განჩინება

სისხლის სამართლის 06.11.2018
საქმის ნომერი
010141318700061136
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061136

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №336აპ-18 ქ. თბილისი

ო-------------- შ------, 336აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ შ------ ო--------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------- მ-------ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენით:

 

შ------ ო--------------, - დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 28 ოქტომბრიდან.

 

2. აღნიშნული განაჩენით შ------ ო-------------ს მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 28 ოქტომბერს, ღამის საათებში, ს----------ს რაიონის სოფელ თ---–---ში მდებარე საკუთარ სახლში მისულმა შ------ ო-------------მა დაინახა ბ--------- ე-----------, რომელიც ფიზიკურად ძალადობდა დედამისზე - რ--- ო-------------აზე. განაწყენებულმა შ------ ო-------------მა ბ--------- ე----------ს განზრახ მოკვლის მიზნით დანის გამოყენებით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

 

3. აპელანტის მოთხოვნა:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ------ ო--------------ს ინტერესების დამცველმა ადოკატებმა. აპელანტებმა მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და შ------ ო--------------ს უდანაშაულოდ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.

 

სააპელაციო სხდომაზე დაცვის მხარემ დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა შ------ ო--------------ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით, რადგან, მათი მოსაზრებით, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

 

4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენით ცვლილება შევიდა თელავის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 ივნისის განაჩენის სასჯელის ნაწილში, კერძოდ:

 

შ------ ო-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2016 წლის 28 ოქტომბრიდან.

 

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ------ ო--------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ფ------- მ------მა. კასატორი საჩივრით ითხოვს შ------ ო--------------ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლით დაკვალიფიცირებას, რადგან მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში. იგი მოითხოვს მისთვის მინიმალური სასჯელის შეფარდებას.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რის საფუძველზეც შ------ ო-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რის შესაბამისადაც მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს. ამასთან, მსგავს საქმეებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. N424აპ-16), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რაიმე ისეთი გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო პალატის პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ შ------ ო--------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ფ------- მ-------ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე