განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001243475
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№260აპ-18 ქ. თბილისი
დ---–-------- ხ----, 260აპ-18 29 ოქტომბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ---- დ---–--------ს, – დაბადებულს 1----–--–ს, – ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ხ---- დ---–--------მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, ინახავდა და ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს – სროლისათვის ვარგის, ქარხნული წესით დამზადებულ, 9 მმ ნომინალური კალიბრის „GOLD STAR-2002“ მოდელის №80628 პისტოლეტს, რაც 2016 წლის 19 იანვარს პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ბ------–ი, ს------ის ქ. №------------ში ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენით ხ---- დ---–-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 2016 წლის 19 იანვრიდან იმავე წლის 21 იანვრის ჩათვლით.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ირაკლი დონდოლაძე საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის განაჩენის ნაწილობრივ გაუქმებას, ხ---- დ---–-------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის მოტივაციას ხ---- დ---–-------ის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც დადასტურდებოდა ხ---- დ---–-------ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტი. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის პროკურორ ირაკლი დონდოლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე