განჩინება

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
010141318700059225
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700059225

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №282აპ-18 ქ. თბილისი

გ---–--–---–ი ბ------, 282აპ-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ------ გ---–--–---–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით ბ------ გ---–--–---–ი, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2017 წლის 10 აგვისტოდან.

 

განაჩენით მსჯავრდებულ ბ------ გ---–--–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 თებერვლის განაჩენით ბ------ გ---–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 28 ივნისის განაჩენით - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

 

2017 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 20:45 საათზე, ქ.თ---–--–ი, გ---------ს გზატკეცილის პირველი ჩიხის მახლობლად არსებულ N---- სარკინიგზო ბოძის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანით შეიარაღებული ბ------ გ---–--–---–ი თავს დაესხა ნ---- ჯ-----–---–ს, რომელსაც სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვა საფულე. ნ---- ჯ-----–---–მა მას გაუწია წინააღმდეგობა. წინააღმდეგობის გაწევისას ბ------ გ---–--–---–მა წააქცია ნ---- ჯ-----–---–ი და ზურგის მიდამოში დანით მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა, რის შემდეგაც შეამოწმა მისი ხელჩანთა, რომელშიც თავისთვის ფასეული ნივთი ვერ ნახა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ------ გ---–--–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ---- ჯ-----–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა სასჯელის შემსუბუქებას.

 

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის დარჩა უცვლელად.

 

4. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 მარტის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ბ------ გ---–--–---–მა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული განაჩენს ასაჩივრებს მისთვის სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ბ------ გ---–--–---–ს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და არ არღვევს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნას, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

 

8. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, მსჯავრდებულ ბ------ გ---–--–---–ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ბ------ გ---–--–---–ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე