განჩინება

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100116001532776
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001532776

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№283აპ-18 ქ. თბილისი

კ--------ე გ----, 283აპ-18 9 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გ------- შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ გ---- კ--------ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 19 დეკემბრის განაჩენით გ---- კ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 7000 ლარი.

 

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ---- კ--------ემ ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლისაგან მალულად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 27 აგვისტოს შპს ,,საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით ესპანეთიდან გ---- კ--------ის სახელზე გადმოიგზავნა ამანათი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტროხელსაწყოები - მიქსერი და ტოსტერი, რაც გამოყენებული იყო სამალავად, კერძოდ, მათი დათვალიერების შედეგად მათში აღმოჩნდა დამალული სხვადასხვა სინჯის ოქროს ნაკეთობები: 750 სინჯის 7 ოქროს სამაჯური, 750 სინჯის 6 ოქროს კულონი, 750 სინჯის 5 ოქროს ყელსაბამი, 750 სინჯის 3 ოქროს ჯვარი, 750 სინჯის 3 ოქროს საყურე, 750 სინჯის 8 ოქროს ბეჭედი, 750 სინჯის ოქროს ჯართი, 585 სინჯის 4 ოქროს ბეჭედი, 585 სინჯის 1 ოქროს ყელსაბამი, 375 სინჯის 2 ოქროს კულონი და 585 სინჯის ოქროს ჯართი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ შეადგინა 208,51 გრამი, ხოლო საბაჟო ღირებულებამ - 14910,48 ლარი. 2016 წლის 1 სექტემბერს გ---- კ--------ემ საფოსტო გზავნილის მიღებისას უარყო საფოსტო გზავნილში დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის არსებობა და მიიღო მის სახელზე გამოგზავნილი ამანათი, რითაც სამალავით საქართველოს საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით - 14910,48 ლარის 208,51 გრამი ოქროს ნაკეთობები.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ---- კ--------ემ, რომელმაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, შემდეგ მოტივებზე მითითებით: ბრალდების მხარეს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ---- კ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენას, სასამართლოში არ წარუდგენია. უფრო მეტიც, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთი მტკიცებულებაც კი, იმის დასამტკიცებლად, რომ გ---- კ--------ისთვის ცნობილი იყო გზავნილში არსებული განსაბაჟებელი ნივთების შესახებ; ოქმი - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახურის მიერ გ---- კ--------ის სახელზე არსებული გზავნილის ,,საქართველოს ფოსტიდან“ ამოღების თაობაზე არ შედგენილა, რაც ამოღებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის საფუძველია; ამანათი თავად სამართალდამცველებმა ჩაიტანეს ქ. ქუ-----ში, შპს „ჯ------------------ს“ საამანათე ოფისში, ვინაიდან საქმეში არ არსებობს დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ ამანათი ,,საქართველოს ფოსტამ“ გადააგზავნა; ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა მოახდინეს მისი პროვოცირება; პირადობის მოწმობაზე მინაწერი გამომძიებლების მითითებით გააკეთა; არ არსებობს სათანადო წესით დანიშნული ექსპერტიზის დასკვნა; სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ყუთი, რითაც ამანათი გამოიგზავნა; სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმეების თანმიმდევრული ჩვენებები; დადგენილება პირის ბრალდების შესახებ არ არის რეგისტრირებული პროკურატურის ელექტრონულ ბაზაში, შესაბამისად, იგი პროკურორს არ შეუდგენია და ყალბია.

 

5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

 

6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

7. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გ---- კ--------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ის მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფენ ყოველ საქმეზე ობიექტური და სამართლიანი განაჩენის დადგენას. გ---- კ--------ის ბრალეულობა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით - მოწმეების: გ--- ფ---–--ის, თ-- ბ----------ის, გ------- ტ-------ის, გ---–- გ------–--ის, ი-–-- რ----–---–ის, ი-----–- ყ-------–---–ისა და მ------ ა------ის ჩვენებებით, ექსპერტიზის N0----- დასკვნით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, 2016 წლის 1 სექტემბრის დათვალიერების ოქმებითა და პირადობის მოწმობის ასლით.

 

9. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლებმა ამომწურავად იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში უთითებს მსჯავრდებული. რაც შეეხება გ---- კ--------ის განმარტებას პირის ბრალდების შესახებ დადგენილებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილება პირის ბრალდების შესახებ შედგენილია საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ხელმოწერილია პროკურორ ლევან მარშავას მიერ, შესაბამისად, მისი სიყალბე წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით დადასტურებული არ არის.

 

8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ გ---- კ--------ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

 

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე