განჩინება

სისხლის სამართლის 17.10.2018
საქმის ნომერი
010100117002134529
თარიღი
17.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100117002134529

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№286აპ-18 ქ. თბილისი

გ---–-----ი ლ-–-, 286აპ-18 17 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ბულბული მჟავანაძისა და მსჯავრდებულ ლ-–- გ---–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 27 ნოემბრის განაჩენით ლ-–- გ---–-----ი, – დ----------–-------–--–ს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2017 წლის 16 სექტემბრიდან; მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ-–- გ---–-----მა ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:

 

· 2017 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქ------–---–ი, დ----- ა----–-----–ის გამზირის №----ის წინ, „სუბარუს“ მარკის ავტომანქანის (სახ. №---------) მართვისას ლ-–- გ---–-----მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და შეეჯახა ქვეით ზ------ ბ--–--–---–ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.

 

6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ბულბული მჟავანაძე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ლ-–- გ---–-----ისათვის საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის განსაზღვრას.

 

7. საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ლ-–- გ---–-----ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ----- ჯ--------ე ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ლ-–- გ---–-----ისათვის შეფარდებული სასჯელის შემცირებას მინიმუმამდე და საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 1/3-ის პირობითად ჩათვლას იმ მოტივით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; ითანამშრომლა გამოძიებასთან; გამოხატა სურვილი, დაზარალებული მხარისათვის სოლიდური თანხით აენაზღაურებინა ზიანი, რაზეც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

9. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

10. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ლ-–- გ---–-----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ასევე – უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სქემითა და ფოტოცხრილით, ავტოტექნიკური ექსპერტიზის 2017 წლის 16 სექტემბრის №575/ა დასკვნით, სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 11 ოქტომბრის №--------- დასკვნით, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2017 წლის 16 ოქტომბრის №-------- დასკვნით, მოწმეების – ს------- ჯ------–-–---–ის, ნ----- კ---------ის, ა---- ბ--–--–---–ისა და სხვათა ჩვენებებით.

 

11. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელის ზომას, სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც ჩადენილი ქმედების სახე, სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე – საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მსჯავრდებულ ლ-–- გ---–-----ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი. შესაბამისად, არ არსებობს მისი დამძიმების ან შემსუბუქების საფუძველი.

 

12. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის მნიშვნელოვანი სამართლებრივი და საპროცესო დარღვევებით განხილვის ფაქტი (რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე) წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს და ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. პროკურორ ბულბული მჟავანაძისა და მსჯავრდებულ ლ-–- გ---–-----ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ----- ჯ--------ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე