განჩინება

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
020100117001997462
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117001997462

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №251აპ-18 ქ. თბილისი

წ---–--ა თ-----, 251აპ-18 8 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ თ----- წ---–--ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------–- ჭ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით თ----- წ---–--ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განაჩენით მსჯავრდებულ თ----- წ---–--ას მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ. ზ--------–ი, გ-------------ს გამზირის N-6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ----- წ---–--ა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით დაემუქრა ხ------- კ------ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოუსპობს სიცოცხლეს და ააფეთქებს მის საკუთრებაში არსებულ შენობას, რაც მან აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და თ. წ---–--ას გამართლებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ თ----- წ---–--ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--------–- ჭ-------მ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და თ. წ---–--ას გამართლებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის თ. წ---–--ას მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.

 

7. აღსანიშნავია, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მუქარის რეალურობა, არამედ - დაზარალებულში მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და აღნიშნავს, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება თ----- წ---–--ას მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა - თ----- წ---–--ა ხ------- კ------ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით, რის გამოც დაზარალებულს შეექმნა მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, კერძოდ: მოწმის სახით დაკითხულ, დაზარალებულ ხ. კ------ს ჩვენების თანახმად, ჯერ კიდევ რ------–ი ყოფნისას ურეკავდა თ. წ---–--ა მას და ეუბნებოდა, შენობას წაგართმევო. ეს უკანასკნელი მას ემუქრებოდა ქურდული სამყაროთი, ეს ტერორი წლების განმავლობაში გრძელდებოდა. შემთხვევის დღეს მისკენ გაიწია, იცოდა, რომ იგი ნასამართლევი იყო, ტყვია უსვრია ვიღაცისთვის, რის გამოც შეეშინდა. მისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე რეალურად მიიჩნია ქონების დაწვის მუქარა, ასევე, გაუჩნდა შიში, რომ თ. წ---–--ა მას მართლაც მოკლავდა, ამბობდა გაწამებთ, მოგკლავთ, ფეხებით დავკიდებ შენს ქმარსო. იგი თ. წ---–--ას იცნობს, როგორც ხულიგანს და მოძალადეს. მოწმეების - ნ----- ბ-------–---–-ს, ბ--------- ე-------ა და დ------ კ------ს ჩვენებებით ირკვევა, რომ თ----- წ---–--ა იყო აღელვებული, იგი ეჩხუბებოდა და ემუქრებოდა ხ------- კ------ს, რომელიც შიშისგან გაფითრებული იყო და კანკალებდა, მათ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ თ. წ---–--ა რეალურად შეასრულებდა მუქარას და დაწვავდა ქონებას. თ. წ---–--ას მიერ ხ. კ------ს მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტი ასევე დასტურდება მოწმე პოლიციელების -ი-----–- ნ--------ა და დ----- გ--------ს ჩვენებებით, რომლებსაც რაიმე დაინტერესება მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტში არ გააჩნიათ. მათი ჩვენებები შეესაბამება ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნებიც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ თ----- წ---–--ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--------–- ჭ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე