განჩინება

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100116001313903
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001313903

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №280აპ-18 ქ. თბილისი

ლ-----–--ა რ-----, 280აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენზე თბილისის პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ბრალდების არსი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ----- ლ-----–--ას ბრალი დაედო სხვისი ნივთის დაზიანებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ----- ლ-----–--ა იმყოფებოდა თ---–--–ი, პ-----ს ქუჩა #---ში მდებარე სამორინე ,,ლ--------–ი“. ელექტროპნევმატურ მბრუნავ ბორბალზე ე.წ. ,,რულეტკაზე“ თამაშისას, თანხის წაგებით გაბრაზებულმა, დააზიანა სათამაშო აპარატის ტერმინალის სენსორული მინის ეკრანის ზედაპირი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:

რ----- ლ-----–--ას მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.

რ----- ლ-----–--ა, - დაბადებული 1--- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენით რ----- ლ-----–--ას მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის დაზიანებაში გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 21:30 საათზე, რ----- ლ-----–--ა იმყოფებოდა თ---–--–ი, პ-----ს ქუჩა #---ში მდებარე სამორინე ,,ლ--------–ი“, ელექტროპნევმატურ მბრუნავ ბორბალზე ე.წ. ,,რულეტკაზე“ თამაშისას, თანხის წაგებით გაბრაზებულმა, გაუფრთხილებლობით დააზიანა სათამაშო აპარატის ტერმინალის სენსორული მინის ეკრანის ზედაპირი, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 800 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ----- ლ-----–--ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 19 მარტის განაჩენი გაასაჩივრა პროკურორმა გიორგი ქობულაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: რ----- ლ-----–--ას დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ადასტურებს რ----- ლ-----–--ას მიერ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა რ----- ლ-----–--ას ქმედების საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან სსკ-ის 188-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე გადაკვალიფიცირება. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება.

 

9. ამრიგად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. თბილისის პროკურატურის ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე