განჩინება

სისხლის სამართლის 02.05.2018
საქმის ნომერი
010141318700058128
თარიღი
02.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058128

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№234აპ-18 ქ. თბილისი

რ-----–---–- ლ--–-, 234აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ--–- რ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---–---- თ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ს--------ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ლ--–- რ-----–---–-, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

2. ლ--–- რ-----–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

3. ლ--–- რ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 15 დეკემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 28 აპრილის ჩათვლით.

 

4. ლ--–- რ-----–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა ბ---- ჭ-------–---–-ს (პირადი ნომერი 4----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ს---------------------------–------------–-, საკადასტრო კოდით 56.05.49.0--.

 

5. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 9 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ--–- რ-----–---–მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

7. 2015 წლის 19 აპრილს, საღამოს საათებში, ს--------ს მუნიციპალიტეტის სოფელ ვ-----–- მდებარე საფეხბურთო მოედანზე ლ--–- რ-----–---–- მართავდა ,,ვაზ-21011“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით O------. მან ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მოძრაობა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით ნ---- ა-–------–---–ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

 

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ--–- რ-----–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ---–---- თ-------მ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და წარდგენილ ბრალდებაში ლ--–- რ-----–---–-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, რისთვისაც უთითებენ შემდეგ მოტივებზე: ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ლ--–- რ-----–---–-ს მიერ დანაშაულის ჩადენას; განაჩენის გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო დაინტერესებული პირების არათანმიმდევრულ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს, ხოლო გამოძიება ცალმხრივად და არაობიექტურად წარიმართა.

 

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

11. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. შესაბამისად, პალატა ვერ დაეთანხმება კასატორთა პოზიციას, რომ მოწმეების: ბ-–-- ა----–-–---–-ს, ტ------– მ-----–---–--ა და უ-- ყ----–---–-ს ჩვენებები სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მათი არასარწმუნოობის გამო, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები მხარეებმა გამოიკვლიეს საქმის არსებითი განხილვისას, ისინი შეესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია. ამასთან, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გამოძიება იყო ცალმხრივი ან/და არასრულყოფილი.

 

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ლ--–- რ-----–---–-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ---–---- თ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე