განჩინება

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
050100116001241994
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 050100116001241994

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№2-1აპ-18 ქ. თბილისი

შ----- ა------, 2-1აპ-18 7 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენზე ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძისა და მსჯავრდებულების - ა------ შ----ისა და გ------ შ----ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენით:

 

ა------ შ----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა,” ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ა------ შ-----, --------------–-------–-–------------------ ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.

 

ა------ შ-----ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2015 წლის 2 ოქტომბრიდან იმავე წლის 5 ოქტომბრამდე – გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

გ------ შ----ის ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა,” ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ------ შ----- --------------–-------–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.

 

გ------ შ-----ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის – 2015 წლის 1 ოქტომბრიდან იმავე წლის 5 ოქტომბრამდე – გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა სასჯელი და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

 

მსჯავრდებულების – ა------ შ----ისა და გ------ შ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდა. გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 12 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ე----- შ----ის (პირადი ნომერი: 3----------) საკუთრებაში არსებული, ო----------ის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი 2720,00 კვ.მ., შემდეგი სარეგისტრაციო მახასიათებლებით: სარეგისტრაციო ზონა – ო----------ი, კოდი - 2-, სექტორი – ნ---------–ი, კოდი 2-, კვარტალი - 2-, ნაკვეთი - 0--, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთ თვეში უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 სექტემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენით დარჩა უცვლ--–-დ.

 

3. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:

 

2015 წლის 1 ოქტომბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, ო----------ის რაიონის დაბა ნ---------–ში, ნ---------–ის საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ითხოვდნენ სკოლის დირექტორის – ს-------- გ--------ის დირექტორის თანამდებობაზე დაბრუნებას. აღნიშნული ცნობილი გახდა გ------ შ----ისათვის, რომელმაც მობილური ტელეფონით დაურეკა ძმას – ა------ შ-----ს და სთხოვა მასთან მისვლა. როდესაც ა------ შ----- მივიდა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და თავის ძმასთან – გ------ შ-----სთან ერთად დაინახა, რომ სკოლის არასრულწლოვანი მოსწავლეები და მათი მშობლები მოითხოვდნენ ს-------- გ--------ის სკოლის დირექტორად დაბრუნებას, აღნიშნულზე გ------ შ----- და ა------ შ----- წინასწარი შეთანხმებით დაუპირისპირდნენ იქ შეკრებილ საზოგადოებას, გამოხატეს მათ მიმართ აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოიჩინეს ძალადობა. ა------ შ-----მ აიღო ძალაყინი, ხოლო გ------ შ-----მ – ქვა და ძალადობის გამოყენებით დაუწყეს არასრულწლოვან ბავშვებს ცემა, რა დროსაც ა------ შ-----, გინებითა და შეურაცხყოფით, იქ შეკრებილი არასრულწლოვნების მიმართ იქნევდა ძალაყინს მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, ხოლო გ------ შ-----მ მის ხელთ არსებული ქვა თავში დაარტყა ნ--------------ეს, რომელმაც მიიღო დაზიანება. ადგილზე შეკრებილმა მშობლებმა, მასწავლებლებმა და ო----------ის მუნიციპალიტეტის დაბა ნ---------–ში გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწემ – დ----- ტ-----ემ გ------ შ-----სა და ა------ შ-----ს მოუწოდეს, შეეწყვიტათ ხულიგნური მოქმედება და გაჩერებულიყვნენ, მაგრამ მიუხედავად მოწოდებისა, გ------ შ----- აგრძელებდა ქვების სროლას, ხოლო ა------ შ----- ძალაყინს უქნევდა იქ შეკრებილ არასრულწლოვნებს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს ნ--- შ-----მ, ლ--- ი------ემ, მ--- ვ----ემ, რ----- ბ-----ემ, მ----- ი------ემ, ზ----- მ--–--ემ და ჯ----– მ---–--ემ. ა------ და გ------ შ-----ების ხულიგნური ქმედება გრძელდებოდა დაახლოებით 10-15 წუთს, რაც აღკვეთეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ა------ შ----ისა და გ------ შ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა,” ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით დამნაშავედ ცნობას და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული სასჯელის განსაზღვრას. კასატორის მითითებით, დაზარალებულებმა მიუთითეს, რომ დაზიანებები მათ გ------ შ-----მ და ა------ შ-----მ მიაყენეს, რაც აგრეთვე დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით; გ------ შ----- დაუკავშირდა მობილური ტელეფონით ა------ შ-----ს, რომელიც დარეკვიდან რამდენიმე ხანში შემთხვევის ადგილზე მივიდა; მ----- ი------ემ და დ----- ტ-----ემ განმარტეს, რომ ისინი მოუწოდებდნენ ა------ და გ------ შ-----ებს, შეეწყვიტათ ხულიგნური ქმედება და გარიდებოდნენ შემთხვევის ადგილს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, მ----- ი------ეს ა------ შ-----მ რკინის ნაჭრით სახეზე დაზიანება მიაყენა, ხოლო მას შემდეგ, რაც მ----- ი------ემ ხელიდან წაართვა ა------ს რკინის მასიური საგანი, გ------ შ-----სთან ერთად კვლავ შეეცადა მ----- ი------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას; დ----- ტ-----ეს კი, რომელიც ასევე ცდილობდა ა------ და გ------ შ-----ების დამშვიდებას, მოუქნიეს ფეხი და დაემუქრნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით.

 

5. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულები - გ------ შ----- და ა------ შ----- ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. სასამართლომ განაჩენში მიუთითა იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც იყო ურთიერთგამომრიცხავი; სასამართლომ აგრეთვე არ შეაფასა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ა------ შ-----ს აღენიშნებოდა: ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ჭრილობები ცხვირზე; მას რამდენიმე თვის წინ ონკოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა; ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, თუ როგორ იძახის დ----- ტ-----ე რომ ბავშვების მასა იმატებდა და გ------ შ-----ს საფრთხე ემეუქრებოდა; გ------ი ამ დროს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და ელოდებოდა ბავშვებს, რათა გადაეყვანა ისინი სოფელში; გ------ შ-----მ ძმას დაურეკა და აცნობა რომ ემუქრებოდნენ, ხოლო შემდეგ კი დარეკა „112-ში“ და ითხოვა პოლიციის დახმარება; მ----- ი------ემ გ------ შ-----ს მუშტი დაარტყა ჯდომის დროს და ჩაუმტვრია კბილი.

 

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

 

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

 

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

 

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

 

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

 

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

 

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

 

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

8. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ა------ შ----ისა და გ------ შ----ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა,” ”ბ” ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილით ბრალად შერაცხული ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებებით (მათ შორის: ვიდეოჩანაწერებითა და მოწმეების - ლ--–- ვ----ის, ს-------- გ--------ის, ა---------– დ-----აძის, შ-----ი პ-----ისა და დ----- ტ-----ის ჩვენებებით) ა------ შ----ისა და გ------ შ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებების ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის განხორციელება უტყუარად არ დასტურდება.

 

9. რაც შეეხება ა------ შ----ისა და გ------ შ----ის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, საკასაციო პალატა ამ ნაწილში ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას. გამოკვეული მტკიცებულებებით (მათ შორის: მოწმეების - ნ--------------ის, მ----- ი------ისა და ჯ----– მ---–--ის ჩვენებებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით) საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ პირებთან ჩხუბით, გინებითა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით ჩაიდინეს ხულიგნობა (საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, აქციის მონაწილეების სხეულზე მიყენებული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დანაშაულის ჩადენის თარიღს.

 

10. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

 

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ჩხაიძისა და მსჯავრდებულების - ა------ შ----ისა და გ------ შ----ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე