განჩინება

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
010141318700058808
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700058808

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№252აპ-18 ქ. თბილისი

ხ------------ი ვ------ნ, 252აპ-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენზე ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით ვ------ნ ხ------------ი, – დ----------–-------–-–----------------, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე აქვს უფლება, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღურება.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ------ნ ხ------------ს ბრალად ედებოდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, ე.ი. სხეულის დაზიანების მიყენება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2009 წლის 24 მაისს მ----–---–ის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნასვამ ა-–---------- კ--–----------სა და ვ------ნ ხ------------ს შორის მოხდა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც განმუხტეს იქვე მყოფმა მცხოვრებლებმა. მეორე დღეს, 25 მაისს, ა-–---------- კ--–----------მა გადაწყვიტა, კვლავ მიეღო ალკოჰოლური სასმელი, რისთვისაც სახლთან მდებარე სასურსათო მაღაზიაში შეიძინა ერთი ბოთლი არაყი. სახლში დაბრუნებისას მას შეხვდა მეზობლად მცხოვრები თ----- შ--------ი, ვისთან ერთადაც დალია შეძენილი სასმელი, რომლის ამოწურვის შემდეგ თ. შ--------ი გავიდა ეზოდან, ა. კ--–----------ი კი დარჩა და ამ დროს მასთან მივიდა მეზობლად მცხოვრები ვ------ნ ხ------------ი, რომელთანაც წინა დღეს მოუხდა უთანხმოება. სტუმარმა ა. კ--–----------ს წინა დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაუწყო კამათი, რაზეც ამ უკანასკნელმა სთხოვა ეზოდან ქუჩაში გადანაცვლება. ქუჩაში გასვლისას, სადაც გაგრძელდა მათ შორის კამათი, ვ------ნ ხ------------მა საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის საფუძველზე, ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, თანნაქონი დანა დაარტყა ა-–---------- კ--–----------ს მუცლის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა-–---------- კ--–----------ისათვის ვ------ნ ხ------------ის მიერ მიყენებული დაზიანება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, განეკუთვნება მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ია ყიფიანი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და ვ------ნ ხ------------ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილ ბრალდებაში იმ მოტივით, რომ, მართალია, დაზარალებული გარდაცვლილია, მაგრამ მოწმეებმა – მ------ და ე-- კ--–----------ებმა – მისგან იცოდნენ დამნაშავის ვინაობა, ამიტომ მათი ჩვენებები არაპირდაპირ მტკიცებულებებად არ უნდა ჩაითვალოს.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატას ასევე მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და კანონიერად მიიჩნია, რომ ვ------ნ ხ------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით, ვინაიდან ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებული გარდაცვლილია, ხოლო მოწმეებმა სწორედ მისგან გაიგეს დამნაშავის ვინაობის შესახებ და ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლებელია, ამასთან, საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი .

 

9. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე