განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010141318700058806
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №255აპ-18 ქ. თბილისი
უ--------ი კ-------, 255აპ-18 12 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენზე კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით კ------- უ--------ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 4 დეკემბრიდან.
განაჩენის მიხედვით, კ------- უ--------ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 14 ნოემბერს, ღამის საათებში, ს----------ს რაიონის სოფელ ლ-----–--–ი, მ----------- ა-–-------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მყოფ კ------- უ--------სა და გ---------- ა-–------ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გ---------- ა-–------მა კ------- უ--------ს სცემა, კერძოდ, სახეში გაარტყა ხელი. აღნიშნულით განაწყენებულმა კ------- უ--------მა შურისძიების ნიადაგზე გ---------- ა-–-------ს მოკვლის მიზნით, ფიცარი დაარტყა თავში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დარტყმის შედეგად მიღებული სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებით გ---------- ა-–------- გარდაიცვალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანასა და მისი ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
კ------- უ--------ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 4 დეკემბრიდან.
4. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენი გაასაჩივრა კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მანანა თანდაშვილმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: კ------- უ--------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ კ------- უ--------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან 117-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირების ნაწილში საქმეში არსებული მტკიცებულებები სათანადოდ არ შეაფასა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მითითებულია იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს კ------- უ--------ის ქმედების სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაკვალიფიცირება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა კ------- უ--------მა ჩაიდინა გ---------- ა-–-------ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.კახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მანანა თანდაშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. ქათამაძე