ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057103
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №54აგ-18 11 ოქტომბერი, 2018 წელი
ნ------- გ-------, 54აგ-18 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- ნ-------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით:
გ------- ნ-------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ”, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 24 დეკემბრიდან.
გ------- ნამოევს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა შესაბამისი უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით გ------- ნ-------ს ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია).
დანარჩენ ნაწილში სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ გ------- ნ-------სა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ------- ნ-------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. 2018 წლის 5 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა გ------- ნ-------ა, რომელმაც საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, მოითხოვა თავისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლა შემდეგი საფუძვლით: მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ”, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით მისი ქმედება უკანონოდ გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), რითაც დამძიმდა მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით მსჯავრდებული გ------- ნ-------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
8. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------- ნ-------ა. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
3. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის პოზიციას, რომ მას დაუმძიმდა კვალიფიკაცია და მიუთითებს: როგორც წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, მას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 სექტემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ”, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) - წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „დეზომორფინის“ უკანონო შეძენა-შენახვისათვის, რისთვაც სანქციის სახით მითითებული რედაქციით გათვალისწინებული იყო შვიდიდან - თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, რაც წარმოადგენდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. საქართველოს სსკ-ის ამჟამად მოქმედი რედაქციით მისი ქმედება შეესაბამება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებს (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია), რომლითაც სასჯელის სახით გათვალისწინებულია ხუთიდან - რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ეს ქმედება განეკუთვნება მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამდენად, ვინაიდან დანაშაულის კატეგორია შეიცვალა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განაჩენით გ------- ნ-------ს ქმედება კანონიერად გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედ რედაქციაზე, რითაც მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
4. რაც შეეხება გ------- ნ-------ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს შემდეგს: სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს უნდა შეუმცირდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, როდესაც მისთვის დანიშნული სასჯელის ზომა აღემატება ახალი კანონით დადგენილი სასჯელის ზომის მაქსიმუმს.
5. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს გადასასინჯი გადაწყვეტილების სამართლიანობაზე და თუკი დანიშნული სასჯელი ახალი კანონის სანქციის ფარგლებშია, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გადასინჯვისას სასამართლო არ არის უფლებამოსილი, შეამციროს მისი ზომა. მოცემულ შემთხვევაში, გ------- ნ-------სათვის შეფარდებული სასჯელი ექცევა სსკ-ის 260-ე მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის სანქციის ფარგლებში, რის გამოც მისი საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ გ------- ნ-------ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ------- ნ-------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე