განჩინება

სისხლის სამართლის 15.10.2018
საქმის ნომერი
160100117002150732
თარიღი
15.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100117002150732

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№236აპ-18 ქ. თბილისი

ა------–---ი ნ----, 236აპ-18 15 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენზე მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ელიზბარ გოგრიჭიანის საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ---- ა------–---ს, – დაბადებულს 1978 წლის 15 მაისს, ნასამართლობის არმქონეს, – ბრალი დაედო ოჯახში ჩადენილ ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117–ე, 118–ე და 120–ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

§ 2017 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ--------–ის რაიონის სოფელ ჯ-------ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ---- ა------–---მა არასრულწლოვანი შვილის – 2----–-–-------------------------– რ---- ა------–---ის თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა მეუღლეს – რ------ მ----------ას, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 იანვრის განაჩენით ნ---- ა------–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო. გამართლებულ ნ---- ა------–---ს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 23 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ელიზბარ გოგრიჭიანი ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, ნ---- ა------–---ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.

 

6. გამართლებულ ნ---- ა------–---ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ-------- ნ-–--–-–---–ი წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს, დაუშვებლად იქნეს ცნობილი პროკურორის საკასაციო საჩივარი და გამამართლებელი განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

 

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

 

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

 

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

 

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

 

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

 

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

9. საკასაციო საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ დაზარალებულმა რ------ მ----------ამ და არასრულწლოვანმა, მოწმე რ---- ა------–---მა სასამართლოში საქმის განხილვის დროს უარი თქვეს ჩვენების მიცემაზე. ასეთ სიტუაციაში, როდესაც საქმეშია ერთადერთი მტკიცებულება – 2017 წლის 26 ოქტომბრის №0-------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სახით, სხვა მტკიცებულება კი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ორივე ინსტანციის სასამართლომ ეჭვი სავსებით კანონიერად და სამართლიანად გადაწყვიტა ბრალდებულის სასიკეთოდ და ნ---- ა------–---ის მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი, რომლის გაუქმების საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.

 

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ--------–ის რაიონული პროკურატურის პროკურორ ელიზბარ გოგრიჭიანის საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე