განჩინება

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
010141318700060750
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700060750

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №351აპ-18 ქ. თბილისი

ი----- რ----, 351აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ რ---- ი-----ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით:

 

რ---- ი-----, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 2 აპრილიდან.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით რ---- ი----ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2015 წლის 28 დეკემბერს, დაახლოებით 14.00 საათზე, თ---–--–-------------------–-–----------–----------–---–------–--––-----------–-----------------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე, რ---- ი----მა ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, ფ------- ა--------ს დანის გამოყენებით მიაყენა მარცხენა თეძოს ფოსოში და მარცხენა საზარდულის იოგას ზედა ნაწილის შუა მესამედში, მუცლის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის საშიში ჭრილობები, რამაც სიგმური ნაწლავის ქვედა მესამედის გვერდითი კედლის, სიგმური ნაწლავის ჯორჯლის, სიგმური ნაწლავის არტერიის ტოტისა და ასევე მუცლის მარჯვენა მხარეს მდებარე აღმავალი კოლინჯის წინა კედლის, კერძოდ: სეროზული კუნთოვანი გარსის დაზიანება და ნაწლავის კედელში დიდი ჰემატომა – სისხლჩაქცევა გამოიწვია.

 

აღნიშნულის შემდეგ რ---- ი----- მეგობარ ა---- თ-------------ს დახმარებით, რომელიც შეესწრო მომხდარ ფაქტს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა---- თ------------მა ავტომანქანით, რომელსაც თავად მართავდა, რ---- ი----- მიიყვანა საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე, საიდანაც მან დატოვა საქართველოს ტერიტორია.

 

მიყენებული დაზიანებების შედეგად 2015 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 04.00 საათზე, სამედიცინო კლინიკა „მედჯორჯიაში“ ფ------- ა--------ი გარდაიცვალა.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---- ი----მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამართლება შერაცხულ ბრალდებაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 18 აპრილის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ---- ი----მა. კასატორი ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მის გამართლებას შერაცხულ ბრალდებაში; ან თუ სასამართლო მიიჩნევს, ცვლილების შეტანას ქმედების კვალიფიკაციის ნაწილში.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისთვის იხ. N424აპ-16) და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

 

8. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს მსჯავრდებულ რ---- ი-----ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის თაობაზე და მიაჩნია, რომ აღნიშნული დადასტურებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერთმანეთთან თანხვდენილი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით. სააპელაციო პალატამ რ---- ი-----ს ქმედება სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ნათლად დაასაბუთა ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს.

 

9. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ რ---- ი-----ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე