ახლად გამოვლენილი განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700057473
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №79აგ-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი
მ--------- ე-–-------, 79აგ-18 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ჩ-------ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით ე-–------- მ---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 262–ე მუხლის მე–4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ე-–------- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, ხოლო 10 წლით საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
მსჯავრდებულ ე-–------- მ--------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 25 ივლისიდან.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. 2018 წლის 16 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–- ჩ-------მ, რომელმაც ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვა.
დაცვის მხარემ წარმოადგინა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის, ა---- ჰ-------------ს წერილობითი ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ე-–------- მ---------ს მიერ 2014 წლის ივლისში სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა - გადმოკვეთის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში რეგისტრირებულია შემდეგი თანმიმდევრობით: 2014 წლის 3 ივლისს - აზერბაიჯანიდან გასვლა, 2014 წლის 4 ივლისს - შესვლა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და 2014 წლის 18 ივლისს - კვლავ აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გასვლა. შუამდგომლობის ავტორი მიუთითებს, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსულის მიერ მოწოდებული წერილობითი მტკიცებულება წარმოადგენს საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან აღნიშნული ინფორმაციით, რომელიც საქმის განმხილველი სასამართლოსთვის არ იყო ცნობილი, მთლიანად დასტურდება ე-–------- მ---------ს ჩვენების რეალობა, რომ იგი 2014 წლის 24 ივლისს არ შესულა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და 25 ივლისს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, პირიქით - იგი დაკავების მომენტში საქართველოდან გადიოდა. რეალურად, იგი დააკავეს არა 2014 წლის 25 ივლისს, როგორც ეს მისი მსჯავრდების საქმეშია დადასტურებულად მიჩნეული, არამედ - 24 ივლისს, რაც წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებას და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის საფუძველს. ამ პოზიციას ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამოძიებამ საქმის მასალებს დაურთო მხოლოდ ე-–------- მ---------ს პასპორტის ყდისა და პირველი ფურცლის ქსეროასლები, ხოლო პასპორტის ის ჩანართები, სადაც ასახულია საზღვრის კვეთა, საქმეში არ მოიპოვება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებით მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი-----–- ჩ-------მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შუამდგომლობის დასაშვებად ცნობა მასში მითითებული საფუძვლით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა, ხოლო მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ჩ-------ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი და მოსაზრებები, რომელთა შესახებაც სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინებაში, არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ე-–------- მ---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი-----–- ჩ-------ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 27 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე