განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210016001636759
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №330210016001636759

საქმე №ას-1449-2018 9 ნოემბერი, 2018 წელი

№ას-1449-2018 ქ------ე ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი-----–--- ქ------ე (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ---- ჯ--------ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. ი-----–--- ქ------ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ---- ჯ--------ას (შემდგომ – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ სესხის – 1400 აშშ დოლარისა და პროცენტის – 336 აშშ დოლარის გადახდის შესახებ.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 18 თებერვალს მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 1400 აშშ დოლარი 3 თვის ვადით თვეში 8% სარგებლის დარიცხვის პირობით, რაზეც მოპასუხემ შეადგინა ხელწერილი. მოპასუხეს თანხა უნდა დაებრუნებინა 2014 წლის 18 მაისს, რაც მან არ განახორციელა და მოსარჩელეს არც სესხის ძირი თანხა და არც სარგებელი არ გადაუხადა.

 

მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:

 

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მოსარჩელისათვის 9272, 52 ლარის დაკისრება.

4. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა სასესხო ურთიერთობა, რომლის გაქვითვის მიზნით, ისინი ზეპირი ფორმით შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელის ბინაში განახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს და ამის შემდგომ მათ შორის არსებული სასესხო ურთიერთობა შეწყდებოდა.

5. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის აპრილამდე მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში ჩაატარა სარემონტო სამუშაოები. მიუხედავად ამისა, მოსარჩელეს სასესხო ურთიერთობა არ შეუწყვეტია, რისი დასტურიცაა მის მიერ სასამართლოში სარჩელის წარდგენა და არც სარემონტო სამუშაოების ღირებულება აუნაზღაურებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1736 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1400 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი – 336 აშშ დოლარი, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების – 2677.95 ლარის ანაზღაურება, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

 

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

 

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვა ჩანიშნული იყო 2018 წლის 13 ივლისს, 11 საათზე, რის შესახებაც ორივე მხარეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით. აპელანტის ნაცვლად, 2018 წლის 4 ივლისს სატელეფონო შეტყობინება ჩაიბარა მისმა დედამ, ხოლო 2018 წლის 12 ივლისს, მოპასუხის ნაცვლად, – შვილმა. ოჯახის წევრებმა ვალდებულება იკისრეს, შეტყობინება გადაეცათ ადრესატებისათვის.

9. აღნიშნულის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა.

10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 372-ე მუხლით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

 

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

 

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

12. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტის დედა, რომელსაც სააპელაციო სასამართლოს სატელეფონო შეტყობინება ჩაბარდა, მხარესთან ერთად არ ცხოვრობს. შესაბამისად, აპელანტს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. საქმეში წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში მითითებული იყო მოსარჩელის სხვა ტელეფონის ნომერი, ასევე მისი წარმომადგენლის კოორდინატები, თუმცა სააპელაციო პალატას არცერთი მათგანის მეშვეობით მხარესთან ან წარმომადგენელთან დაკავშირება არ უცდია.

13. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სატელეფონო შეტყობინება ჩაბარდა პროცესამდე ერთი დღით ადრე, შესაბამისად, საქმის განხილვისათვის მომზადების გონივრული ვადა არ მიეცა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

16. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

18. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

19. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მოდავე მხარეები, რომელთაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდათ, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა სასამართლოს არ აცნობეს (სუსგ 13.04.2018წ. საქმე №ას-374-374-2018).

20. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1. მხარეებს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ეცნობოთ საქმის განხილვის შესახებ ინფორმაცია; 2. სასამართლო პროცესზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა; 3. მხარეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვა ჩანიშნული იყო 2018 წლის 13 ივლისს, 11 საათზე, რის შესახებაც ორივე მხარეს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით. აპელანტის ნაცვლად, 2018 წლის 4 ივლისს სატელეფონო შეტყობინება ჩაიბარა მისმა დედამ, ხოლო 2018 წლის 12 ივლისს, მოპასუხის ნაცვლად, – შვილმა. ოჯახის წევრებმა ვალდებულება იკისრეს, შეტყობინება გადაეცათ ადრესატებისათვის.

22. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას სასამართლო უწყება არ ჩაბარებია.

23. საქმის მასალებში წარმოდგენილი სატელეფონო აქტით დასტურდება, რომ მოსამართლის თანაშემწემ სააპელაციო საჩივარში მითითებულ აპელანტის მობილური ტელეფონის ნომერზე სცადა აპელანტთან დაკავშირება. მას უპასუხა აპელანტის დედამ, რომელსაც გადაეცა სასამართლო უწყების შინაარსი, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები და დაევალა შეტყობინების აპელანტისათვის გადაცემა (ტომი 2, ს.ფ. 15).

24. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის მიხედვით კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.

25. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები შეიძლება ჩაბარდეს მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. აღნიშნული დასაშვებია, როდესაც ადრესატი სასამართლო გზავნილის მიტანის მომენტში მის მიერ მითითებულ მისამართზე არ იმყოფება. ასეთ შემთხვევაში, მხარის ნაცვლად, სასამართლო გზავნილის მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება საპროცესო დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება (სუსგ 16.03.2017წ. საქმე №ას-193-182-2017).

26. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად კი, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

27. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შეტყობინება აპელანტის არყოფნისას ჩაბარდა მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს, დედას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ იგი კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა.

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უწყება უნდა ჩაებარებინა სასარჩელო განცხადებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, ან მხარის წარმომადგენლისათვის.

29. სააპელაციო სასამართლო სავსებით სწორად დაუკავშირდა აპელანტს მის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ ნომერზე, რადგან აღნიშნული მონაცემი წარმოადგენდა კონკრეტულად სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე სასამართლოსათვის მიწვდილ მხარის უფრო ახალ კოორდინატს.

30. რაც შეეხება მხარის წარმომადგენლისათვის სასამართლო უწყების ჩაბარებას, სასამართლო უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებით დაუკავშირდეს ან მხარეს ან მის წარმომადგენელს. შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტი სასამართლო უწყების უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

31. ასევე დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის აპელირება მოწინააღმდეგე მხარისათვის სასამართლო უწყების სხდომამდე ერთი დღით ადრე ჩაბარებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხეს არ მიეცა პროცესისათვის მომზადების გონივრული ვადა და ამით დაირღვა მხარის რაიმე უფლება, იგი უფლებამოსილია, თავად წარუდგინოს პრეტენზია სასამართლოს. მოსარჩელეს კი მითითებულ გარემოებაზე დავის კომპეტენცია არ გააჩნია. მით უფრო, როდესაც გასაჩივრებული განჩინების შედეგად ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია და, არსებობს პრეზუმფცია, რომ დაეთანხმა მის შინაარსს. შესაბამისად, მისი უფლებების დარღვევაზე მითითება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

32. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი-----–--- ქ------ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ბ. ალავიძე