განჩინება

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330802218002682945
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330802218002682945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

31I-18 თბილისი

მ---------- დ-----–, 31I-18 31 ოქტომბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა ქათამაძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - თემურ ცინდელიანის

ადვოკატ - გ--------- ჩ--------ის

ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ-----– მ----------ს

თარჯიმან - ნ-----–- გ------–--ის

მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ-----– მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------- ჩ--------ის საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. დ-----– მ----------ს მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები უ------ის რესპუბლიკაში:

 

2016 წლის 14 იანვარს, უ------ის ეროვნული პოლიციის მთავარმა საგამოძიებო სამმართველომ გამოიტანა შეტყობინება დ. მ----------ს მიმართ ეჭვის შესახებ, მის მიერ უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.

 

2016 წლის 22 იანვარს უ------ის ეროვნული პოლიციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს გადაწყვეტილებით დ. მ----------ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

2016 წლის 25 ივლისს უ------ის კ----ს პ-----ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დ. მ----------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

 

2016 წლის 7 ნოემბერს დ. მ----------ს მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის არხებით.

 

2. დ-----– მ----------ს მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები.

2018 წლის 4 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს უ------ის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ. მ----------.

 

2018 წლის 5 აპრილს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის განჩინებით დ. მ----------ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით.

 

2018 წლის 30 აპრილს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო დ. მ----------ს ექსტრადიციის თაობაზე უ------ის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი დანართი მასალა.

 

2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. მ----------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2018 წლის 4 ოქტომბრამდე.

 

2018 წლის 13 აგვისტოს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უ------ის კომპეტენტური ორგანოებიდან გამოითხოვა დამატებითი ინფორმაცია დ. მ----------ს ექსტრადიციასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო 2018 წლის 22 აგვისტოს.

 

2018 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლის განჩინებით დ. მ----------ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 9 თვემდე - 2019 წლის 4 იანვრამდე.

 

ამჟამად, დ. მ---------- მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

2014 წლის 28 ოქტომბერს, 17:45 საათზე, დ. მ---------- ,,Opel Vectra-ს” მარკის ავტომანქანით, რომელსაც თავად მართავდა, გადაადგილდებოდა კ----ს ოლქის ბოდიანსკის რაიონის სოფ. პ-----–--ას მახლობლად, კ---- - კოველის ავტომაგისტრალის 67-ე კმ.-ის მონაკვეთზე. ავტომანქანით გადაადგილების დროს დ. მ---------- ყურადღებით არ ადევნებდა თვალყურს საგზაო მოძრაობას და არ რეაგირებდა მის ცვლილებაზე. დ. მ---------- არ დარწმუნდა მოძრაობის მიმართულების შეცვლის უსაფრთხოებაში, რა დროსაც უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, ავტომანქანით გადავიდა შემხვედრ საგზაო ზოლში და შეეჯახა მისი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ, ,,Renault Kangoo”-ს მარკის ავტომანქანას, რომელსაც მართავდა ვ. კ--------. მიღებული ჯანმრთელობის მრავლობითი დაზიანებებით, ვ. კ-------- და მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტომანქანაში მყოფი 3 მგზავრი - ლ. კ--------, ს. კ-----–----- და მ. ჩ----------- ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ.

 

4. 2018 წლის 19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა დემეტრე ჯინჯოლიამ და ითხოვა დ-----– მ----------ს უ------ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დასაშვებად ცნობა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომელიც აღწერილია 2016 წლის 14 იანვრის ეჭვის შესახებ შეტყობინებაში და დასჯადია უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი დ-----– მ----------ს უ------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომელიც აღწერილია 2016 წლის 14 იანვრის ეჭვის შესახებ შეტყობინებაში და დასჯადია უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ--------- ჩ--------ი, საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას. კასატორის მითითებით, დ-----– მ----------, როგორც მოხალისე, აქტიურად მონაწილეობდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქში მიმდინარე საომარ მოქმედებებში; იგი ასევე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის აქტივისტია, რაც უ------ის რესპუბლიკის ცენტრალური ხელისუფლების მიერ მისი უკანონო დევნის საფუძველი გახდა. არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროს 2018 წლის 16 თებერვლის - 15 მაისის მოხსენებაში, მკაფიოდ არის მითითებული უ------აში საომარ მოქმედებებში მონაწილე პირთა მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ, რაც დღემდე გრძელდება; შესაბამისად, უ------აში ადამიანის უფლებები დაუცველია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა არგუმენტები და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვის, ორმაგი დასჯის აკრძალვისა და ხანდაზმულობის პრინციპები, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.

 

3. უ------ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დ-----– მ---------- საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს 2018 წლის 4 აპრილს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში დ. მ----------ს მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.

 

4. კასატორის მითითება - ექსტრადიციის შემთხვევაში დ. მ----------ს მიმართ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის თაობაზე (ვინაიდან, იგი უ------აში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და ოპოზიური პარტიის აქტივისტია) - არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან. კასატორმა ვერ დაასაბუთა, თუ დ. მ----------ს საქმესთან უშუალოდ რა კავშირი ჰქონდა უ------აში დასახელებულ ადამიანის უფლებების დარღვევებს. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სიტუაციის ზოგადი აღწერა არ არის საკმარისი და იგი საჭიროებს დამატებით დადასტურებას სხვა მტკიცებულებებით (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „მამათკულოვი და სხვები უ------ის წინააღმდეგ“ (Mamatkulov and Askarov v. Turkey), N46827/99, 46951/99, 04/02/2005, §72-73), კერძოდ: საქმეში უნდა არსებობდეს სპეციფიკური სამხილები, რომელთა საშუალებითაც დადგინდება, რომ მომჩივნის პირად მდგომარეობას (ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში) რაიმე სახის საშიშროება ემუქრება (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „შამაევი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ (Shamayev and Others v. Georgia and Russia), N36378/02, 12/04/2005, §352).

 

5. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, არ დგინდება ის გარემოებები, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - დ. მ----------ს მიმართ არ იქნება დაცული საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ადამიანის უფლებები. ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა და მისმა ადვოკატმა ვერ მიაწოდეს სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც მის მიმართ უ------ის რესპუბლიკაში რაიმე ნიშნით დევნის ეჭვს წარმოშობდა.

 

6. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ უ------ის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილია გარანტიები, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში დ. მ---------- ისარგებლებს უ------ის რესპუბლიკის კანონმდებლობითა და იმ საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული უფლებებით, რომელთა ხელმომწერიცაა უ------ის რესპუბლიკა. ამასთან, გარანტიის თანახმად, ექსტრადიცია არ ისახავს მიზნად დ. მ----------ს დევნას, მათ შორის პოლიტიკური მოტივით.

 

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღიარებს საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს, ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი დ-----– მ----------ს უ------ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით იმ დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რომელიც აღწერილია 2016 წლის 14 იანვრის ეჭვის შესახებ შეტყობინებაში და დასჯადია უ------ის სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) - კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – დ-----– მ----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ--------- ჩ--------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

 

ნ. სხირტლაძე