დაუშვებლობის შესახებ განჩინება

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
020141318700055653
თარიღი
10.10.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020141318700055653

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №42აგ-18 ქ. თბილისი

ს----–-- პ-----, 42აგ-18 10 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ პ----- ს----–--ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინებაზე;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენით პ----- ს----–--, – დ----------–-------–-–-----------ს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 5 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და პ----- ს----–--ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

მსჯავრდებულ პ----- ს----–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 14 სექტემბრიდან.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 აპრილის განაჩენით უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 იანვრის განაჩენი პ----- ს----–--ს მიმართ.

 

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ პ----- ს----–--ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, პ----- ს----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და მე–4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

 

4. 2018 წლის 15 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა პ----- ს----–--მ, რომელმაც მოითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლის შესაბამისად, გადაისინჯოს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი, ვინაიდან მოწმის ჩვენება მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება, თუ დადგინდება, რომ ფსიქიკური ან ფიზიკური ნაკლის გამო მას არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს ან აღიდგინოს ფაქტები. შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პრევენციის ცენტრის სამეგრელო–ზემო სვანეთის ამბულატორიული განყოფილების მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ რამინ ფიფია 2017 წლის 16 მარტიდან აღრიცხვაზე იყო აყვანილი ფსიქონარკოლოგიურ დაწესებულებაში, როგორც ფსიქიკურად დაავადებული, მაგრამ ავადმყოფობის ისტორიის ჩანაწერებში აშკარად ჩანს, რომ იგი გაცილებით ადრე ვერ უწევდა კონტროლს თავის მოქმედებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორს მიაჩნია, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლოში რ. ფიფიას ჩვენება ანგარიშგასაწევი არ იყო.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ პ----- ს----–--ს შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

6. კასატორი - მსჯავრდებული პ----- ს----–-- საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმებას, მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას იმ მოტივით, რომ დაზარალებული რამან ფიფია (რომელიც ადასტურებდა, რომ მდინარიდან ამოსვლისას მობილური ტელეფონი აღარ ჰქონდა) არ უნდა გამოკითხულიყო სასამართლოში მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო; საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც პ. ს----–--ს ბრალეულობას დაადასტურებდა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით (მტკიცებულებათა არასაკმარისობისა და რამინ ფიფიას დაკითხვის დაუშვებლობის თაობაზე) პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც სასამართლოს განმეორებით მსჯელობის საფუძველს მისცემდა, კასატორს არ მიუთითებია. კასატორი არ ასახელებს ფაქტს, რომელიც ცნობილი არ იყო მხარეებისა და სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და რომელიც თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს პ----- ს----–--ს უდანაშაულობას ან მის მიერ უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას.

3. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ პ----- ს----–--ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ პ----- ს----–--ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განჩინება პ----- ს----–--ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე