განჩინება

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
330802218002655489
თარიღი
15.10.2018

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002655489

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

N 28I-18 ქ. თბილისი

დ-----–-----–-- შ-----, 28I-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - დემეტრე ჯინჯოლიას

ადვოკატების - გ---–- გ----–-–---–-ს

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ----- დ-----–-----–--ს

თარჯიმან - მ------ ბ------ს

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ----- დ-----–-----–--სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ----- ა------სა და ზ------ მ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. შ----- დ-----–-----–--ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობისა და წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად:

2008 წლის 31 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ერზრუმის მე-2 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს განაჩენით შ. დ-----–-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენა, 4 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (4- ჯერ).

2008 წლის 19 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მე- 5 სამმართველოს გადაწყვეტილებით აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2015 წლის 30 ნოემბერს თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება 2008 წლის 31 იანვრის განაჩენით შ. დ-----–-----–--ს მიმართ განსაზღვრული სასჯელის აღსრულების შეჩერებისა და თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის ახალი დებულებების შ. დ-----–-----–--ს სასარგებლოდ გამოყენების საკითხის განხილვის შესახებ.

2017 წლის 24 თებერვალს თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის პირველმა მძიმე სისხლის სამართლის სასამართლომ განიხილა თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის ახალი დებულებების შ. დ-----–-----–--ს სასარგებლოდ გამოყენების საკითხი, რის შედეგადაც აღნიშნული სასამართლოს განაჩენით შ. დ-----–-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენა, 3 ეპიზოდი) და 235-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენა, რასაც არ მოჰყოლია არსებითი ზიანი) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, 2008 წლის 31 იანვრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შეიცვალა და შ. დ-----–-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად შესაბამისი ეპიზოდებისათვის განესაზღვრა - 5 წლით, 5 წლით, 5 წლითა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რის შემდეგაც აღნიშნულმა განაჩენმა საბოლოო სახე მიიღო.

2017 წლის 6 სექტემბერს თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით შ. დ-----–-----–--ს მიმართ განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ შ. დ-----–-----–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2017 წლის 22 სექტემბერსა და 2018 წლის 8 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის რესპუბლიკურმა მთავარმა პროკურატურამ გამოსცა შ. დ-----–-----–--ს დაკავების ბრძანებები.

2. თურქეთის რესპუბლიკიდან მოწოდებული მასალების თანახმად, შ----- დ-----–-----–--ს ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

შ----- დ-----–-----–--მ დააარსა და ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც თურქეთის რესპუბლიკაში, ტრაპიზონის პროვინციასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ სასმელი წყლითა და კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილე პირებზე ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ორგანიზებულად ახდენდა უკანონო ზემოქმედებას.

შ. დ-----–-----–-- და მისი ორგანიზაციის წევრები რეგულარულად იკრიბებოდნენ, მონიტორინგს უწევდნენ და ადგენდნენ ტენდერებში მონაწილეობის მიმღები კომპანიებისა და პირების ვინაობას, გეგმავდნენ, უკანონო ზომებისთვის მიემართათ ტენდერებში მათთვის სასურველი შედეგის მისაღწევად. შ. დ-----–-----–--მ და მის დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციის წევრებმა უკანონო ზემოქმედება მოახდინეს ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ 2005 წლის 24 ოქტომბრის, ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის ფარაბის სახ. საავადმყოფოს კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ 2005 წლის 21 ნოემბრის, გირესუნის ილჰან ოზდემირის სახ. სახელმწიფო საავადმყოფოს კვებითი მომსახურების 2005 წლის 12 დეკემბრისა და არსინ-იშიქლის პროვინციული სპეციალური ადმინისტრაციის სასმელი წყლის შესყიდვის შესახებ 2005 წლის 30 დეკემბრის ტენდერებზე.

ზემოაღნიშნულმა პირებმა იმ მიზნით, რომ უზრუნველეყოთ ხსენებულ ტენდერებში მათთვის სასურველი კომპანიებისა და პირების გამარჯვება, ტენდერების გამართვამდე და მისი მიმდინარეობისას, ერთი მხრივ, ტენდერში მონაწილე პირებს სხვადასხვა დანაშაულებრივი ხერხით დაემუქრნენ და აიძულეს, უარი ეთქვათ ტენდერში მონაწილეობაზე, დოკუმენტაციის მომზადებასა და წინადადებების წარდგენაზე და აგრეთვე უზრუნველყვეს ტენდერებში მონაწილე ზოგიერთი კომპანიის მიერ საგრძნობლად დაბალი ფასის შესახებ წინადადების წარდგენა, ხოლო მეორე მხრივ, იმ პირებისა და კომპანიებისაგან, რომელთა ტენდერში გამარჯვებაც უზრუნველყვეს - მიიღეს ფინანსური სარგებელი. ამასთან, ამ უკანონო ზემოქმედების შედეგად არსინ-იშიქლის პროვინციული სპეციალური ადმინისტრაციის სასმელი წყლის შესყიდვის შესახებ 2005 წლის 30 დეკემბრის ტენდერი გაუქმდა, ვინაიდან ხსენებულ ტენდერში მონაწილეობა არ მიუღიათ საკმარისი რაოდენობის პირებს.

3. 2018 წლის 17 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ----- დ-----–-----–--.

4. 2018 წლის 19 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინებით შ. დ-----–-----–--ს მიმართ გამოყენებულ იქნა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის 2018 წლის 13 აპრილისა და 2018 წლის 13 ივლისის განჩინებებით ორჯერ გახანგრძლივდა 3 თვით, სულ 9 თვემდე - 2018 წლის 17 ოქტომბრამდე.

5. 2018 წლის 29 იანვარსა და 23 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო შ. დ-----–-----–--ს ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობისა და შესაბამისი დანართი მასალის ასლები, ხოლო დედნები - 2018 წლის 2 თებერვალსა და 1 მარტს.

6. 2018 წლის 28 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია შ. დ-----–-----–--ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2018 წლის 20 აპრილსა და 26 ივნისს. 2018 წლის 20 სექტემბერს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია შ. დ-----–-----–--ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2018 წლის 21 სექტემბერს.

7. 2018 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა შ----- დ-----–-----–--ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენა, 3 ეპიზოდი) და 235-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენა, რასაც არ მოჰყოლია არსებითი ზიანი).

 

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ დემეტრე ჯინჯოლიას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა:

 

დასაშვებად იქნა ცნობილი შ----- დ-----–-----–--ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება, 3 ეპიზოდი) და 235-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება, რასაც არ მოჰყოლია არსებითი ზიანი).

 

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი - შ----- დ-----–-----–-- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები - თ----- ა------ და ზ------ მ-----–-–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობის შესახებ განჩინების გაუქმება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი შ----- დ-----–-----–-- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 17 იანვარს. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა დაკავებისას და საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ არ დარღვეულა არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და არც საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, ხანდაზმულობის, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები, ორმაგი დასჯის აკრძალვისა (non bis in idem) და პარალელური წარმოების აკრძალვის პრინციპები, ასევე - საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. ამასთან, ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში, წარმოდგენილი მასალების მიხედვით, არ იკვეთება შ----- დ-----–-----–--ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის რისკი.

 

4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ შ----- დ-----–-----–--ს უკვე მოხდილი აქვს ის სასჯელი, რომლის გამოც თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები ითხოვენ მის გადაცემას, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალებით დასტურდება, თურქეთის რესპუბლიკაში ტრაპიზონის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით შ----- დ-----–-----–--ს შესაბამის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი აქვს 10 წლითა და 259 დღით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. ასევე უსაფუძვლოა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისა და მისი ადვოკატების პოზიცია, რომ შ----- დ-----–-----–--ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში დაირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა და იგი გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, ამასთანავე, მის სიცოცხლეს შესაძლოა, დაემუქროს საფრთხე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ექსტრადიცია დაუშვებელია, თუ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ პირი ექსტრადიციის შემთხვევაში დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას, ან არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის „რეალური საფრთხე“ („სოერინგი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Soering v. the United Kingdom), # 14038/88, § 88-91, 07.07.1989; „ვილვარაჯა და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Vilvarajah and others v. United Kingdom), # 13163/87 & 13164/87 &13165/87 & 13447/87 & 13448/87, 30.10.1991). ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს ეკისრება ტვირთი, წარადგინოს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს არსებითი საფუძვლების არსებობას ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობასა და დევნას. ხოლო სახელმწიფო, მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სახით, ვალდებულია, გაფანტოს ყველა ეჭვი, რაც დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეიქმნება („ჯ.კ. და სხვები შვედეთის წინააღმდეგ“ (J.K. and others v. Sweden) # 59166/12; § 91,96, 23.08.2016, „საადი იტალიის წინააღმდეგ“ (Saadi v. Italy) # 37201/06 , § 129, 28.02.2008).

 

7. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, ხოლო ბრალდების მხარემ ვერ მოიძია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ ფაქტს, რომ შ----- დ-----–-----–--ს სიცოცხლეს დაემუქრება საფრთხე, ან გახდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი. მხოლოდ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ზოგადი განცხადება, როდესაც იგი არ არის გამყარებული კონკრეტული მტკიცებულებებით და მისი მითითება ნეთიმ შენერის ნაშრომზე (წიგნი), რომელიც არ წარმოადგენს რაიმე სახის მტკიცებულებას, ვერ ჩაითვლება ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებად.

 

8. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შ----- დ-----–-----–--მ სასამართლოში გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლითაც შ----- დ-----–-----–--ს უარი ეთქვა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე განცხადების განხილვაზე, ამ მოთხოვნის დაყენების კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევის გამო, საკასაციო სხდომაზე პროკურორმა წარმოადგინა ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შ----- დ-----–-----–--ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამასთანავე, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევასა და შ----- დ-----–-----–--ს ექსტრადიციის დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან არსებული საერთაშორისო პრაქტიკისა და ნორმების თანახმად, ის ფაქტი, რომ პირი არის თავშესაფრის მაძიებელი, კრძალავს მხოლოდ მის ფაქტობრივ გადაცემას და არ გამორიცხავს პარალელურ რეჟიმში პირის ექსტრადიციის დასაშვებობასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულებას.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო - სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი შ----- დ-----–-----–--ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლის სამართლის პროცესის წარმოების მიზნით, თურქეთის რესპუბლიკის ტრაპიზონის პირველი მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენში აღწერილი ქმედებებისათვის, რომლებიც დასჯადია თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის N5237 კოდექსის 235-ე მუხლის პირველი ნაწილით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება, 3 ეპიზოდი) და 235-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ ტენდერებზე უკანონო ზემოქმედების განხორციელება, რასაც არ მოჰყოლია არსებითი ზიანი), კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - შ----- დ-----–-----–--სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ----- ა------სა და ზ------ მ-----–-–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე