განჩინება

სისხლის სამართლის 18.10.2018
საქმის ნომერი
010141318700058752
თარიღი
18.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058752

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №272აპ-18 ქ. თბილისი

ა--------- ბ----, 272აპ-18 30 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- თ--–------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---- ა--------ს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ---- ა--------მა გ---------ს რაიონის სოფელ ნ-------–--ს ცენტრში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის ყელში დარტყმით განზრახ მოკლა ჩ------ ო----------.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით:

 

ბ---- ა---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქარათველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლზე.

 

ბ---- ა---------, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ბ---- ა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

 

3. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ---- ა--------მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 22 თებერვალს, დაახლოებით 01:00 საათზე, ბ---- ა--------მა გ---------ს რაიონის, სოფელ ნ-------–--ს ცენტრში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის ყელში დარტყმით, ჩაიდინა ჩ------ ო----------ს განზრახ მკვლელობის მცდელობა.

 

4. აპელანტის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ------- თ--–------მ საჩივრით ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი გამართლება შერაცხულ ბრალდებაში.

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ საჩივრით ითხოვა ბ---- ა---------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მითითებული მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის შეფარდება.

 

5. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- თ--–------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლევან ჯალაღანიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:

ბ---- ა--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 22 თებერვლიდან.

 

6. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ------- თ--–------მ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობას შერაცხულ ბრალდებაში.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო პალატა კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოკვლეული უტყუარი, ერთმანეთთან თანხვდენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ა----–--- ო----------ს, ი-–--- ო----------ს, ა---- ი-----ს, ა------– გ-------ს, რ---- ნ------ს, მ----- მ-------ს, ა----------- ნ--------ს, კ----- კ----------ს ჩვენებებით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებითა და დათვალიერების ოქმებით. ამასთან, მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. N424აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

10. დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული ბ---- ა--------- მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს: სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ განაჩენში ამომწურავად იმსჯელა ამ საკითხზე და მიუთითა, რომ იმ დროს, როდესაც ბ---- ა--------მა დანა დაარტყა დაზარალებულ ჩ------ ო---------ს, არ იმყოფებოდა მოგერიების მდგომარეობაში, დაზარალებულის ქმედებით მას არ ემუქრებოდა საფრთხე და, შესაბამისად, ვერ გაუჩნდებოდა თავდაცვის სურვილი, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ბ---- ა---------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------- თ--–------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე