განჩინება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100117001868275
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№247აპ-18 ქ. თბილისი
გ----------–---–- გ----, 247აპ-18 2 ნოემბერი, 2018 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 4 ოქტომბრის განაჩენით გ---- გ----------–---–-, –-------------–-------–-–-------------------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და სსკ-ის 19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში. გ---- გ----------–---–-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. გ. გ----------–---–ს განემარტა, რომ მას აქვს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: 2017 წლის 8 ან 9 თებერვალს (ზუსტი რიცხვი დაუდგენელია), მთვრალმა გ---- გ----------–---–მა ბ------ში, ტ---ს ქუჩის N---ში მდებარე სასტუმროში მიაკითხა ყოფილ მეუღლეს ნ--- ტ------–ს, რომელსაც მისივე სამუშაო ოთახში მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა; აღნიშნულის შემდეგ გ. გ----------–---–მა რამდენჯერმე დაარტყა ხელი ნ. ტ------–ს და მიაყენა მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, რა დროსაც ნ. ტ------–მა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
გ---- გ----------–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა დაუდგენელი მარკისა და მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და ამ იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - ოთხი ვაზნა, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა პირადად და 2017 წლის 12 თებერვალს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დ-------ს ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა; აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მან გ-- კ--–----ას განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩაიდინა.
2017 წლის 12 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, გ---- გ----------–---–- განაწყენებული გ-- კ--–----აზე, ოზურგეთის მუნიციპალიტის სოფელ დ-------ში შეხვდა მას, რა დროსაც განზრახ მოკვლის მიზნით მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში - გულმკერდის მარჯვენა ნახევარში ქვედა მესამედში, მარცხენა წინამხრის შუა მესამედში, მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის არეში, მარცხნივ თეძოს მიდამოში უკანა აქსელარულ ხაზზე, ღვიძლის, კუჭის, მლივი ნაწლავის, განივი კოლინჯის ჯორჯლის დაზიანებით, მარცხენა ბარძაყის ძვლის ღია ნამსხვროვანი მოტეხილობა დიაფიზის ზემო მესამედში ცდომით. გ---- გ----------–---–მა ჩათვალა რა, რომ თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების გამო გ-- კ--–----ა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ცოცხალი გადარჩა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.
5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გ---- გ----------–---–-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას მისთვის ბრალადწარდგენილ ყველა ქმედებაში. კასატორის მითითებით, ნ. ტ------–ის განმარტება, რომ მას ხელით იჭერდა გ---- გ----------–---–- არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულ ნ. ტ------–ს ნამდვილად გააჩნდა დაზიანებები.
6. კასატორი აგრეთვე უთითებს, რომ გ-- კ--–----ას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი დადასტურებულია მისი ავადმყოფობის ისტორიით. დაზიანებები დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. ხ--------- დ-------–---–მა ფოტოსურათით ამოცნობის დროს ამოიცნო გ---- გ----------–---–- და განმარტა, რომ დაზიანება გ. კ--–----ას მან მიაყენა.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი გ. გ----------–---–-ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებიდან არც ერთი, პირდაპირი სახით არ ადასტურებს, რომ ნ. ტ------–ს სხეულზე ფიზიკური დაზიანებები უშუალოდ გ. გ----------–---–მა მიაყენა. თავად დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე უარყო ბრალდებულის მხრიდან მასზე ფიზიკური ან/და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ხოლო დაზარალებულის დამ - ლ. ს---------ემ განმარტა, რომ ნ. ტ------–ისა და გ. გ----------–---–-ს კონფლიქტთან დაკავშირებით არაფერი იცის.
10. რაც შეეხება სსკ-ის 19.108-ე მუხლსა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არც ერთი მოწმის ჩვენებით დადგენილი არ არის, რომ გ. გ----------–---–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა გ. კ--–----ას. თავად დაზარალებული არ უთითებს, რომ მას გ. გ----------–---–მა ესროლა, ხოლო ხ--------- დ-------–---–მა კი განმარტა, რომ ბრალდებულს არ იცნობდა და არც ის იცოდა თუ ვინ ესროლა გ-- კ--–----ას.
11. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილის მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
პ. ქათამაძე