განჩინება

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
010100218700050647
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100218700050647

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №363აპ-18 ქ. თბილისი

ჯ---–------ ა------, 363აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა------ ჯ---–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- გ--------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენით ა------ ჯ---–------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ა------ ჯ---–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 7 ნოემბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენით ა------ ჯ---–-----ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 6 ნოემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, გ-----ს რაიონის სოფელ რ---ში ა------ ჯ---–-----მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფიდან გასროლებით განზრახ მოკლა ზვიად ქარელიშვილი.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, სასჯელის დამძიმების კუთხით.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაციის განსაზღვრა (კონკრეტული მუხლის მითითების გარეშე) ფსიქოლოგიური ექსპერტიზის გათვალისწინებით, ხოლო, თუ მსჯავრდებულის მიმართ არ დადგებოდა გამამართლებელი განაჩენი, მაშინ კონკრეტული მუხლის სანქციით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელის შეფარდება.

 

სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტა, რომ მსჯავრდებული აღიარებდა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ განზრახ მკვლელობის ჩადენას, თუმცა მას პირდაპირი განზრახვა არ ჰქონია, მოქმედებდა არაპირდაპირი განზრახვით და მოითხოვა მხოლოდ სასჯელის შემსუბუქება.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა------ ჯ---–------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ---- გ-------მა. კასატორი საჩივრით ითხოვს ა------ ჯ---–------ს გამართლებას შერაცხულ ბრალდებაში, ვინაიდან, დაცვის მხარის მოსაზრებით, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

 

9. პალატა აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. სააპელაციო სასამართლომ ნათლად დაასაბუთა ის მოტივები, თუ რატომ მიიჩნია დადასტურებულად, რომ მსჯავრდებულმა ა------ ჯ---–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. ამასთან, მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. N424აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ა------ ჯ---–------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---- გ--------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე