაკლი მამფორიას, თეა ხუბუტიას ჩვენებებითა და სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული ა-----–--- ჭ-------ას ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და სწორედ იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც კასატორები უთითებენ, მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ას შეუმცირა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი, რომლის კიდევ უფრო შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა-----–--- ჭ-------ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე-- ლ-------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე