განჩინება

სისხლის სამართლის 16.10.2018
საქმის ნომერი
020100117001887801
თარიღი
16.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100117001887801

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№243აპ-18 ქ. თბილისი

ს------ რ-----, 243აპ-18 16 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განაჩენით რ----- ს------, – დ----------–--------–-–---------------- ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განაჩენით აღნიშნული განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ს------ს ბრალი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2016 წლის 11 ნოემბერს, დაახლოებით 09:30 საათზე, ფ----ში, ლ---–--ასა და ჭ---------ას ქუჩების გადაკვეთაზე, ჭ---------ას ქუჩაზე, რ---------–ის რკალის მიმართულებით, „ბმვ-ს“ მარკის, სახ. №H------, ავტომობილით მოძრავმა რ----- ს------მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, ყოველგვარი ხელისშემშლელი პირობების გარეშე დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36.4 (გ) მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, გზაჯვარედინზე არ დაუთმო გზა მარჯვნიდან მომავალ სატრანსპორტო საშუალებას და შეუჩერებლივ შევიდა გზაჯვარედინზე, რა დროსაც ავტომობილით, რომელსაც თვითონ მართავდა, შეეჯახა მარჯვენა მხრიდან – ლ---–--ას ქუჩაზე, კ-------ას ქუჩის მიმართულებით მოძრავ „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომანქანას, სახ. №S------, რომელსაც მართავდა ზ------ ბ------ და რომელმაც, თავის მხრივ, ასევე ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვა, გზაჯვარედინზე შესვლამდე არ დაემორჩილა საგზაო ნიშანს „სდექ“ და შეუჩერებლად გააგრძელა სვლა გზაჯვარედინისაკენ, რასაც მოჰყვა შეჯახება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად „ოპელ ვექტრას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა ზ------ ბ------მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ლიკა ბულიამ. მან ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, რ----- ს------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები სააპელაციო პალატამ სრულად, ობიექტურად შეაფასა და მიიღო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში უტყუარად ვერ დადგინდა, თუ რა ვითარებაში მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ზ------ ბ------მ – ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს თუ შემთხვევამდე 15 დღით ადრე, როგორც განმარტა თავად ზ. ბ------მ.

 

8. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, განაჩენი მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს, ხოლო ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. მოცემული საკანონმდებლო დანაწესის მიზანს ფაქტობრივი გარემოებების მტკიცებულებებით გაუმყარებლობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების გამორიცხვა წარმოადგენს. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის სახელმძღვანელო მტკიცებულებით სტანდარტს წარმოადგენს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას; ხოლო ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.“ ამდენად, ზემოაღნიშნულ ნორმათა მოთხოვნების შესაბამისად, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არ ემყარება უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც, თავის მხრივ, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით დაადასტურებდა რ----- ს------ს მიერ დანაშაულის ჩადენას.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. პროკურორ ლიკა ბულიას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე