განჩინება

სისხლის სამართლის 09.10.2018
საქმის ნომერი
010141318700057427
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700057427

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№210აპ-18 ქ. თბილისი

დ-----ა გ-----მ, 210აპ-18 9 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ-----მ დ-----ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--------ლ კ-------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით გ-----მ დ-----ა, - დ----------–-------–-–----------ს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.

გ-----მ დ-----ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა - 5000 ლარი.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

შპს „ვ----“ (2--------) რეგისტრირებულია 1996 წლის 6 ივნისს. საწარმოს დამფუძნებელი და დირექტორია გ-----მ დ-----ა (პ/ნ 0----------); მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და რეალიზაცია.

 

შპს „ვ----ს“ დამფუძნებელმა და დირექტორმა გ-----მ დ-----ამ საქმიანობის პროცესში განიზრახა, მოტყუებით დაუფლებოდა მოქალაქე ჯ---–----- ხ----–---–ის თანხას. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით - 2006 წლის 16 ნოემბერს გ-----მ დ-----ამ მოტყუებით გააფორმა ხელშეკრულება ჯ---–----- ხ----–---–თან თბილისში, კ----–--ის ქუჩის N---ში (ნ--- ჟ-----ს ქუჩა N--) მდებარე მშენებარე კორპუსის პირველი სექციის მე-5 სართულის 136.1 კვ.მ საცხოვრებელი ბინა N---ის 70 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადაცემის თაობაზე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 70 000 აშშ დოლარი ჯ---–----- ხ----–---–მა სრულად გადაუხადა გ-----მ დ-----ას, თუმცა დანაშაულებრივი განზრახვის შესაბამისად, გ-----მ დ-----ამ ხსენებული საცხოვრებელი ბინა არ გადასცა ჯ---–----- ხ----–---–ს და მოგვიანებით, 2010 წლის 3 სექტემბერს, გაასხვისა მოქალაქე თ----–- ბ-----–---–ზე.

 

ზემოაღნიშნული ხერხით გ-----მ დ-----ა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჯ---–----- ხ----–---–ის კუთვნილ 70 000 აშშ დოლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კასატორის მითითებით, გ-----მ დ-----ასა და ჯ---–----- ხ----–---–ს შორის დადებული ნასყიდობის წინარე ხელშეკურულება სხვა ქონებრივი უფლების მინიჭებით დაიცვეს, კერძოდ, 2014 წელს ჯ. ხ----–---–ის წარმომადგენელ შ. ს----–-ასა და შპს „ვ----ს“ დირექტორ გ-----მ დ-----ას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, შ----- ს----–-ას საკუთრებაში გადავიდა 269.80 კვ/მ უძრავი ნივთი, რომელიც რეესტრში მის სახელზე დარეგისტრირდა. აღნიშნული ქონების განკარგვა შ----- ს----–-ას შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ გ-----მ დ-----ა წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ნივთს - საცხოვრებელ სახლს 2015 წლის 1 იანვრამდე არ გადასცემდა. ამდენად, გამოკვეთილია სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა; დაცვის მხარის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დანაშაული საერთოდ არ არსებობს.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №52აპ-13 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

 

9. დაცვის მხარის ვერსიას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობა, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც თაღლითობის შემადგენლობის ყველა ნიშანი დასტურდება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულისათვის ბევრად უფრო ძვირად ღირებული ავტოფარეხის გადაცემის ფაქტი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამამართლებელ გარემოებად, ვინაიდან ამ შემთხვევაში ავტოფარეხის გადაცემა მოხდა, მას შემდეგ, რაც გ-----მ დ-----ამ სადავო ბინა სხვაზე გაასხვისა (ე.ი როდესაც დანაშაული უკვე დასრულებული იყო).

 

10. ამდენად, მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებას დაედო საფუძვლად (მათ შორის: მოწმეების შ----- ს----–-ასა და თ----–- ბ-----–---–ის ჩვენებები, 2006 წლის 16 ნოემბრის სანოტარო N------ აქტი, 2010 წლის 3 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება), გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური ნიშნების არსებობას.

 

11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ-----მ დ-----ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა--------ლ კ-------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე